Accessibility links

logo-print

მსოფლიო თანამეგობრობა უკანონოდ მიიჩნევს ყირიმში გამართულ რეფერენდუმს


რეფერენდუმი ყირიმში

რეფერენდუმი ყირიმში

ყირიმში ინტერვენციისა და კვირას გამართული რეფერენდუმის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისა და რუსეთის 21 მოხელის მიმართ სანქციები დააწესა, ვაშინგტონმა კი, თავის მხრივ, 11 რუსი და უკრაინელი მოხელის აქტივები გაყინა. თუმცა, სანქციების მიუხედავად, რუსეთი უახლოეს ხანში აპირებს ცნოს რეფერენდუმის შედეგები ყირიმში, სადაც კვირას ყირიმის რუსეთთან მიერთებას მოსახლეობის 96-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ევროკავშირის სანქციები, რომლებიც ბრიუსელში სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს, იმ პირთა ქონების გაყინვას და მათთვის სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გულისხმობს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციასთან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ მომდევნი დღეებში, შესაძლოა, უფრო მკაცრი ზომებიც ამოქმედდეს. ოფიციალური კიევი, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

ეს არის ყირიმის ანშლუსი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უპასუხოდ არ დატოვებს...
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ რუსეთის ქმედებას ყირიმში „ანშლუსი“ უწოდა.

„ეს არის ყირიმის ანშლუსი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უპასუხოდ არ დატოვებს. რეფერენდუმი არ იყო არც კონსტიტუციური და არც კანონიერი და ყირიმის არჩევანს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი გააკეთებს იმას, რისი გაკეთების პირობაც დადო“. განაცხადა შიკორსიმ.

დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა განკარგულება იმ 7 რუსი და 4 უკრაინელი მოხელის აქტივების გაყინვის თაობაზე, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციასთან. რუსეთის ხელისუფლების გავლენიან წევრთაგან აშშ-ის "შავ სიაში" ვლადისლავ სურკოვის, სერგეი გლაზევის, ლეონიდ სლუცკის, ვალენტინა მატვიენკოს, დმიტრი როგოზინის, ანდრეი კლიშასის და ელენა მაზულინას გვარები ფიგურირებს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სიაში მოხვდნენ უკრაინის დამხობილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ასევე ყირიმის სეპარატისტული ხელისუფლების ორი ლიდერი - პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსიონოვი და ყირიმის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ კონსტანტინოვი.

ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ყირიმში არსებული სამხედრო ქონების ნაციონალიზებას, სამხედრო ნაწილები გაუქმდებიან. მივესალმებით, ვისაც აქ დარჩენა და ცხოვრება სურს...
ამ უკანასკნელმა 17 მარტს საპარლამენტო სესიაზე კენჭისყრაზე დააყენა ყირიმის რეფერენდუმის საფუძველზე ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი, რასაც დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. სესიიდან გამოსულ კონსტანტინოვს ჟურნალისტებმა ყირიმში არსებული უკრაინული სამხედრო ნაწილებისა და უკრაინელი სამხედროების თაობაზე ჰკითხეს:

„ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ყირიმში არსებული სამხედრო ქონების ნაციონალიზებას, სამხედრო ნაწილები გაუქმდებიან. მივესალმებით, ვისაც აქ დარჩენა და ცხოვრება სურს, ვისაც სურს ფიცის მიღება - ეს საკითხებიც გადაწყდება. მოხდება ნორმალური პროცესი რეორგანიზაციისა. მთავარია, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა მოხვდნენ ნორმალურ, სერიოზულ არმიაში, მიიღონ კარგი, სოლიდური ანაზღაურება და ემსახურონ ჩვენს სამშობლოს“.

ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აქსიონოვმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რეფერენდუმის შემდეგ რუსეთის დახმარებით ფინანსური და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„მთავარი საკითხი ახლა ფინანსური სისტემის რუსეთის ფედერაციის შიგნით სტაბილიზაციაა - უნდა განისაზღვროს ორი ეროვნული ვალუტის (უკრაინული ჰრივნისა და რუსული რუბლის) მიმოქცევა, უნდა განისაზღვროს ენერგეტიკული უსაფრთხოება. ესაა ძირითადი საკითხები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ“.

ოფიციალური კიევი უკანონოს და არაკონსტიტუციურს უწოდებს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს და კონსულტაციებისათვის მოსკოვიდან საკუთარი ელჩის გამოწვევას აპირებს. ორშაბათს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის დეკრეტი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 40 ათასი რეზერვისტის ნაწილობრივ მობილიზებას ითვალისწინებს. აქედან 20 ათასი ჩაირიცხება შეიარაღებულ ძალებში, 20 ათასი კაცი - ეროვნულ გვარდიაში. როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა, მობილიზაციის დროს მთავარი აქცენტი თადარიგში მყოფ სამხედრო სპეციალისტებზე გაკეთდება. მობილიზაცია გავრცელდება ყირიმზეც, რომელმაც 16 მარტის რეფერენდუმზე მხარი რუსეთთან გაერთიანებას დაუჭირა, თუმცა, უკრაინის სხვა რაიონებისგან განსხვავებით, ყირიმში მობილიზაცია ნებაყოფლობითი იქნება და არა სავალდებულო.
XS
SM
MD
LG