Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან შეთანხმების ნაწილს 21 მარტს ხელს მოაწერს არსენი იაცენიუკი


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი რადის თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს მიანიჭა უფლებამოსილება 21 მარტს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს. განკარგულება ოთხშაბათს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მიმდინარე კვირაში უკირაინა-ევროკავშირს შორის აღნიშნული დოკუმენტების შესაძლო ხელმოწერის შესახებ ცნობა მანამდეც ვრცელდებოდა. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ტურჩინოვმა ყირიმის „თვითგამოცხადებულ“ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მათ რამდენიმე საათი მისცა ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ყირიმში პროვოკაციების შეწყვეტისთვის. ტურჩინოვმა განმარტა, რომ უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალ სერგეი გაიდუკზე, რომელიც ოთხშაბათს შეიპყრეს - რუსეთის მხარდამჭერი აქტივისტების მიერ სევასტოპოლში სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის შტურმის შემდეგ. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო უწყებას რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება დაევალა. მანვე განაცხადა, რომ უკრაინა უარს აცხადებს დსთ-ს თავმჯდომარეობაზე და იწყებს თანამეგობრობიდან გამოსვლის პროცედურას.
XS
SM
MD
LG