Accessibility links

logo-print

როლანდ ახალაიას დაცვის იმუნიტეტს კანონი ვერ ერევა


როლანდ ახალაია

როლანდ ახალაია

პარლამენტს არ გააჩნია კონსტიტუციური უფლება განიხილოს როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი; თავის მხრივ, მთავარ პროკურორს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე, ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ პროკურატურის მოთხოვნის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში. შესაბამისად, პარლამენტი დაიწყებს 2010 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ანტიკონსტიტუციური ცვლილების გაუქმების საკანონმდებლო პროცედურას, რათა დეპუტატს არ ჰქონდეს აბსულუტური იმუნიტეტი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე შეეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

იმის გამო, რომ დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს:

„შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტე მივმართო პარლამენტის ბიუროს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში. რაც შეეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იგი ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით (პარლამენტის თანხმობა დაკავებაზე, დაპატიმრებაზე, ჩხრეკაზე) და განუხრელად იქნება დაცული საქართველოს პარლამენტის მიერ".

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „აღნიშნული აბსურდული ვითარების მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებში შეტანილი ცვლილება (ინიციატორები პ. კუბლაშვილი და ლ. თორდია), რამაც კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე. ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული საკითხი არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა კანონპროექტში არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს და პროექტს ჩაემატა მეორე მოსმენის დროს, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაა“.

2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების ერთ-ერთი ავტორი, დღეს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ამბობს, რომ მაშინ კონსტიტუცია დეპუტატს აბსოლუტურ იმუნიტეტეს აძლევდა, რის გამოც ცვლილებები შევიდა, თუმცა, 2010 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, პროკურატურას პარლამენტის ნებართვის გარეშე არ შეუძლია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დეპუტატი.
ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ დაჩქარებული წესით ცვლილების მიღებისა და კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ პროკურატურას შესაძლებლობა ექნება დაიწყოს - ამ შემთხვევაში, როლანდ ახალიას მიმართ - სამართლებრივი პროცედურები:

„მოძებნილი იქნა ასეთი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ძირითად კანონთან ჩვეულებრივი კანონი, საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და, შესაბამისად, თუ გამოძიება მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაკავება ან დაპატიმრება მოითხოვოს როლანდ ახალაიასი, ანუ არა გამოძიების დაწყება მისი მისამართით, არამედ დაკავება ან დაპატიმრება, მხოლოდ ამ შეთხვევაში იქნება პარლამენტის თანხმობა სავალდებულო“.

ზაქარია ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ კანონში ცვლილების შეტანას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს და საკითხს სამართლებრივი ასპექტიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანს, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შესატანად საკმარისია დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი და ზაქარია ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ რაოდენობის ხმების მოგროვება კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება.

კოალიციის წევრი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პარლამენტის ბიურო, ალბათ, მხარს დაუჭერს კანონში ცვლილების დაჩქარებული წესით შეტანას და მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი დაიწყებს კანონებს შორის არსებული კოლიზიების გამოსწორებაზე მუშაობას.

კონსტიტუციასა და კანონს შორის შეუსაბამობას ვერ ხედავს „ნაციონალური მოძრაობა“. საპარლამენტო უმცირესობაში მყოფი დეპუტატების თქმით, კონსტიტუცია ადგენს ზოგად ჩარჩოს, კანონი კი ამ ჩარჩოს აკონკრეტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას პასუხისმგებლობისგან თავის არიდებად და პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის დაწყებად მიიჩნევს:

„სამარცხვინოა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. დავით უსუფაშვილმა ბრძანა, საქართველოს პარლამენტის წევრს არ სჭირდება დაცვა სამართლებრივი დევნისაგან, სამართალდამცავების უკანონო ქმედებებისაგან და ამისათვის ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც, თუ კონსტიტუციაში არ არის და სხვა კანონში არის, არაკონსტიტუციურიაო. ეს არის სრული აბსურდი. ძალიან ცუდია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ეს ნორმა უნდა გაუქმდეს. მე ვფიქრობ, რომ ამით ბატონ უსუფაშვილს უნდა, რომ წარმოაჩინოს, თითქოს ის არაფერ შუაში არ არის პოლიტიკურ დევნასთან და ეს პოლიტიკური დევნა ხორციელდება მის მიღმა. არ გამოვა, ბატონო დავით, ეს ყველაფერი იქნება მაინც პარლამენტის გასაკეთებელი, ამიტომ გადაბრალებები და სხვაგან თითის გაშვერა, მე მგონი, უადგილოა“.

პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას ვერც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიზე იზიარებს. მისი თქმით, კონსტიტუციისა და კანონის შეუთავსებლობაზე არ არის საუბარი. დღეს საკანონმდებლო დონეზე დეპუტატის დაცვის მაღალი სტანდარტი არსებობს და მაღალი სტანდარტი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას:
„ის, რომ შეიცვალოს კანონი და პროკურატურას დეპუტატის წინააღმდეგ პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლოს დევნის დაწყება, ეს უფრო ნაკლები სტანდარტი იქნება, ვიდრე დღეს მოქმედი სტანდარტი. დღეს მოქმედი სტანდარტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობრივი სტანდარტი არ არის. ის დაცულობის მეტ გარანტიას ქმნის და არ შეიძლება, ჩვენი აზრით, ის ჩაითვალოს კონსტიტუციასთან წინაარღმდეგობრივ ნორმად“.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე შეეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის დროს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს - კერძოდ, იმას, რომ 2009 წლის დეკემბერში პროკურორი როლანდ ახალაია, რომელიც მოქმედებდა პირადი დაინტერესებით, ბრალდებულთა ოჯახის წევრებს აიძულებდა საპროცესო გარიგების თანხის გარკვეული ნაწილი კერძო კომპანიის ანგარიშზე გადაერიცხათ. თავად როლანდ ახალაიას თქმით, ყველაფერი კანონიერად ხდებოდა და გადარიცხული თანხის ნაწილი უნდა მოხმარებოდა სამეგრელოში საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობას, მაგრამ ვინაიდან მშენებლობისთვის ადგილი ვერ გამოინახა, გადარიცხული თანხა ხელუხლებელი დარჩა. საუბარი შეეხება 200 ათას ლარზე მეტ თანხას. საპატრიარქოს მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ რეზიდენციის აშენების სურვილი თავად ახალაიამ გამოთქვა, თუმცა „ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა".
XS
SM
MD
LG