Accessibility links

logo-print

ეძღვნება ჯ.შ.-ს


სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “ლიდერი ყოველთვის მართალია” შესაძლებელია, ყველა სხვა ფილმზე უკეთ გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქას: გახსოვთ ალბათ ეს სურათი ერთ-ერთ ქართულ პატრიოტთა ბანაკზე, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიან ცხოვრების წესს, გამოხატულს ლოზუნგში “ლიდერი ყოველთვის მართალია!”

“ლიდერი ყოველთვის მართალია!” - ამ ლოზუნგმა განსაზღვრა ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილი “ვარდების რევოლუციიდან” ცოტა ხნის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილმა - არც მეტი, არც ნაკლები - ფერების შერჩევა დაიწყო სახლების ფასადების შესაღებად თბილისში. მერე პირადად ადგენდა სატელევიზიო ბადეს; პირადად მონაწილეობდა ბაზრის რეგულაციაში (მით უფრო ცინიკურად ჟღერდა ნაცმოძრაობის ყველაზე ერთგული იდეოლოგების მტკიცება, ბაზარი ყველაფერს არეგულირებსო); უკვეთავდა სცენარებს “დავით აღმაშენებლის” გადასაღებად; აშენებდა ლაზიკას; “ჩაირეცხა” ყველა, ვისაც შეეძლო ხელი შეეშალა... დავარქვათ ამას “აღმშენებლობის პროცესისთვის” (რატომაც არა). ხელი შეეშალა კრიტიკით, ეჭვით, ირონიით, ყოყმანით! ასეთი ხალხი ლიდერს (რომელიც ყოველთვის მართალია) არ სჭირდებოდა. შესაბამისად - და ეს უკვე ისტორიის ბანალური კანონია - დავიწროვდა ძალაუფლების სივრცე, ხელისუფლება სრულიად მოსწყდა ხალხს, რომელმაც თავის მხრივ, 2012 წლის ოქტომბერში ასეთ ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა და ახალი აირჩია.

პირადად ჩემთვის ლოზუნგი “სისტემა უნდა დაიგრეს” სწორედ ძალაუფლების ამ ვერტიკალის დანგრევას ნიშნავდა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაჩნდა შანსი, კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობა გახდა და რომლის სიჭრელე აბსლუტურად ზუსტად გამოხატავადა მთლიანად ჩვენი საზოგადოების სიჭრელეს, ვერტიკალური მმართველობიდან გადავიდოდა ჰორიზონტალურზე, ხოლო მისი ლიდერი თავისი “ხალხური სტილის” და “უბრალოების” (ამ სიტყვებს დღეს უკვე ბრჭყალებში ვსვამ) გამო მხოლოდ ცოტა ხნით აიღებდა თავის თავზე დირიჟორის როლს “ორკესტრის რეპეტიციაში”. მას შემდეგ რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ჰორიზონტალური მმართველობის სტილის დამკვიდრების შანსი ერთიორად გაიზარდა კიდეც.

მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისე მარტივია, რომ კულტურა, სისტემა ასე ადვილად დაინგრეს და, რაც მთავარია, არც ისე “უბრალოა” და “ხალხური” ამ ახალი სისტემის თავში მყოფი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც “ქართული ოცნების” ერთმა „აქტივისტკამ“ - არც მეტი, არც ნაკლები - “საქართველოს პირველი მოქალაქე” უწოდა.

სისტემა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გადაიქცა სისტემად. მისი სრულყოფა შესანიშნავად მოახერხა იოსებ სტალინმა. მოგვიანებით ნიკიტა ხრუშჩოვი შეეცადა თითქოს, დაენგრია “პიროვნების კულტი”, მაგრამ საქართველოში ამ ბიზანტიურ სტალინიზმს მაინც ვერაფერი მოუხერხეს. საინტერესო მაგალითია ამ მხრივ მიხეილ ჭიაურელი - სტალინიზმის მთავარი კინემატოგრაფიული მეხოტბე. მას შემდე, რაც ჭიაურელს სტალინზე ფილმების გადაღება აუკრძალეს, მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულმა რეჟისორმა გადაიღო მხიარული მუსიკალური კომედია “რაც გინახავს ვეღარ ნახავ”, სადაც კლასობრივი კონფლიქტის გადაწყვეტისას “საქმის გამრჩევის” სახით ჭიაურელს გამოჰყავს გიჟუა აკაკი ხორავას შესრულებით. სწორედ ხორავას მასშტაბების კაცს - აი, რომ მოდის და მოაქვს ყველაფერი, უდიდესი ავტორიტეტით რომ სარგებლობს, ბოხი ხმა რომ აქვს და ძუნწი მოძრაობები, სადა რომაა, უბრალო და “ხალხური”, ამ “სკულპტურას”, მოხვედრილს ფერად, მხიარულ კარნავალზე - უნდა გაეხსენებინა მაყურებლისთვის, რომ საქმის წარმატებით შესრულებისთვის ყოველთვის საჭიროა ძალა (წონა, ფული, გავლენა), საჭიროა ლიდერი. თუ გნებავთ, მას გიჟუა დაარქვით, თუ გინდათ, კანონიერი ქურდი და თუ გნებავთ, - პატრიარქი.

“სისტემა უნდა დაინგრეს”, “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” - ამას ამბობდა ბევრი 2012 წლის ოქტომბერში. საინტერესოა, როგორ აღიქვა ხალხმა “ქვეყნის პირველი მოქალაქის” ინტერვიუ, რომელიც ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედს” მისცა, ინტერვიუ, რომელშიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ, სწორხაზოვნად, როგორც “ხალხურ კაცს” შეშვენის, გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი, შეაქო პრემიერი (“რომელსაც ორჯერ თქმა არ სჭირდება”) და, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კვლავაც აგრძელებს “ორკესტრის რეპეტიციას”. მერე რა, რომ ჟურნალისტი ვერ სვამდა მძაფრ კითხვებს და ძირითადად “დიახ, დიახ”-ს იმეორებდა (“მიჯირყვნის” შიში სრულიად ადამიანური შიშია). არა მგონია, ამ “ეგომანურ ინტერვიუს” ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეიტინგი აეწია და შესაბამისად, შესაძლებელია, სწორედ ამიტომაც გადაგვატანინა ყურადღება ხელისუფლებამ “სარეზერვო საქმეზე”, რომელსაც დროდადრო უბრუნდება, როცა უჭირს ხოლმე - ამჯერად ზურაბ ჟვანიას დაღუპვაზე. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ საზოგადოებამ გაღიმებაც კი ვერ მოასწრო ამ დღეების ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო მოვლენაზე - “ქართული ოცნების” აქტივისტების რეაქციაზე, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ გამოხატეს. არადა მართლა სასაცილო იყო იმის ხილვა, თუ როგორ აკრიტიკებდა საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და ღიად იმეორებდა, გვახსენებდა, რომ მისი ლიდერი, ქვეყნის პირველი მოქალაქე ყოველთვის მართალია.

ძვირფასო “ქართული ოცნების” ლიდერებო. ეს ბლოგპოსტი თქვენთვის დავწერე. ამხელა შესავალი არ მომწონს, მაგრამ მეზარება ახლა რაღაცის შეცვლა.

ვიცი, რომ უმრავლესობა მორწმუნედ და ეკლესიურად თვლით თავს. სპეცსაშვებიც მშვენივრად შეირგეთ და გადასარევად გაემართეთ ურიგოდ გაბრიელ ბერის საფლავის მოსალოცად (თუ ტერმინები მეშლება, მაპატიეთ, მცირედმორწმუნე ცოდვილი ვარ და თქვენ როგორ შეგედრებით). ჰოდა გაგიათ ალბათ, ერთი სიბრძნე “თავისუფლებისთვის ხართ, ძმანო, ხმობილნი” და “ნუ გახდებით მონები კაცისა”. იცით, რატომ გაგვაფრთხილეს ასე? იმიტომ, რომ თავისუფლება არის ბედნიერება და უბედურია ის, ვისაც არასდროს უგრძვნია თავისუფლების სიტკბო.

ჩვენ, თქვენს ამომრჩეველს, გვინდა, რომ თქვენც ბედნიერები იყოთ. მესმის, რომ ძალაუფლებაც ტკბილია, მაგრამ გარწმუნებთ, ადვილად კარგავს ძალაუფლებას კაცი, როცა სასაცილო ხდება. მესმის, რომ თქვენი შვილების კეთილდღეობაზე ფიქრობთ და ამიტომაც ცდილობთ შეინარჩუნოთ ძალაუფლება, მაგრამ გარწმუნებთ, არც ერთ შვილს არ სიამოვნებს მონობის უღელში გაბმული მშობელი, რომელიც ღიად, კამერების წინ, საქვეყნოდ ამბობს უარს თავისუფლებაზე.

და, რაც მთავარია, ჩემგან არ გესწავლებათ ალბათ, რომ პირმოთნეობა, ლაქუცი და მლიქვნელობა სულაც არ ნიშნავს სიყვარულს და ერთგულებას... და არავის, არავის ამ ქვეყანაზე, მათ შორის ყველაზე ჩამოყალიბებულ გიჟუასაც კი, არ უყვარს მონები. შესაძლებელია გამოიყენონ, გაერთონ, ისიამოვნონ კიდეც მათი ყალბი ერთგულებით, მაგრამ ადამიანს მაინც თავისუფლება იზიდავს, იმის აზრი აინტერესებს, ვინც სიმართლეს ეუბნება, ბრაზდება მასზე, შეიძლება მისი განადგურებაც კი მოითხოვოს, მაგრამ პატივს სცემს თავისუფლებას და არა მონობას. დაფიქრდით, აბა? თქვენ თავადაც არ გირჩევნიათ თავისუფალი ხალხი ერთგულ მოსამსახურეს?

რაც შეეხება “პირველ მოქალაქეს”. მე ვინ მეკითხება, მაგრამ მას დღეს ყველა დროის საუკეთესო ფილმის, “მოქალაქე კეინის” ნახვას ვურჩევდი. რატომ? როგორც ქართველი პოეტი იტყოდა - იმიტომ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG