Accessibility links

logo-print

ლიბერალური დემოკრატიისა და ქრისტიანობის საერთო პრინციპები (I)


ავტორი: თამარ ამაშუკელი

ლიბერალური დემოკრატიისა და ქრისტიანობის მთავარ პრინციპებს შორის ბევრი საერთო რომ არის, ეს ცხადია. ამ პრინციპებს შორის უმთავრესია თანასწორობა, განსხვავებული ადამიანებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა და ტოლერანტულობა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ორი ცნება სხვადასხვა დონეზე უნდა განვიხილოთ. ლიბერალურ დემოკრატიაში ზემოთხსენებული პრინციპების დაცვა სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. დემოკრატია, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო წყობა, ეფუძნება ასე ვთქვათ „ზემოდან“ დაწესებულ წესებს. ლიბერალურმა დემოკრატიამ რომ რეალურად ხორცი შეისხას, საჭიროა ადამიანების მიერ იმ პრინციპების აუცილებლობის შინაგანად გათავისება, რომლებიც დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ეს შეიძლება ორი გზით მოხდეს. ერთ შემთხვვევაში ამ პრინციპების დაცვა შეიძლება ეფუძნებოდეს სასჯელის შიშს (მათი შეუსრულებლობისას), ან ჯილდოს მოლოდინს (მათი შესრულებისას). მეორეს მხრივ კი, საქმე გვაქვს პიროვნების მიერ იმის სრულიად გაცნობიერებასა და გათავისებასთან, რომ ასე „მოქცევა“, ანუ ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების დაცვა, უბრალოდ სწორია. ამავე დროს, სწორიც შეიძლება სხვადასხვა თვალსაზრისით იყოს გაგებული, მაგალითად, თუ ამ ადამიანს სურს დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოში ცხოვრება, „სწორი“ შეიძლება მისთვის ნიშნავდეს მხოლოდ ამ კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის აუცილებელს. მაგრამ ეს მიზანი მაინც ჰგავს რაღაც ჯილდოს, საბოლოო „სარგებელს“, რის გამოც ეს პიროვნება ასე იქცევა. ცხადია, ამ მიზანში არაფერია ცუდი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თუკი ეს ადამიანი უცებ აღმოაჩენდა, რომ ლიბერალური დემოკრატია სულაც არ არის ის, რაც პირადად მას „არგებს“. ამ შემთხვევაში მისი გზა ამ მიზნის მიღწევისა აზრს კარგავს და მან შეიძლება სწრაფადვე უარი თქვას ამ პრინციპებზე. მეორეს მხრივ, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც თავისთავად, ბუნებრივად პატივს სცემს ყველა ადამიანს, განურჩევლად კანის ფერისა, პოლიტიკური შეხედულებისა თუ რელიგიისა და ა.შ., არა მხოლოდ საბოლოო მიზნის გამო (რა „დადებითი“ მიზანიც არ უნდა იყოს ეს), არამედ თავისი ცნობიერებიდან, აზროვნებიდან, შინაგანი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ანუ აქ თვით ღირებულებას, არსს ენიჭება პირველადი მნიშვნელობა, ხოლო მოლოდინი, მიზანი მეორეხარისხოვანია. ასეთ შემთხვევაში ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები თავსმოხვეული კი არ არის, არამედ ის ადვილად მუშაობს. უნდა ითქვას, რომ ეს იდეალური შემთხვევაა, რადგან სახელმწიფო ადამიანთა უფლებებს არეგულირებს სამოქალაქო დონეზე, ხოლო იმას, თუ როგორი წარმოდგენა ან დამოკიდებულება აქვს ერთ ადამიანს სხვა ადამიანის მიმართ, ეს უკვე ამ კონკრეტული პიროვნების პირადი საქმეა, და აქ სახელმწიფო ვერ ჩაერევა, თუკი ეს დამოკიდებულება არ კვეთს სხვა ადამიანის თავისუფლების ზღვარს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ლიბერალურ დემოკრატიაში პიროვნებას არ აქვს უფლება რამენაირად სამოქალაქო დონეზე შეზღუდოს განსხვავებული კანის ფერის მქონე, რელიგიის, ორიენტაციის, და ა შ. ადამიანი, მაგრამ, ამავე დროს, მას აქვს უფლება თავისი გარკვეული აზრი ჰქონდეს კონკრეტულ ადამიანზე და ამ აზრის ქონას, როგორც ასეთი, კანონი მას ვერ აუკრძალავს. ანუ, დემოკრატია თავის პრინციპებს მხოლოდ სამოქალაქო, იურიდიულ დონეზე იცავს. მაგალითად, თუ ადამიანი შინაგანად რასისტია, მას შეიძლება ეს ოდესმე ხმამაღლა წამოცდეს, რაც არ უნდა ეცადოს ამის დაფარვას. ამის შემდეგ კი მისი პიროვნული უფლება, იყოს უარყოფითად განწყობილი განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანის მიმართ, უკვე პიროვნული სფეროდან სამოქალაქო დონეზე გადადის. ცხადია, ასეთი საფრთხე არ იარსებებდა, ეს ადამიანი რომ რასისტი არ ყოფილიყო. ანუ, ისევ და ისევ, ყველაზე კარგად დემოკრატია იქ მუშაობს, სადაც ადამიანები პიროვნულად ითავისებენ დემოკრატიის პრინციპებს და არა მხოლოდ იცავენ მას სასჯელის შიშით ან ჯილდოს მოლოდინის საფუძველზე. ალბათ ეს არის ლიბერალური დემოკრატიის უმაღლესი აპოგეა, სადაც არ არის ორმაგი სტანდარტები და სრული თანხმობა და ჰარმონიაა პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის.

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG