Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორია წიგნიერების დონე კახეთში


თელავი
თელავი
რას ნიშნავს იყო განათლებული ადამიანი? რა მოსაზრებები აქვთ ამასთან დაკავშირებით პედაგოგებსა და სტუდენტებს თელავში? რაში ხედავენ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს განათლების სფეროს წარმომადგენლები?

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები ამბობენ, კახეთში განათლებასთან დაკავშირებული პრობლემებია და ეს ახალგაზრდების წიგნიერების დონის დაბალი მაჩვენებლითაა გამოწვეული. თელავის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგის მაია ფირცხალაურის თქმით, სწავლების საათობრივი ბადე მცირეა და მოსწავლეები დროის სიმცირის გამო საკითხის შესწავლას ვერ ასწრებენ. პედაგოგი არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს:

„საათების რაოდენობა ნაკლებია, პროგრამები კი მოცულობით გაზრდილია. მოსწავლე ვერ ასწრებს რომელიმე საგნის გამტკიცებას. ჩემი აზრით, საჭიროა პროგრამები ცოტა გამარტივდეს და დაიხვეწოს ან საათობრივი ბადე გაიზარდოს“.

განათლების დონის შეფასებას იძლევიან სტუდენტებიც. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს გვანცა მოლაშვილს მიაჩნია, რომ პრობლემის მოგვარება საგანმანათლებლო დაწესებულებებში წიგნის პოპულარიზაციით უნდა დაიწყოს:

პირველ რიგში, მისახედია სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და გადასახედია მასწავლებლის კვალიფიკაციის ხარისხი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროფესორი, რომელიც შედის ლექციაზე და ჩართულია სასწავლო პროცესში...
ნინო სოზაშვილი
„ბავშვები აღარ კითხულობენ წიგნებს და, ვფიქრობ, განათლების დონის ასაწევად სკოლებშიც, უნივერსიტეტებშიც და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც უნდა მოხდეს წიგნების პოპულარიზაცია - ეს იქნება ტრენინგებით თუ სხვა საშუალებებით. ვფიქრობ, ეს წაადგება ამ სფეროს განვითარებას“.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო სოზაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასწავლებელთა სწავლების კვალიფიკაციას უნდა გადაეხედოს. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე საუნივერსიტეტო სივრცეში პროგრამების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობას:

„პირველ რიგში, მისახედია სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და გადასახედია მასწავლებლის კვალიფიკაციის ხარისხი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროფესორი, რომელიც შედის ლექციაზე და ჩართულია სასწავლო პროცესში, საუნივერსიტეტო სივრცეში იყენებდეს სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს“.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის აზრით, უმაღლესი განათლების მქონეა ადამიანი, რომლის წიგნიერების დონე კონკრეტულ სპეციალობაში მაღალია. ლია ბაზიერაშვილი, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, თვლის, რომ პირველ ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცეს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდას და მათ ფანტაზიას მშობელმა ფართო არეალი უნდა მისცეს:

„მე ვფიქრობ, რომ ექიმს სულაც არ სჭირდება იყოს კარგი ისტორიკოსი ან კარგად მღეროდეს, ან ხაზავდეს. ამ თვალსაზრისით, მე ვთვილი, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანს შეუძლია ძალიან კარგად აითვისოს და შეისწავლოს ერთი კონკრეტული სპეციალობა, ოღონდ იმის მიხედვით, რამდენად მოტივირებულია ადამიანი და აქვს სურვილი ეს პროფესია აითვისოს“.
საქართველოში წიგნიერების დონე სხვადასხვა კვლევებითაა დადასტურებული. საქართველო, დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გადმოცემის ხარისხით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან 37-ე ადგილზეა.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG