Accessibility links

თბილისში შეხვედრებს მართავს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დღეს თბილისში გაიმართა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზარარ აჰმად ოსმანმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ISAF-ის მისიაში, იბრძვიან ტერორიზმის წინააღმდეგ და ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგ, ახალ მისიაშიც დაიკავებს ღირსეულ ადგილს. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ზარარ აჰმად ოსმანს დაუდასტურეს, რომ საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს ავღანეთში, საერთაშორისო თანამეგობრობის მომავალ მისიაშიც. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრისას გამოითქვა სურვილი, გააქტიურდეს თანამშრომლობა ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მზად არის ავღანეთს დემოკრატიული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს.
XS
SM
MD
LG