Accessibility links

მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა ყირიმის რეფერენდუმის თაობაზე


ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. "უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც რეგიონის მომავალ სტატუსს უკავშირდებოდა. მსგავს რეფერენდუმს უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია საუბარი თავისუფალ არჩევანსა და ხალხის ნების თავისუფლად გამოვლენაზე იქ, სადაც ვითარებას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები. „საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება, რადგან რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ე.წ. ყირიმის რეფერენდუმს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG