Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთიც ითხოვს რუსეთთან მიერთებას


რუსეთთან მიერთებას დნესტრისპირეთიც ითხოვს. არაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპიკერმა, მიხეილ ბურლამ რუსეთის სათათბიროს სპიკერ სერგეი ნარიშკინს წერილობთ მიმართა, სადაც ითხოვს, რუსეთის კანონმდებლობაში გაითვალისწინონ შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, დნესტრისპირეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას შეძლებს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აღნიშნული მიმართვა იმ კანონპროექტის გამოძახილია, რომელიც რუსეთთან გამარტივებული წესით ახალი სუბიექტების, მათ შორის ყირიმის მიერთებას გულისხმობს. ამასთან, როგორც რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, ბურლამ აღნიშნა, ეს კანონპროექტი მხოლოდ ყირიმის მიერთების შესაძლებლობას იძლევა. მიხეილ ბურლა აღნიშნავს, რომ დნესტრისპირეთში ვითარება მას შემდეგ შეიძლება გართულდეს, რაც მოლდავეთი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი 2006 წელს გაიმართა. რეფერენდუმის მონაწილეთა 97,2%-მა რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი. დნესტრისპირეთში რუსეთის 200 000 მოქალაქე ცხოვრობს და სახელმწიფო ენადაც რუსულია გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG