Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთა რაობა და წარმოქმნილი მესამე მე, არარაობა...


ავტორი: დავით სხირტლაძე

კალმითა და რვეულით ხელში ჩაფიქრებული ჭერს მივშტერებოდი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე, თითქოს გლობუსს ვხედავდი, რომლის გარშემოც არნახული სისწრაფით დაქროდნენ პლანეტანი, მზე ამაყი ღიმილითგამოირჩეოდა სხვათაგან, მთვარეს კი შეშინებული სახე ქონდა , ის არ გავდა ისეთს, როგორსაც მე, ჩემი ოთახის ფანჯრის მინებიდან ვუმზერ ხოლმე. უცებ ცამ იქუხა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ჩავიძირე ფიქრთა ჭაობში. ვფიქრობდი რელიგიაზე, ოჯახზე, მომავალზე და თვით ამ ყველაფრის გამაერთიანებელზეც კი, იყო ადამიანი, ეს
დიდი გმირობაა და მაინც, ვინ ვართ ?! ვეკითხები საკუთარ მეს...

როგორი იქნებოდა სამყარო, ადამიანები ისეთები რომ დავრჩენილიყავით, როგორადაც მოვევლინეთ ამ წუთისოფელს და მაინც, ადამიანი ხომ გამაერთიანებელია სიკეთისა და ბოროტების, ღვთისა და ეშმაკის საერთო საცხოვრებელია, ამიტომ არ მიკვირს, მესა და მეს გაუთავებელი ქიშპობა და მუდმივი ბრძოლა, ბრძოლა სხეულის მესაკუთრეობისათვის, ეს ორი უკიდურესობა თითქოს აბალანსებს ერთმანეთს და მესამე, ნეიტრალურ მეს ქმნის, ისეთს როგორიც ყველა ვართ დღეს, არაფრის მქნელსა და გამკეთებელს, უგულოს, უსულოსა და უგრძნობს, რობოტად ქცეულ მასას.
ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხომ, სწორედ ასეთი მეს გამოხატულებით ვატარებთ, იშვიათად თუ ინათებს ხოლმე და რაიმე ფაქტით ან განდიდების წყურვილით შეპყრობილნი გადავიქცევით პირველ, ანუ თავდაპირველ მეთ, რომლის წყალობითაც ვაკეთებთ სიკეთეს, წამიერად ვიბრუნებთ იმ ფუნქციას, რისთვისაც შევქმნილვართ. გვაქვს შავი ლაქებიც, თუ საერთოდ, ეს მესამე მეც ლაქა არ არის, ავყვებით ამპარტავნებას, სიამაყეს, სხვა შაოსანთა ყიჟინას და ვიქცევით ურჩხულებად.

მაინც რამდენი რამ შეუძლია ამ ორ უკიდურესობას, რამდენი დაჭრილის განკურნება, რამდენის მეთა ბრძოლაში ჩაბმა და გამარჯვების მოტანა, თვითმარქვია მეპატრონეთა გაძევება და ნამდვილ ჭეშმარიტ მეთა დაბრუნება, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ძალიან შორს, სიკეთის სახეობანი ხომ რიცხვებს გვანან, ერთი, ორი, სამი და ასე გაგრძელდება უსასრულობამდე...

ოდესმე დაფიქრებულხართ, იქნებ ცხოვრება თავად სიკვდილია?! ცხოვრება მესამე მეთი, ანუ გაჭედილი სადღაც ზღვარზე, ყოფნასა და არყოფნას შორის, თუ არ ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, ანუ იმას, რისთვისაც მოვევლინეთ ამ ქვეყანას, თუ ვხედავთ, გამოცდაზე როგორ სძინავს სტუდენტს, რომელსაც მცირე დრო აქვს დავალების შესასრულებლად, ხოლო ბოლოს ზარის ხმით გამოღვიძებული, გამოფხიზლებასაც ვეღარ ასწრებს და ნატრულობს წამებს, რომ წლებს შორის, ის მცირე ტირე მაინც დაწეროს . შეგვეძლო, მაგრამ არ გავაღვიძეთ, არვიცი თქვენ როგორ გესმით, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, ვერ ვგრძნობ საათის წკაპებს, მის უდრეკ და დაუღალავ ხმასა და შრომისმოყვარეობას, აღარც ისარნი დასტრიალებენ ღერძს, შორიდან როგორ ლამაზი ჩანს, როგორი ძვირფასიც უნდა იყოს, ქონდეს ოქროს ან ლალითა და ფირუზის თვლებით მოქარგული სამაჯური, ის თავის როლს ვეღარ ითამაშებს, რომეო კი ჯულიეტას ადგილს ვერასოდეს დაიკავებს. როდესაც ნივთი ან ცოცხალი არსება თავის ფუნქციას კარგავს, მასში კვდება რაღაც და როგორც უნდა შეაკეთო, ის პირველად ფორმას ვერასოდეს დაიბრუნებს. სახლში ერთი ძველი საათი მაქვს, ბაბუის დანატოვარი, ლამაზი ნივთია და ჩემთვის ძვირფასი, მაგრამ გამოუსადეგარი, ზოგჯერ მივალ ავიღებ დავატრიალებ და მივაჩერდები ხოლმე, შევცქერი როგორ უბრუნდება ჭეშმარიტ ფუნქციას მცირე ხნით, მერე კი, უპატრონო ცეცხლივით ნელ-ნელა ქვრება და სულს ღაფავს, აღარ ისმის არც მისი საამური ხმათა ღაღადი და აღარც თვალები უნათებენ ისე მაცდურად. ჩვენი ცხოვრებაც სწორედ, გაფუჭებულ ლამაზ საათს წააგავს, საკუთარი ფუნქცია რომ დავიწყებია და სამაჯურის სიძვირით იწონებს თავს.
არვიცი როგორ გადმოვეცი ჩემი სათქმელი, მაგრამ ამით, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ის პირველი მე, რომლის წყალობითა და მეშვეობით დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, სხეულის შიგნიდან გაგვიგდია და ერთ ზედმეტ წამონაზარდად გვიქცევია, მტერი სახლში შემოვიპატიჟეთ, მოყვარეს კი ბოსელში ვაცხოვრებთ, ადამიანის ცხოვრება დანაღმულ უდაბნოს გავს, სადაც ყველა ნაღმს, წყლის დიდი გუბე ფარავს. ოდესმე ყოველი ჩვენგანი ხვდება, რომ იცხოვრო მესამე მეთი , ანუ იყო მხოლოდ ბალანსი სიკეთისა და ბოროტებისა არის ფერფლი, რომელსაც ნიავიც კი, ადვილად გაფანტავს. ეს კარგია, კარგია რომ ვხვდებით ჩვენს დანიშნულებას, ჩვენს პირველმიზეზს ანუ პირველ მეს, მაგრამ ცუდია ის, რომ ამას ზემოთ მოყვანილი სტუდენტივით, ვხვდებით მხოლოდ მაშინ, როცა სიცოცხლის ზარი ირეკება და გამოცდა მთავრდება, მზად ვართ, უარი ვთქვათ შესვენებაზე, რადგან ჭეშმარიტება ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ცხოვრება ხომ მხოლოდ ერთ შანსს გვაძლევს, წერტილის შემდგომ კი, მძიმე არასდროს იწერება. დავუბრუნდეთ კვლავ სტუდენტს, აიღეთ დღევანდელი დღე, წელი, ან თუნდაც მთელი თქვენი განვლილი ცხოვრება, აიღეთ და გაიაზრეთ, რამდენი შეგეძლოთ და რა გააკეთეთ?! იპოვეთ თქვენი თავი საათში, რომელსაც ფუნქცია დაკარგვია, აიღეთ პიანინო, რომელიც არ უკრავს, ან თუნდაც უმელნო კალამი, ან კომპიუტერი, მას მრავალი ფუნქცია აქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ტვინი, რომლითაც ის ფუნქციონირებს არ მუშაობს, ეს მრავალი ფუნქცია ერთ დიდ უფუნქციობად, კომპიუტერი კი უბრალო ჯართად იქცევა, არადა შეხედავ ისევ ისეთივეა, სხვა მუშა კომპიუტერებისაგან არაფრით გამოირჩევა. ჩვენც გვაქვს ფუნქციები, რომელთა ღერძიც სწორედ სულია, სიკეთეა და ის პირველი მე, რომელზეც ამდენს ვსაუბრობ, შეიძლება დავკარგოთ თვალი, ხელი, ფეხი, მაგრამ თუ დავკარგავთ უმთავრეს ფუნქციას, იმას რის გამოც დღეს ვარსებობთ, მაშინ ვინ ვიქნებით? ან საერთოდ ახლა, ვინ ვართ ?!

გაუსწორეთ თვალი რეალობას, იპოვეთ თქვენში მეთა ნარჩენი, ის მესამე მე, რომელიც სარეველასავით მოსდებია ჩვენს სულსა და სხეულს, იპოვეთ და დაფიქრდით, გაავლეთ ზღვარი სიცოცხლესა და ცხოვრებას შორის, რადგან ცხოვრებით, უსულო ქვაც კი ჩვენზე დიდხანს ცხოვრობს, ერთი მამაოს სიტყვები გამახსენდა, რომელმაც მეტროში წარმოსთქვა, ჩვენ ვსდუმვართ და ქვანი ღაღადებენო, და თუ გსურთ იყოთ ცოცხლები, აღიარეთ რომ ხართ მკვდრები თქვენი ცხოვრებით, ვინაიდან თუ არ იყო ბნელი, ვერ იქნება ნათელი, ხოლო თუ მთელი ცხოვრება თვალახვეული დავიარებით და მცირეოდენ შემოსულ ანარეკლს სინათლედ მივიჩნევთ, არასოდეს დაუწყებთ ძებნას იმას, რაც ისედაც გვაქვს, ანუ ვერასოდეს მოვიხსნით სახვევს თვალიდან და ვერ ვიხილავთ ნამდვილ, ჭეშმარიტ სინათლეს.

ახლაც კი, წაიკითხავთ, მიხვდებით, გაიგებთ ჩემს სათქმელს, იტყვით კარგიაო და განაგრძობთ ცხოვრებას, ცხოვრებას და არა სიცოცხლეს, ასეთნი ვართ ადამიანები, თქვენც, მეც და სხვანიც, მხოლოდ ერთეულნი აქცევენ სიტყვას საქმედ, და გადაკვეთენ მესამე მეს, რათა შეიგრძნონ სიცოცხლე და დატკბნენ ცისა და ქვეყნის საუცხოო მშვენიერებით, აღიდგინონ ფუნქცია და დააბრუნონ ჭეშმარიტი მე, საკუთარ სახლში, და მე მჯერა, რომ შენ , ვინც ამას კითხულობ, შეგწევს ძალა იყო ამ ერთეულთა შორის, ანუ არ დარჩე მხოლოდ სიკეთისა და ბოროტების ნარჩენთა ბალანსად და იქამდე, სანამ სიკვდილი ჩამოკრავს ზარებს, გამოიღვიძო, გამოიღვიძო რათა ფიქრი, აქციო სიტყვად, ხოლო სიტყვა კი საქმედ, საქმედ რომელიც უკვდავგყოფს შენ, მოკვდავთა შორის...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG