Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დესტალინიზაციის კურსი" დემოკრატიის სკოლებში


"დესტალინიზაციის კურსი" გორის დემოკრატიის სკოლაში
"დესტალინიზაციის კურსი" გორის დემოკრატიის სკოლაში
გორის დემოკრატიის სკოლაში შეკრებილთაგან ბევრმა არ იცოდა, რომ ისტორიის გაყალბება, სტალინზე მითებისა და ლეგენდების შექმნა, ბელადის კულტად ქცევა მისი ბიოგრაფიის შეცვლით დაიწყო. აქამდე ცნობილი იყო, რომ იოსებ ჯუღაშვილი 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა, თუმცა მისი დაბადების შესახებ ჩანაწერი გააკეთა გორის მიძინების ტაძრის მღვდელმა სოლომონ ხახანაშვილმა. მეტრიკული ჩანაწერების წიგნში ასეთი შინაარსის ტექსტს ვკითხულობთ: „იოსები დაიბადა 1878 წლის 6 დეკემბერს, მონათლეს 17 დეკემბერს. მისი მშობლები არიან ქალაქ გორის მცხოვრები, გლეხი ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილი და მისი სჯულიერი მეუღლე ეკატერინე გაბრიელის ასული. ორივენი მართლმადიდებლები. ნათლობისას მიმრქმელი იყო ქალაქ გორის მცხოვრები, გლეხი მიხეილ შიოს ძე ციხითათრიშვილი“. ისიც ცნობილია, რომ დაბადების თარიღის შეცვლა იოსებ ჯუღაშვილს სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით დასჭირდა.

ნიდერლანდის ინსტიტუტმა „მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ სტალინიზმის შესახებ სპეციალური სალექციო კურსი შექმნა. გორის, თელავის, ბათუმისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები ახლა ამ კურსს ისმენენ.

სტალინის სვლა ძალაუფლებისკენ, დიდი ტერორი, გულაგის იმპერია, კოლექტივიზაცია, სტალინური პროპაგანდა, სტალინი და საქართველო, სტალინის კულტი ქართულ ლიტერატურაში, დესტალინიზაცია - ამ თემებზე პრეზენტაციებში ასახულ დოკუმენტურ მასალას სტუდენტებს ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე აწვდის. მისი თქმით, ხალხში სტალინური პროპაგანდა და იდეოლოგია იმდენად იყო გამჯდარი, რომ განსხვავებული აზრის მიღება და დაჯერება უჭირდათ. დესტალინიზაციის პროცესი დიდი ხანია, რაც დაიწყო, მაგრამ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის სინდრომიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა.

პრეზენტაციებთან ერთად სტუდენტებმა ნახეს ორი ფილმი - „კატინის ტრაგედია“ და „გოლოდომორი“. მძიმე კადრების ნახვის შემდეგ ერთმა ახალგაზრდამ მეორეს გადაულაპარაკა, ეს პრეზენტაცია და ფილმები პაპას და ბებიას უნდა ვუჩვენო, იქნებ აზრი შევაცვლევინოო. ამ სალექციო კურსის შემდეგ კი საფიქრალი ახალგაზრდებს ნამდვილად მიეცათ. ნიმდის კურსდამთავრებული ნანუკა ფერაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს სტალინიზმის პერიოდი, ეს კი მითების გადაცემით კი არა, რეალური ისტორიის სწავლებით არის შესაძლებელი.

დისკუსია სტალინის ძეგლის დადგმის საკითხსაც შეეხო. „შეუძლებელია კითხულობდე მიხეილ ჯავახიშვილს, იცოდე მისი ბიოგრაფია და პარალელურად სტალინის ძეგლის დადგმას უჭერდე მხარსო“, - გაისმა ერთი ახალგაზრდის ხმა დარბაზში. მარიამ თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიას აშენებს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტოტალიტარიზმის სიმბოლოს დადგმაზე არც უნდა ფიქრობდეს.

ნიმდის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიის სკოლები საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ხელს უწყობს. შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ სტალინიზმის სალექციო კურსი სკოლის პროგრამაში შევიდა, რადგან ტოტალიტარული აზროვნების სტილი საქართველოში ჯერ არ დამთავრებულა.

ნიმდის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ სალექციო კურსი სტალინიზმის შესახებ უფრო დიდ აუდიტორიებში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა და მუზეუმებში გადაიტანოს, სადაც უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა დაიწყოს ფიქრი მენტალური დესტალინიზაციის შესახებ.
XS
SM
MD
LG