Accessibility links

logo-print
აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა უკრაინის კრიზისის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის შესახებ „იზვესტია“ წერს. მიხაილ ვიგნანსკის სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რატომ გახდა შეუძლებელი შეხვედრის ჩატარება. მოლაპარაკება თავიდან 4-5 მარტს უნდა გამართულიყო, შემდეგ ის 14 მარტისთვის გადაიტანეს, ახლა კი კარასინ-აბაშიძის დიალოგმა მარტის ბოლოსთვის გადაიწია.
ამჯერად სახელმწიფოთა წარმომადგენლებს საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ უნდა ემსჯელათ. ჟურნალისტი წერს „ავიაფლოტის“ წარმომადგენლების ვიზიტების შესახებაც თბილისში. სწორედ „ავიაფლოტის“ ყოველდღიურ რეისებზე უნდა იმსჯელონ კარასინმა და აბაშიძემ, თუმცა მნიშვნელოვანია მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ იმ ვალის შესახებ, რომელიც ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში დაუგროვდათ. პრობლემა ისაა, რომ დავალიანების მქონე ქართული ავიაკომპანიების ნაწილი უკვე აღარ არსებობს.
შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირთა გათავისუფლების საკითხია.ზურაბ აბაშიძემ „იზვესტიასთან“ საუბარში განაცხადა, რომ რუსეთმა ჯაშუშობისთვის ბრალდებული ორი პირი თებერვალში გაათავისუფლა, ქართული მხარე კი მიიჩნევს, რომ პატიმრების გათავისუფლებისა და საქართველოსთვის გადაცემის პროცესი უნდა გაგრძელდეს, რაზეც ის კარასინთან შეხვედრაზე იმსჯელებს. ჯამში, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში 19 ადამიანი გაასამართლეს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, თუმცა მათი ვინაობა არ ხმაურდება.

„საქართველომ კულტურული ფრონტი გახსნა“ - სტატიას ამ სათაურით „კომერსანტი“ აქვეყნებს. გიორგი დვალის სტატია შეეხება სერგეი ბეზრუკოვის გაუქმებულ გასტროლს საქართველოში, ასევე „ერისიონის“ გაუქმებულ კონცერტს კრემლის სასახლეში.

გიორგი დვალი წერს საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განმარტების თაობაზე, თუ რატომ გაუქმდა სერგეი ბეზრუკოვის ვიზიტი თბილისში. მთავარ მიზეზად კულტურის პალატის ხელმძღვანელი ასახელებს რუსეთის კულტურის მოღვაწეების მიმართვას, რომლითაც ისინი მხარს უჭერენ პუტინის პოლიტიკას უკრაინაში და რომელზეც ბეზრუკოვის ხელმოწერაცაა. ჟურნალისტს მოჰყავს ოქიტაშვილის ფრაზა: „ეს იგივეა, რომ მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისთვის დაეჭირა მხარი“.

დვალი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ იმავე დოკუმენტზე აღმოჩნდა ზურაბ წერეთლის ხელმოწერაც. ამის გადასამოწმებლად „კომერსანტი“ წერეთლის ასისტენტს, სერგი შავულაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ზურაბ წერეთელს ასეთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის კულტურის სამინისტრომ დაუკითხავად შეიყვანა სიაში. „ზურაბ წერეთელი არასდროს ერეოდა პოლიტიკაში და არასდროს მოუწერია ხელი პოლიტიკურ განცხადებებზე“, - აღნიშნა შავულაშვილმა.
სტატიის ბოლოს გიორგი დვალი ლაპარაკობს „ერისიონის“ გაუქმებულ კონცერტზეც. ჟურნალისტი წერს, რომ ანსამბლმა კრემლში გამოსვლაზე უარი საზოგადოებისგან ზეწოლის შედეგად თქვა, ვინაიდან საქართველოში მიმდინარეობდა კამპანია, რომელიც მოუწოდებდა კულტურის სამინისტროს მოეხსნა „ერისიონისთვის“ ეროვნული ანსამბლის სტატუსი. ჯემალ ჭკუასელმა კი „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ ძალიან სურდა კრემლის სასახლეში გამოსვლა, მისივე განმარტებით, „ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ სცენაზე სამყაროში“.

„ვედომოსტიში“ შეგიძლიათ წაიკითხოთ „ლევადა ცენტრის“ კვლევის შესახებ, რომლის მიზანიცაა დაადგინოს, თუ რუსეთის მოსახლეობის რა ნაწილი თვლის რუსეთს ზესახელმწიფოდ. წლევანდელი მაჩვენებელი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია - 63 %. დენის ვოლკანოვი, „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგი, ფიქრობს, რომ მაჩვენებლის გაზრდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და რუსული მედიის მიერ ამ მოვლენების გაშუქებამ განაპირობა. ამის დასტურად ვოლკანოვს 2009 წლის შედეგი მოჰყავს, როცა საქართველოსთან ომის შემდეგ იყო იგივე მაჩვენებელი, 61 პროცენტი, რაც აქამდე ყველაზე დიდ შედეგად ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG