Accessibility links

logo-print

პროკურატურა შეისწავლის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოების გავრცელების საკითხს


საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში შეისწავლის ინტერნეტსივრცეში ფოტომასალის გავრცელების და ავტორის იდენტიფიცირების საკითხს. გასულ ღამით იუტუბზე ვინმე ჰაკიმ ფაშას სახელით და წარწერით „სააკაშვილი მკვლელი,“ აიტვირთა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტოები, რომლებზეც მითითებულია გვამებზე არსებული დაზიანებები. პროკურატურამ ფოტოების გავრცელების ერთადერთ მიზნად გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა. მისივე შეფასებით, მასალის გამოქვეყნებამ შესაძლოა, დააზარალოს და გაართულოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება. საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, გასულ წლებში საქმეში დატოვებულია არაერთი გამოუკვლევი დეტალი და მთელი ძალისხმევა მიმართულია ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. პროკურატურა აღნიშნავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. „ამჟამად პროკურატურა გვამების ექსჰუმაციის და ახალი ექსპერტიზის საჭიროების წინაშეა, რადგან საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზა არასრულყოფილია და არ არის განხილული დაზიანებები, რომლებიც გარდაცვლილებს აღენიშნებოდათ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისივე ცნობით, დასკვნით ეტაპზეა ინტენსიური მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით უახლოეს მომავალში მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარდეს ახალი, სრულყოფილი ექსპერტიზა. ამასთან, საქართველოს პროკურატურა აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო- და ფოტომასალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქმისგან განცალკევებით იყო აღმოჩენილი ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახის სეიფში, რაც პროკურატურის განცხადებითვე, არაერთ შეკითხვას აჩენს.
XS
SM
MD
LG