Accessibility links

logo-print

ტურჩინოვმა რადას წარუდგინა "უკრაინის გათავისუფლების დეკლარაციის" პროექტი


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი რადის თავმჯდომარემ - ალექსანდრ ტურჩინოვმა საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა „უკრაინის გათავისუფლების დეკლარაცია“. ეს არის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ მან არ ცნოს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ „უკრაინის ხალხი არასდროს აღიარებს ქვეყნის განუყოფელი ნაწილის - რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთა თანაარსებობის პრინციპების ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევით მიტაცებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიას. ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის შემადგენლობაში. უკრაინის ხალხი არასდროს და არცერთ გარემოებაში შეწყვეტს ყირიმის ოკუპანტებისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლას, როგორი რთული და ხანგრძლივიც უნდა იყოს ეს ბრძოლა“, - აღნიშნულია უკრაინის უმაღლესი რადის დეკლარაციის პროექტში. ამასთან, დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმა რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს 18 მარტს კრემლში რუსეთსა და ყირიმს შორის ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაციის საკითხსა და შესაბამისი კონსტიტუციური კანონის პროექტს. რუსეთის დეპუტატებს შეთანხმებასა და კანონის პროექტს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარუდგენს.
XS
SM
MD
LG