Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს რუსეთთან მიერთებას


ყირიმის პრომოსკოვური ხელისუფლება აცხადებს, რომ კვირას ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა მიემხრო რეგიონის რუსეთთან მიერთებას. რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევენ უკრაინა და დასავლეთი. ყირიმში ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეგზიტპოლების მიხედვით, ამომრჩევლების 93% მიემხრო უკრაინისაგან გამოყოფას და რუსეთთან მიერთებას. ყირიმის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მიხაილ მალიშევმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სიმფეროპოლში უთხრა ჟურნალისტებს, რომ რეფერენდუმი შედგა: „კომისიაში არ შესულა საჩივრები - არც საუბნო და არც ცენტრალურ კომისიებში - რეფერენდუმის პროცესის შესახებ. ამჟამად საუბნო კომისიებს დაწყებული აქვთ რეფერენდუმის შედეგების დათვლა და მსურს ყველას ვაუწყო, რომ ყირიმის რეფერენდუმი შედგა“, განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. ყირიმში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, აშშ-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო არ ცნობს რეფერენდუმს, რომელმაც რუსი სამხედროების „ძალადობის მუქარით და დაშინებით“ ჩაიარა. ხოლო ევროკავშირის ლიდერებმა რეფერენდუმს „უკანონო“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს მიიღებენ გადაწყვეტილებას მოსკოვის წინააღმდეგ „დამატებით სანქციებზე“.
XS
SM
MD
LG