Accessibility links

logo-print
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების მზომავი კომპანია "თი ვი ემ არ საქართველო" დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი გახდა კვლევაში მონაწილე იმ ოჯახების მისამართების გაუმჟღავნებლობა, სადაც რეიტინგების მთვლელ კომპანიას სპეციალური მოწყობილობები, ე.წ ფიფლმეტრები (People Meters), აქვს დამონტაჟებული. კომპანია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე ამახვილებს ყურადღებას, რამდენიმე მსხვილი ტელევიზიის ხელმძღვანელს კი ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებას კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდებით ტელევიზიების რეიტინგებით მანიპულირება და, შესაბამისად, მათი სარეკლამო შემოსავლების კონტროლი სურს.

სატელევიზიო რეიტინგებით მანიპულირება, კომპანიების სარეკლამო შემოსავლების კონტროლი - ეს არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიზანი და მოტივაცია, ამბობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

„ყველა ის ტელევიზია, რომელიც მხოლოდ თავის შემოსავლებზეა ორიენტირებული და ამით ცხოვრობს და არა დამფუძნებელთა ფულად დახმარებაზე, უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას და ასეთია „რუსთავი 2“ და, მეორე შემთხვევაში, თუ ამას ჩუმად გაიტანენ, ააყირავებენ სიტუაციას რეიტინგებში და აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ, ხელოვნურად მანიპულირებულ სურათს. ეს არის მანიპულაცია ციფრებით, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა“.

მიზანი ამ შემოწმების არის მოხდეს ან რეიტინგების დისკრედიტაცია, ან შეწყდეს ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება, ან შეიცვალოს რეიტინგების შედეგები, მოხდეს რეიტინგებით მანიპულირება „ჯი დი ეს“-ის სასარგებლოდ...
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიის საქმიანობის შემოწმება ტელეკომპანია „ჯი დი ეს“-ის მფლობელის, ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის ინტერესებშია:

„მიზანი ამ შემოწმების არის მოხდეს ან რეიტინგების დისკრედიტაცია, ან შეწყდეს ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება, ან შეიცვალოს რეიტინგების შედეგები, მოხდეს რეიტინგებით მანიპულირება „ჯი დი ეს“-ის სასარგებლოდ“.

"თი ვი ემ არ საქართველო" შვეიცარიული სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების კომპანიის - "ნილსენის" - ერთადერთი ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 330-ზე მეტი ე.წ. ფიფლმეტრის საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. ეს მოწყობილობები ოჯახებშია დაინსტალირებული. კომპანიის კლიენტები საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი დიანა ჩაჩუა ამბობს, სწორედ ამ კომპანიის მიერ დადგენილ სატელევიზიო რეიტინგებს იღებენ მხედველობაში სარეკლამო კომპანიები. დიანა ჩაჩუას თქმით, „თი ვი ემ არ საქართველოს“ მიერ წარმოებული კვლევის მეთოდოლოგია ძალზედ სარწმუნოა:

„შარშან IREX-მა (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ჩაატარა ამ ორგანიზაციის მეთოდოლოგიის კვლევა და აუდიტი, რომელმაც რეალურად არანაირი ხარვეზი არ გამოავლინა და სატელევიზიო კვლევების საერთაშორისო ნორმატივებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია ერთადერთია, რომელიც მსგავს კვლევას აწარმოებს. საინტერესოა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტელევიზიებისთვის. ეს კომპანია, ფიფლმეტრების საშუალებით, რომლებიც განთავსებული აქვს 330-მდე ოჯახში, იღებს აუდიტორიის ქცევის შესახებ მონაცემებს, რომელსაც შემდეგ თავის კლიენტებს - ტელეკომპანიებს და სარეკლამო კომპანიებს - უზიარებს. სარეკლამო კომპანიები შემდეგ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, იღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად განათავსონ და რა დროით საკუთარი რეკლამა“.

პრივატულ საუბარში გვთხოვეს, რომ რაიმენაირად გადამეცა მათთვის სიები. მე ავუხსენი, რომ ეს სიები ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო და არაფერში გამოადგებოდათ, ვინაიდან ოჯახებზე ზეწოლა სამ დღეში ცნობილი გახდება შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის...
დიანა ჩაჩუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „თი ვი ემ არი“ საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს, რეიტინგების მთვლელი კომპანიის შემოწმების ინტერესი პირველად ერთი წლის წინ გაჩნდა. შარშან სექტემბერში შემოსავლების სამსახურმა მისი ბოლო 7 წლის საქმიანობის აუდიტი ჩაატარა და უმნიშვნელო დარღვევები აღმოაჩინა. 17 მარტის საღამოს კი კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ინვენტარიზაციის დაწყებაც გადაწყვიტა და, როგორც „თი ვი ემ არ საქართველოს“ პარტნიორი სოციოლოგიური კვლევის კომპანია "აი პი ემის" წარმომადგენელი გოჩა ცქიტიშვილი ამბობს, შემოწმების დაწყებას წინ უსწრებდა მისი კონფიდენციალური შეხვედრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან. შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ კომპანიაში ჩატარებულ ინვენტარიზაციას ერთი მიზანი აქვს – ხელში ჩაიგდოს კონფიდენციალური სიები, მიიჩნევს გოჩა ცქიტიშვილი.

„სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. ცოტა ხანში ყველაფერს მოგიყვებით. პრივატულ საუბარში გვთხოვეს, რომ რაიმენაირად გადამეცა მათთვის სიები. მე ავუხსენი, რომ ეს სიები ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო და არაფერში გამოადგებოდათ, ვინაიდან ოჯახებზე ზეწოლა სამ დღეში ცნობილი გახდება შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის. მე ყველაფერს მოვყვები იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები, რომლებიც სამი საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ კომპანიის დირექტორზე და აიძულებდნენ ეთქვა, როგორ მოაწერინა ხელი ოთხმა ადამიანმა ოქმზე. ერთადერთი მიზეზი ამ აქტისა არის კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, კანონის თანახმად, სამსახურს აქვს უფლება შეამოწმოს კომპანიის კუთვნილებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებიც, მათ შორის, ამ შემთხვევაში, ე.წ. ფიფლმეტრები:

„ინვენტარიზაცია ამ კომპანიაში ჩატარდა ოფისში, მაგრამ კომპანიის საკუთრებაში არის სხვა მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობები, რომლებიც განლაგებულია ოფისის მიღმა. არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომელიც არეგულირებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვის წესს: ამ მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვა უნდა მოხდეს მათი განთავსების ადგილებში“.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ თუ სატელევიზიო სფეროში რეიტინგები კონტროლდება, შესაბამისად, კონტროლდება მთელი მედიასივრცე. ჩვენ ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს წინა ხელისუფლების დროს, როდესაც 100 %-ით კონტროლდებოდა სატელევიზიო რეიტინგები, მაგრამ არ ვიცით, ახლა ეს ის შემთხვევაა თუ არა...
„თი ვი არ ემ საქართველოს“ ადვოკატის ქეთევან ქვარცხავას განცხადებით, კომპანია შემოსავლების სამსახურს სთავაზობს ე.წ. ფიფლმეტრების ოჯახებიდან გამოტანას და ისე აღწერას ან შემოწმებას რაიმე სხვა ფორმით - ისე, რომ არ დაირღვეს პირთა კონფიდენციალურობა:

„რა თქმა უნდა, გასვლითი საგასახადო შემოწმების ჩატარება საგადასახადოს ნებისმიერ დროს შეუძლია, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე საგადასახადო აღრიცხვისთვის არის საჭირო, ცხადია, ჩვენ მიერ არ მიეწოდება და გავერკვევით რა შეიძლება, რით შეიძლება ვითანამშრომლოთ, რომ არ მოხდეს კონფიდენციალობის დარღვევა და, ამავე დროს, საგადასახადოც დაკმაყოფილებული იყოს ამ დოკუმენტების მხრივ“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე ამბობს, რომ შემოსავლების სამსახური ამ შემთხვევაში კანონიერად იქცევა, გამოსავალს კი იმაში ხედავს, რომ რეიტინგების მთვლელმა კომპანიამ საკუთარი მოწყობილობების როტაცია მოახდინოს სხვა ოჯახებში, რაც კომპანიისთვის, ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, რეპუტაციის შესანარჩუნებლად კარგი იქნება:

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ თუ სატელევიზიო სფეროში რეიტინგები კონტროლდება, შესაბამისად, კონტროლდება მთელი მედიასივრცე. ჩვენ ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს წინა ხელისუფლების დროს, როდესაც 100 %-ით კონტროლდებოდა სატელევიზიო რეიტინგები, მაგრამ არ ვიცით, ახლა ეს ის შემთხვევაა თუ არა. ამას ყველაფერს გვიჩვენებს დრო. თუ ამა თუ იმ არხს ძალიან დაბალი აქვს რეიტინგი და არის სამთავრობო არხი, ანუ ამა თუ იმ სამთავრობო ოჯახთან დაკავშირებული არხი, და ექნება უეცარი ზრდა და პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გამოჩნდება ეს არხი, რასაკვირველია, ეს მიუთითებს, რომ ხდება ჩარევა, თუმცა ამის აღმოფხვრაც შეუძლია „თი ვი ემ არ საქართველოს“, თუ მოახდენს იმ ოჯახების როტაციას, სადაც ფიფლმეტრები უყენია“.

საკითხის შესწავლას გეგმავს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომლის შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაცია „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ სატელევიზიო რეიტინგებთან დაკავშირებით პრეტენზიების შესახებ მასაც სმენია, მათ შორის, რეგიონალური მაუწყებლების მხრიდანაც. ამ არხების მიმართ კომპანია „თი ვი ემ არ საქართველო“ საერთოდ არ იჩენდა ინტერესს, რის გამოც, ნათია კუპრაშვილის თქმით, რეგიონალური ტელევიზიები სრულიად მოკლებულნი იყვნენ სარეკლამო შემოსავლების ფუფუნებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG