Accessibility links

logo-print

რეაქცია ყირიმის რეფერენდუმზე


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობენ 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას გმობენ ასევე საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები. რუსეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე შეკრებილი მოქალაქეები.

ყირიმში გამართული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის გამო „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის თქმითაც, რეგიონის სტატუსის განსასაზღვრად რეფერენდუმის გამართვას არ ითვალისწინებს უკრაინის კონსტიტუცია და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები, მით უფრო, რომ წარმოუდგენელია საუბარი თავისუფალი არჩევანისა და ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენის შესახებ იქ, სადაც მდგომარეობას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იმასაც ამბობს, რომ საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება:

"რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ე.წ. ყირიმის რეფერენდუმს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აღიარებს ამ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

ჩვენ, რასაკვირველია, არ ვაღიარებთ ამ რეფერენდუმს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, ისევე როგორც საერთაშორისო ნორმებისა...
საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებული განწყობითა და პოზიციით გამოეხმაურნენ ყირიმში 16 მარტს გამართულ რეფერენდუმს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ ყირიმელთა გადაწყვეტილება დაფუძნებულია არა მარტო ისტორიულ წარსულზე, არამედ თანამედროვე პოლიტიკურ რეალიებზე და ეს კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ხალხის ნება ყველაფერზე მაღლა დგას. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის თქმით კი, ყირიმელი ხალხის თავისუფალი არჩევანი იმსახურებს პატივისცემასა და აღიარებას. დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს. მაია ფანჯიკიძემ შემდეგი განცხადება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საყურადღებოდაც გააკეთა:

მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე

„ჩვენ, რასაკვირველია, არ ვაღიარებთ ამ რეფერენდუმს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, ისევე როგორც საერთაშორისო ნორმებისა. და ჩვენ, ისევე როგორც მთელი დემოკრატიული სამყარო, პროტესტს ვაცხადებთ იმის გამო, რაც მოხდა ყირიმში. ის, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ რეფერენდუმის მიმართ არის ასეთი, უნდა იყოს გაფრთხილება სხვებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუკი მოინდომებენ სხვა სახის რეფერენდუმის ჩატარებას“.

მინისტრის ამ განცხადებამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა წარმოადგენს როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. და კიდევ:

დიპლომატიური ენით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რაც გასაგებია, მაგრამ საჭიროა ასევე პრაქტიკული აქტიურობა - უკრაინის თანადგომის გამოხატვა იქ ჩასვლითა და ურთიერთობით იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება უკრაინას...
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში“.

საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადების შინაარსს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტიის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა, განაცხადა:

„დიპლომატიური ენით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რაც გასაგებია, მაგრამ საჭიროა ასევე პრაქტიკული აქტიურობა - უკრაინის თანადგომის გამოხატვა იქ ჩასვლითა და ურთიერთობით იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება უკრაინას, და საერთაშორისო არენაზე აქტიურობით ყველა იმ ძალასთან ერთად და შეიძლება მოწინავედაც, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის მხარდამჭერი იქნება და აქცენტირებას გააკეთებს სანქციების სიმკაცრეზე. ეს არის რეალური მხარდაჭერა“.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 15 მარტი 2014წ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 15 მარტი 2014წ.

რით უნდა უპასუხოს საქართველომ რუსეთის ქმედებებს? ეს შეკითხვა რადიო თავისუფლებამ დაუსვა ასევე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორს, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს, რომლის თქმითაც, საქართველო ბევრს მოიგებს ტყუილზე დაფუძნებული რუსული პროპაგანდის შეზღუდვით:

„ბუნებრივა, რომ ჩვენ რუსეთს სანქციებს ვერ დავუწესებთ, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მათ ინტერესებს დარტყმას მიაყენებს. ყველაზე სახიფათო ჩვენთვის არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ტყუილსა და დეზინფორმაციაზე. ჩვენ თუ მივიღებთ რაიმე მკაცრ, მაგრამ ნორმალურ, სამართლიან კანონს, რომლითაც აიკრძალება ცილისწამება, მაშინ ეს პროპაგანდაც შეიზღუდება, რადგანაც ან შეიცვლიან შინაარსს, ანდა დაიხურებიან. ლაპარაკია გამოცემებზე, რომლებიც ეწევიან პირდაპირ შავრაზმულ აგიტაციას“.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 16 მარტი 2014წ.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 16 მარტი 2014წ.

პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების გარდა, ყირიმში გამართულ რეფერენდუმს გამოეხმაურნენ საზოგადოების წარმომადგენლები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ბათუმში უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც უკრაინის საკონსულოსთან გაიმართა, იმყოფებოდა ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი.

„არ მინდა, რომ უკრაინამ გადაიტანოს ის, რაც საქართველომ 2008 წელს გადაიტანა რუსეთის ოკუპაციის დროს. უპირველეს ყოვლისა, არ მინდა, რომ საომარი მოქმედებები განხორციელდეს. მეორე ის, რომ არ მინდა, უკრაინის მოსახლეობამ თავი იგრძნოს დაჩაგრულად და, მესამე, არ მინდა, რომ რუსეთმა თავი იგრძნოს დაუსჯელად და ყველაფრის ბატონ-პატრონად“, უთხრა ასლან ჭანიძემ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG