Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსია და სამართალი


ყირიმი რომ რუსეთის ხელში იარაღად გადაიქცეოდა უკრაინის წინააღმდეგ, ბევრმა მიმომხილველმა იწინასწარმეტყველა. მოსკოვი ცდილობს ნახევარკუნძულს სამართლებრივად, რეფერენდუმისა და თავისი კანონების საშუალებითაც დაეპატრონოს.

ერთი შეხედვით, აშკარა უკანონობასთან გვაქვს საქმე ყირიმში, სადაც რეფერენდუმი ჩატარდა ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით. საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს არც რეფერენდუმს, არც მის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, ყირიმის მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთთან შეერთება სურს. უკრაინა ცდილობს რუსეთის ამ სამართლებრივ სვლებს ასეთივე ნაბიჯებით უპასუხოს და რეფერენდუმს „დაასწრო“, როცა შაბათს ყირიმის უზენაესი საბჭო, ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი დაშალა. ყირიმი, უკრაინისა და ასევე საერთაშორისო სამართლით, ამ ქვეყნის იურისდიქციაში რჩება, მაგრამ რა დაუდგება წინ უკვე დე ფაქტო ანექსიას, რუსეთის მიერ განხორციელებულს? ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი პროფესორი ბერი კელმანი ფიქრობს, რომ ყირიმის რეგიონალური ორგანოს დაშლა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სწორი ნაბიჯია:

„საერთაშორისო სამართლით, რომელიმე ქვეყნის რომელიმე ნაწილის გამოყოფის პროცედურას ამ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები ადგენს. კიევის ქმედება ამაზე პასუხია. ის განსაზღვრავს, არის თუ არა ყირიმის რეფერენდუმი კანონიერი, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით“.

ამდენად, პარლამენტის დაშლა განამტკიცებს კიევის არგუმენტს, რომ ყირიმის უკრაინისგან გამოყოფა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, რადგან ის უკრაინის კონსტიტუციის საპირისპირო ქმედებაა. ამავე დროს, ყირიმის რეგიონალური პარლამენტის დაშლა შეიძლება მიჩნეულ იქნეს კიევის მცდელობად, გადაიდგას რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ასეთი კანონპროექტი რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტის გამარტივებული მიღების შესახებ სახელმწფო სათათბიროდან ორშაბათს უკან გაიტანეს. „იტარ ტასი“ იტყობინებოდა, რომ ვენეციის კომისიამ, რომელსაც ინიციატივა გაუგზავნეს, ის საერთაშორისო სამართლისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია.

არადა, ცვლილება რუსეთის მთავრობას ყირიმის ანექსიისთვის სჭირდება. ამ ეტაპზე რუსეთის კანონმდებლობაში, მის კონსტიტუციაში არის ზღუდეები, რომლებიც რომელიმე ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებას ხელს უშლის. ახალი კანონპროექტით, რომელიც თებერვლის თვეში „სამართლიანი რუსეთის“ ფრაქციის მიერ იქნა დუმაში შეტანილი, რუსეთს საშუალება მიეცემა მიიღოს „უცხო ქვეყნის ნაწილი“ რუსეთის ფედერაციაში, „თუ გადაწყვეტილება დაამტკიცა ან ის შეთანხმებულია უცხო ქვეყნის ნაწილის სახელმწიფო უწყებასთან“. კანონპროექტში წერია ასევე, რომ რუსეთთან შეერთების სურვილი უნდა დამტკიცდეს „რეფერენდუმით, რომელიც ჩატარდება უცხო ქვეყნის კანონის თანახმად ამ ქვეყნის ნაწილის ტერიტორიაზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონალურ ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა 16 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რათა დასთანხმებოდა ანექსიას. ყირიმის ხელისუფლებამ ყირიმი ორშაბათს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ქალაქ სევასტოპოლს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა. ავტონომიის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ორგანომ, რომელსაც ამიერიდან ყირიმის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ეწოდა, რუსეთთან შეერთების ოფიციალური განაცხადი გააკეთა. კანონმდებლები კიევში ფიქრობენ, რომ რეფერენდუმამდე ყირიმის პარლამენტის დაშლა საშუალებას იძლევა, ყირიმის ანექსიის განაცხადი არ იქნეს იურიდიულად გამართული, რადგან ის არ დააკმაყოფილებს რუსეთის დუმის კანონპროექტის მოთხოვნას, რომ ის იყოს „რეგიონალური უწყების მიერ განხორციელებული“.

დუმა აპირებს ამ თემაზე იმსჯელოს, როცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის პოზიციას გამოხატავს ყირიმის თაობაზე. პუტინი სამშაბათს აპირებს მიმართოს პარლამენტს. კელმანი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ მიღებული ცვლილებები ამ ქვეყანაში მოქმედებს და არა უცხოეთში:

„რუსეთის კანონმდებლობას, დუმის კანონმდებლობას არ აქვს იურიდიული ძალა უცხოეთში. რუსეთმა ამ მიმართულებით კონსტიტუცია კიდეც რომ შეცვალოს, საერთაშორისო სამართლისთვის ამას არავითარი ფასი არ ექნება. მისი კონსტიტუციურობა რუსეთის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ანექსიას კანონიერად ვერ აქცევს“.

მაგრამ კელმანი იქვე ამბობს, რომ არ მოიპოვება საერთაშორისო სამართლის ბერკეტი, რომლითაც მოსკოვზე ზემოქმედება გახდებოდა შესაძლებელი, თუ რუსეთი, რეფერენდუმის შედეგად, ყირიმის ანექსიას გამოაცხადებს:

„ძალიან რთულია, რადგან ამაზე რეაგირება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მოახდინოს, მაგრამ, ცხადია, ამ საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. ასე რომ, ასეთი დოკუმენტი წარუმატებლობისთვისაა განწირული. მართლაც, საერთაშორისო სამართლის ამოქმედება შეუძლებელი გახდება. რუსეთის პოზიციიდან პრობლემა იქნება აღიარება. ისურვებს ვინმე, რუსეთის გარდა, აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად? რეალობა ისაა, რომ რუსეთს შეუძლია დაიკავოს ყირიმი და გარკვეული დროის შემდეგ ეს იქნება აღსრულებული ფაქტი. გავიხსენოთ, როგორ დაიკავა ჩინეთმა ტიბეტი. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს სამხედრო ძალის ჩვენებაა“.

კვირას პუტინმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მოსკოვი ყირიმელი ამომრჩევლების სურვილს პატივს სცემს. კრემლის თანახმად, პუტინმა მერკელს ამცნო, რომ, რუსეთის აზრით, რეფერენდუმი ყირიმში საერთაშორისო სამართლის ნორმებს აკმაყოფილებს. ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა რეფერენდუმი დაგმეს, როგორც უკანონო, და ყირიმისა და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით სანქციების დაწესება გამოაცხადეს: ყირიმში ინტერვენციისა და კვირას გამართული რეფერენდუმის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისა და რუსეთის 21 მოხელის მიმართ სანქციები დააწესა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა განკარგულება იმ 7 რუსი და 4 უკრაინელი მოხელის აქტივების გაყინვის თაობაზე, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციასთან.
XS
SM
MD
LG