Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: დავით აბესაძე

„რამ შემქმნა ადამიანად,
რატომ არ მოვედ წვიმადა“...
ვაჟა-ფშაველა

თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ვაჟა-ფშაველამ ერთი საინტერესო ლექსი დაწერა - კერძოდ, ვგულისხმობ მის ლირიკულ შედევრს „რამ შემქნა ადამიანად“. თუ გემახსოვრებათ, სიკვდილამდე ორი წლით ადრე დაწერილ ამ ლექსში პოეტი საკუთარ ხვედრს ნანობს და გულწრფელი ტკივილით აღნიშნავს, ადამიანად რომ არ დავბადებულიყავი, ასე ოხრად და ტივლად ყოფნისათვის არ გავიწირებოდიო.
მაინც საიდან იშვის ინდივიდის ასეთი განწყობილება?
ან რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს პიროვნების ასეთ მდგომარეობას სამყაროსა და დედამიწაზე?
ისევ პოეტებით რომ გავაგრძელოთ, მეორე პოეტიც გვყავდა ქართველებს - ტერენტი გრანელი. ამავდროულად, თუკი ფშაველი მემარგალიტე ცხოვრებაში მთლიანობაში ბედნიერების მიზეზს მეტს პოულობდა, ვიდრე - უბედურებისას, ხოლო ბუნების სტიქიურ ძალთა მესაიდუმლეობა მას თავისებურად ლაღად და სიმშვიდით განაწყობდა, დასახელებულ შემოქმედზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.
ამ ადამიანისათვის არსებობა თავიდან ბოლომდე დაუსრულებელ ტანჯვას წარმოადგენდა, ისე რომ ეს ტანჯვა მის პოეზიაში რაღაც სათაყვანებელ ობიექტად, ლამის ტრფობის საგნადაა გადაქცეული. თავის პოეტურ ხილვებში იგი ჭვრეტდა დაუნდობელ მტრებსა და სისხლის წვეთებს, ღამღამობით კი განსაკუთრებულად აფიქრებდა საკუთარი სიმარტოვე და უიმედობა. შეიძლება ითქვას, თვით მწუხარების აპოლოგიითა და თვითმკვლელობაზე ფიქრით მან ბევრად გადააჭარბა მის უდიდეს თანამედროვესაც კი, თუმცა, გალაკტიონისგან განსხვავებით, ჭლექის მსხვერპლი შეიქნა და არა - სუიციდისა. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს უკანასკნელი თემა სოლიდურ ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში. ერთ-ერთ თავის ლირიკულ ლექსში იგი წერდა:
„მოდის ცისფერი და რაღაც შავი,
და სადღაც გაღმა გაისმის სროლა.
ესენინივით მოვიკლა თავი,
თუ სიცოცხლისთვის განვაგრძო ბრძოლა.“
ცნობილია, რომ ისეთი სახელმოხვეჭილი და განცხრომასთან წილნაყარი მეფეც კი, როგორიც სოლომონ ბრძენი გახლდათ, მეტად პესიმისტურად აფასებდა პიროვნების არსებობას სამყაროში და წუხდა იმ ყოვლისმომცველი ამაოების გამო, რომელიც პირქუში მწუხრივით აშფოთებდა და აღელვებდა მის სულს, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. „უფრო ბედნიერად მიმაჩნია დიდი ხნის წინათ გარდაცვლილნი, ვიდრე ცოცხლები, ხოლო ყველაზე ბედნიერი ისაა, ვინც ჯერ არ დაბადებულაო“, ჯიუტად იმეორებდა „ეკლესიასტეს“ ავტორი.
მაგრამ რატომ? - კვლავ მეორდება კითხვა. რა მიზეზით უნდა იტანჯოს ადამიანმა ან რისთვის, რის მისაღწევად?
რაც ეეხება ბედნიერებისკენ დაუცხრომელ ლტოლვას, როგორც ბუნებრივ რეაქციას ამქვეყნიურ უბედურებათა წინააღმდეგ, იგი, არსებითად, თავად იქცეოდა ათასი უბედურებისა და ტრაგიზმის წყაროდ. ხოლო ის, რისი აღორძინებაც სცადეს რენესანსის წარმოადგენლებმა შუა საუკუნეების მიმწუხრზე, კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყანეს მომდევნო ხანის მოაზროვნეებმა და ხელოვანებმა - პასკალმა, მონტენმა, შექსპირმა, სერვანტესმა და სხვებმა.
ჰამლეტიც, მათ შორის, განწირულია იმ მომაკვდინებელი ეჭვისათვის და მწვავე თვითრეფლექსიითვის, რომელიც არ ანებებს მას, სული მოითქვას და ეზიაროს იდილიას. ყველაფერი მსგავსი სამუდამოდ მიუწვდომელი და განუხორციელებელი რჩება მისთვის. დანიელი პრინცი, ეს ნამდვილი სკეპტიკოსი და ყოფიერების ამაოებით შეჭირვებული რაინდი, თავადაც განასახირებს იმ ზოგადადამიანურ ტიპს, რომელსაც მრავლად მოეპოვება პარალელი როგორც მსოფლიო ისტორიაში, ისე ლიტერატურაში.
მაგრამ ისიცაა, თუკი მატერიალურ სამყაროში სამოთხის კარები ასე საგულდაგულოდაა დაგმანული ადამიანისათვის, თუკი ბედნიერება ხშირად ასე ეფემერულია და სწრაფწარმავალი, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც იდეა, მყარი პრინციპი, რომელმაც უნდა გაამართლოს ეს განწირულის სულის კვეთება და სათანადო მიმართულება მისცეს ამ ყველაფერს?
სწორედ აქ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ფრანგი მწერალი კამიუ და ცნობილი პერსონაჟი რიე, რომელმაც იცოდა, რომ მის მიერ აღწერილი ქრონიკა არ და ვერ გამოდგებოდა გამარჯვების მაუწყებლად; გარშემომყოფთა სიხარულს, რომელიც გადატანილი უბედურების დასრულებას მოჰყვა თან, კვლავ საფრთხე ელოდა; ჭირი, რომელიც ალჟირის სანაპირო ქალაქს და პირადად ექიმ რიეს დაატყდა თავს, ისევ იჩენდა თავს, რათა სატანჯველი მოევლინა ადამიანებისათვის.
ისევე როგორც სიზიფეა განწირული იმისათვის, რომ ლოდი, რომელსაც მთის მწვერვალამდე აიტანს, აუცილებლად ხელიდან დაუსხლტება და უკან ჩამოგორდება, მწერლის თვალთახედვით, შავი ჭირის ბაცილაც ანალოგიურად არასდროს არ კვდება და არც არასდროს ქრება. „მას შეუძლია ათეულ წლობით ეძინოს ავეჯსა თუ თეთრეულში, მოთმინებით იცადოს ოთახებში, სარდაფებში, ჩემოდნებში, ცხვირსახოცებში, ქაღალდებში და იქნებ ერთი დღეც დადგეს, როცა ადამიანთა საუბედურდ თუ ჭკუის სასწავლებლად შავი ჭირი კვლავ გამოაღვიძებს ვირთხებს და სასიკვდილოდ გამოაგზავნის ბედნიერ ქალაქში.“
რა გამოსავალს გვთავაზბობს კამიუ?
კამიუს დასკვნა სულაც არაა პესიმისტური, ამ სიტყვის ყოფითი გაგებით. ვერ ვიტყვით, რომ ავტორს სასოწარკვეთისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ექიმი რიე, რომელიც მთელი ეს ხანი დაუღალავად ებრძოდა ეპიდემიას (თუმცა მაინც უძლური აღმოჩნდა მის წინაშე და მხოლოდ უმწეო მაყურებელი აღმოჩნდა საერთო ტრაგედიისა) საბოლოოდ ასკვნის, რომ ეს ქრონიკა მატიანეა იმისა - „რაც უნდა მოემოქმედებინათ ადამიანებს და კვლავაც უნდა მოიმოქმედონ, რათა შიშსა და მის მსახვრალ იარაღს წინ აღუდგნენ, როცა პირადი სატანჯველი აწუხებთ, არც წმინდანებად ქცევა ძალუძთ და მაინც ეურჩებიან თავს დამტყდარ უბედურებას, მაინც ცდილობენ მკურნალებად იქცნენ.“
კამიუს, აბსურდის ფილოსოფიის აპოლოგეტს, მკაცრად არ სწამდა ღმერთის არსებობისა (იგივე ითქმის მისი რომანის მთავარ პერსონაჟზეც) და, როგორც ცნობილია, ცხოვრებას იგი სიზიფეს ტრაგიკულსა და უაზრო ტანჯვასთან აიგივებდა. მაგრამ, ჩანს, ყოფიერების ამ ბურუსში მისთვის ნაკლებ აქტუალური არ უნდა ყოფილიყო ადამიანის დანიშნულების ძიების პრობლემა. „შავი ჭირის“ მაგალითზე ცალსახა ხდება, რომ მისი იმპერატივი ამ შემთხვევაში საზოგადო მკურნალად ქცევა, ანუ მტრულ ძალებთან ქედუხრელი დაპირისპირება, სხვათა სატანჯველის შემსუბუქება და ადამიანთათვის დახმარების ხელის გაწოდება იყო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG