Accessibility links

ლიბერალური დემოკრატიისა და ქრისტიანობის საერთო პრინციპები (II)


ავტორი: თამარ ამაშუკელი

(I ნაწილის გაგრძელება)
ასევე, ქრისტიანობის ძირითად პრინციპებშიც, რომლებიც ასე ახლოს არის ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან თავისი ტოლერანტობით, მოყვასის სიყვარულით, (მოყვასში იგულისხმება ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ნებისმიერი ადამიანი, და არა მხოლოდ „შენიანი“), პირველ რიგში იგულისხმება სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულება. თუმცა, ქრისტიანული პრინციპების დაცვა არ რეგულირდება რაიმე კანონით. ეს არის პირველ რიგში პიროვნული, შინაგანი პასუხისმგებლობის, სინდისის, რწმენის სფერო. სწორედ აქ კვეთს და „ეხმარება“ ქრისტანული რწმენა ლიბერალური დემოკრატიის იმ დონეს, რომლის საფუძველიც ადამიანის მიერ ამ პრინციპების „სისწორის“ შეგნება და გაცნობიერებაა. თუკი ლიბერალური დემოკრატიის შემთხვევაში საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც არეგულირებს ამ პრინციპების დაცვას, ქრისტიანული რწმენის შემთხვევაში უკვე სახელმწიფოს ადგილს რელიგიური ინსტიტუცია იკავებს. ისევე როგორც ლიბერალური დემოკრატიის რეალურად განხორციელებისთვის საჭიროა, ადამიანებს სასჯელისა და ჯილდოს მიღმა, თავისთავად გათავისებული ჰქონდეთ ამ პრინციპების მიზანშეწონილობა, ქრისტიანული პრინციპების „კარგად მუშაობისთვის“ ასევე საჭიროა სხვა მამოძრავებელი ძალა, რომელიც სცდება ჯოჯოხეთის შიშს ან სამოთხის მოლოდინს. როდესაც მხოლოდ ამ აუკანასკნელთან გვაქვს საქმე, ასეთი რწმენა გარკვეულწილად ნაძალადევია, და შესაბამისად, ნაკლებად ეფექტური. აქ უკვე ქრისტიანული რწმენა გადადის სხვა დონეზე, შორდება პიროვნულს და უფრო მეტად უახლოვდება რელიგიური ინსტიტუციის დონეს. რაც უფრო ძლიერია რელიგიური ინსტიტუცია, რწმენას მით უფრო ვეღარ წარმოუდგენია არსებობა ამ ინსტიტუციის გარეშე, ანუ სრულიად მიბმულია მასთან, და ქრისტიანული რწმენაც მით უფრო მეტად ეფუძნება სასჯელის ან ჯილდოს მოლოდინის პრინციპს. ანუ, აქ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანთა დამოკიდებულება რელიგიური და სახელმწიფო დაწესებულების მიმართ. როდესაც ადამიანის დამოკიდებულება რწმენის მიმართ ეფუძნება სასჯელის (ჯოჯოხეთი) შიშს ან ჯილდოს (სამოთხე) მოლოდინს, აქ ქრისტიანული რწმენა არსით უახლოვდება მხოლოდ კონტროლზე, ძალაზე დამყარებულ სახელმწიფო წყობას. ძლიერ რელიგიურ ინსტიტუციაზე „მიბმული“ რწმენა წარმოშობს ფანატიზმს, რომელიც სინამდვილეში ძალიან შორსაა ქრისტიანული რწმენისგან, რადგან ფანატიზმი გულისხმობს განსხვავებულ აზრთან შეურიგებლობას, არატოლერანტულობას. რა თქმა უნდა, ფანატიზმი არ არის მხოლოდ რელიგიასთან ასოცირებული ცნება. ის შეიძლება ახასიათებდეს ნებისმიერი მრწამსისა და მსოფლმხედველობის ადამიანს, მაგალითად, ათეისტს, თუ იგი შეუწყნარებელია რელიგიური ადამიანის მიმართ.
ახლა დავუბრუნდეთ ლიბერალური დემოკრატიისა და ქრისტიანული რწმენის იმ ასპექტებს, სადაც ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და “ეხმარებიან“. როგორც ავღნიშნეთ, ლიბერალური დემოკრატია სახელმწიფოში მაშინ აღწევს მიზანს, ანუ, მაშინ არის რეალური, მოქმედი და არა მხოლოდ კანონის დონეზე, როდესაც ადამიანებს გათავისებული აქვთ მისი პრინციპები და არ იცავენ მას მხოლოდ „სასჯელი ან ჯილდო“-ს საფუძველზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათთვის ეს პრინციპები არ არის მხოლოდ კანონში, ქაღალდზე. ისინი მხოლოდ მაშინ კი არ „ახსენდებათ“, როდესაც ახლოს ზემდგომი ორგანოა, კანონია, სახელმწიფოა, რომელიც რეაგირებას მოახდენს დაუმორჩილებლობაზე, არამედ ახსოვთ ყოველთვის, როგორც ცხოვრების წესი, როგორც შინაგანი მრწამსი. ასევე, იმისათვის, რომ ქრისტიანული რწმენის ძირითადი პრინციპები რეალურად მოქმედებდეს, ისინი არ უნდა ემყარებოდნენ სასჯელის (ჯოჯოხეთის) შიშს, ან ჯილდოს (სამოთხის) მოლოდინს, არამედ უნდა იყოს თავისთავადი, ბუნებრივი, ნაგულისხმევი. ისინი არ უნდა იყვნენ მხოლოდ იქ, სადაც არის ზემდგომი ორგანო, ამ შემთხვევაში რელიგიური დაწესებულება. ქრისტე ხომ ფორმას არ ანიჭებს მნიშვნელობას, მისი ავტორიტეტი სულ სხვა ავტორიტეტია, რომელიც ძალიან შორს დგას ამქვეყნიური ძალაუფლებისგან, იძულებისგან ან დაშინებისგან. ქრისტიანული რწმენის ღმერთი ხომ არ არის მხოლოდ სიცოცხლის შემდგომი, მეორედ მოსვლის, განკითხვის დღის ღმერთი, არამედ ის არის ცოცხალი ღმერთი, ყველგან, ჩვენს შორის მყოფი და მარადიული. „ზემდგომი ორგანოების“, ანუ სახელმწიფო და რელიგიური დაწესებულებების ავტორიტეტის უკიდურესი გაზრდა, როგორც წესი, უკურეაქციას, საპირისპირო შედეგს იღებს.
დავაკვირდეთ ისეთ საზოგადოებას, სადაც სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუცია არ წარმოადგენს ავტორიტეტს, არ არის ყველგან, არ ემყარება ძალას. მაგალითად გამოგვადგება სკანდინავიის რომელიმე ქვეყანა, მაგალითად, შვედეთი. ეს არის ქვეყანა, სადაც სახელმწიფო მინიმალურად იყენებს ძალას. სადაც პოლიცია ფაქტიურად არ ჩანს, და ქვეყანა ჯარს მხოლოდ სხვა ქვეყნებში სამშვიდობო მისიისთვის იყენებს. ლიბერალური დემოკრატიის პრინციპები ამ ქვეყანაში მაქსიმალურად დაცულია და მოქმედებს. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ პრინციპების დაცვა ემყარება არა ძალას, იძულებას, ვთქვათ „მათრახისა და თაფლაკვერის“ პრინციპს, არამედ სწორედ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ამ პრინციპების დაცვის მიზანშეწონილობის, საჭიროობის შეგნებას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ამ ქვეყანაში არც რომელიმე რელიგიური ინსტიტუციაა წარმოდგენილი, როგორც უძლიერესი და უცდომელი ავტორიტეტი. მეტ-ნაკლებად იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე განვითარებული დასავლეთის უმეტეს ქვეყნებზე. აქედან გამოდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად ქრისტიანულ პრინციპებს ეფუძნებოდნენ, და სადაც ამჟამად რელიგიური ინსტიტუცია არ არის ძლიერი ავტორიტეტი, ლიბერალური დემოკრატია უფრო კარგად მუშაობს. მიუხედავად იმისა, თუ ამ ქვეყანაში ფორმალურად არც თუ ბევრი ადამიანი მიაკუთვნებს თავის თავს რომელიმე რელიგიურ ჯგუფს, ქრისტიანული პრინციპები შეიძლება ითქვას, დალექილია საზოგადოებრივ ცნობიერებაში, და სწორედ ასეთი ცნობიერების შედეგად ვიღებთ მოქმედ ლიბერალურ დემოკრატიას. ანუ აქ შინაარსს, სიღრმეს ამ პრინციპებისა აქვს უპირატესობა ფორმაზე, რომელიმე რელიგიური ინსტიტუციისადმი გარეგნულ მიკუთვნებულობაზე და მისადმი უპირობო, ზედაპირულ „მორჩილებაზე“. საზოგადოების ცნობიერებაში ფესვგადგმული, ძლიერი რელიგიური ინსტიტუციებისგან თავისუფალი ქრისტიანული რწმენის (მოქმედი) პრინციპები ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიის რეალურად მუშაობას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG