Accessibility links

მტკივნეული კრიტიკა შეფასების გარეშე დარჩა


გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემდამი მისი კრიტიკა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მედიის მეშვეობით არ ვაპირებ საჯარო გავხადო ის თემები, რომელთაც ყოფილ პრემიერთან განვიხილავდით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე. 18 მარტს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ რამდენიმე საკითხის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ მასთან არაფორმალური ურთიერთობები აღარ აქვს.
ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბიძინას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ან ჩემი დისკუსია ბიძინასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს რჩება ჩვენი ურთიერთობის ნაწილად, რომლის განხილვასაც არ ვაპირებ...

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, თავი აარიდა საჯარო განმარტებებს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ კრიტიკა მისთვის უსიამოვნო მოსასმენია იმ ადამიანისგან, ვისი მოსაზრებებიც მისთვის ფასეულია:

„ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ჩემთვის, მართლაც, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვაფასებ ბიძინას, ძალიან მაღალი შეფასება მაქვს მისი. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ის, რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ამასთან ერთად, ბიძინამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ იყო გარკვეული თემები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით, ვერ მოხდა ბოლომდე შეთანხმება რაღაც საკითხებზე, იყო ინტენსიური მსჯელობები ამ საკითხების ირგვლივ, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ის, რაზეც ვსაუბრობდით, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას მე არ ვაპირებ ერთი მიზეზით, რომ ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთერთობები ჩემსა და მედიის მეშვეობით ბიძინასთან“.

პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ შეიცვალა აზრი პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმართებით:

„ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბიძინას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ან ჩემი დისკუსია ბიძინასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს რჩება ჩვენი ურთიერთობის ნაწილად, რომლის განხილვასაც არ ვაპირებ“.

გიორგი მარგველაშვილმა აღარ განავრცო კიდევ ერთი თემა - არ ილაპარაკა თავის მრჩევლად ვანო მაჭავარიანის დანიშვნის თაობაზე, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ის გუშინ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გააკრიტიკა. ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის - ძმის, ვანო მაჭავარიანის ყოფნა პრეზიდენტის გვერდით. ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით და ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს ის, რომ გიორგი მარგველაშვილი აპირებდა ვეტო დაედო მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადების შესახებ კანონისთვის. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კანონი წაკითხული, გიორგი მარგველაშვილმა ვერ უპასუხა:

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ, როდესაც ის გახდა პრეზიდენტი და პრეზიდენტობამდე. 60 წლის ვხდები და მე მსგავსი მაგალითიც კი არ მახსოვს, პრინციპში, მაგრამ არაფერი საოცრებაც არ ხდება. დღეს აღარ ვაგრძელებეთ ჩვენს არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც მე ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ურთერთობები საჭირო აღარ არის და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი რამე მოვლენები ხდება მის ირგვლივ და ამაშიც მე ვერაფერს აუცილებლობას და საჭიროებას ვერ ვხედავ. უკეთესია ჩემთვის, პირადად. დავისვენე, მეტი დრო გამიჩნდა“.

ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის მიმართ სატელევიზიო ეთერით გამოთქმულ კრიტიკას დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიიჩნევენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატები. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობაძიძემ და დეპუტატმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტს, ივანიშვილის მსგავსად, დაუწუნეს რეზიდენციასა და მრჩეველთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები:

„ასეთი გადაწყვეტილებები, ალბათ, ჯობია, წინასწარ გუნდთან იყოს ხოლმე გავლილი და შეთანხმებული, იმიტომ რომ, რადგან ერთხელ ითქვა გადაჭრით, რომ პრეზიდენტი არ შევა სასახლეში, შემდეგ უკვე განსხვავებული მიდგომები იწვევს რაღაც კითხვებს“.

„ძალიან ძლიერი კადრები ჰყავს „ქართულ ოცნებას“, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას და მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების, ჩემი აზრით, მისაღები არ იყო“.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ ის ამბობდა, რომ მარგველაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანური რესურსი საქართველოში, მან მარგველაშვილი თავს მოახვია ქართველ ამომრჩეველს, რამდენიმე თვის თავზე ის ამბობს, რომ ეს იყო მისი შეცდომა...

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები კი ამბობენ, რომ კრიტიკა საგნობრივი არ იყო და რომ მის სიტყვას, ზოგადად, ფასი არ აქვს“. დავით დარჩიაშვილმა და აკაკი მინაშვილმა განაცხადეს:

„კრიტიკა იყო გამორჩეული არა პოლიტიკის მიმართ, რომელიც შეიძლება არ მოგეწონოს შენივე გუნდის წარმომადგენლისა და პოლიტიკა გაუკრიტიკო, არამედ ჭორაობაზე და კულისებზე დაყრდნობილი“.

„ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ ის ამბობდა, რომ მარგველაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანური რესურსი საქართველოში, მან მარგველაშვილი თავს მოახვია ქართველ ამომრჩეველს, რამდენიმე თვის თავზე ის ამბობს, რომ ეს იყო მისი შეცდომა“.


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა პოზიციაზე იმყოფება. მისთვის, უბრალოდ, დამახასიათებელია გამოხატვის იმგვარი ფორმა, როგორითაც ის პრეზიდენტის ქმედებებს 18 მარტს აფასებდა:

„იგი თავის შეფასებებს ზუსტად ანალოგიურს აკეთებდა, სანამ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი იყო და როცა პრემიერი აღარ არის, ანუ თანამდებობას მის ამ სტილზე დიდი გავლენა არ ჰქონია, როგორც ვხედავთ, და ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ის ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს. ეს თავისთავად პლუსია თუ მინუსი, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ყოფილი პრემიერია, მე ასე არ აღვიქვამდი. ჩემთვის, უბრალოდ, ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა ეკავება, ის თავის სტილს არ არღვევს“.
XS
SM
MD
LG