Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ველოტრეკი - კიდევ ერთი წაშლილი ისტორია


დანგრეული ველოტრეკი
დანგრეული ველოტრეკი
თბილისის ისედაც მწირ საზოგადოებრივ სივრცეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია გამოაკლდა. უზნაძის (ყოფილი დიდი მთავრის) ქუჩაზე 1886 წელს აშენებული ველოტრეკი, რომელიც მსოფლიოს უძველეს სპორტულ ნაგებობათა სიაში შედიოდა, აღარ არსებობს. დღეისათვის თბილისელთა მრავალი თაობის საყვარელი სპორტული კომპლექსიდან მხოლოდ კედელი და თაღია დარჩენილი.

არქიტექტორი დავით კანდელაკი სინანულით იხსენებს იმ წლებს, როდესაც ბაბუამ კამოს ქუჩაზე მდებარე ველოტრეკზე მიიყვანა. მის გულისტკივილს ასევე იწვევს ქალაქიდან იპოდრომისა და ჩოგბურთის კორტების გატანა, შეტევა ვაკის პარკსა და სხვა მწვანე კუნძულებზე. საზოგადოების ინტერესებზე მაღლა ინვესტორის მიზნების დაყენებამ გააღიზიანა პოეტი კოტე ყუბანეიშვილიც, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ერთ-ერთ გადაცემაში აღშფოება ვერ დამალა ველოტრეკის განადგურების გამო:

დანგრეული ველოტრეკი
დანგრეული ველოტრეკი
„აი, ახლა აქ რომ მოვდიოდი, დავინახე, რომ ტრეკს ანგრევდნენ! ეს ის ტრეკია, რომელზეც ომარა ფხაკაძე გამოდიოდა და რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს... მერე რა, რომ არც საყდირისია და არც ყინწვისი... ეს იგივეა, რომ ის ბურთი დავხიოთ, რომლითაც თასების თასი მოვიგეთ“.

ცხადია, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ველოტრეკი არც საყდრისია და არც ყინწვისი, მაგრამ, როგორც ხელოვნებათმცოდნე თამაზ გერსამია ამბობს,
ტრეკი ერთ-ერთი პირველი სპორტული ნაგებობა იყო საქართველოში, რომელიც სამხედრო ინჟინერმა ვასილ ჯორჯაძემ ააშენა და რომელმაც პირველ შეჯიბრს ჯერ კიდევ შორეულ1893 წელს უმასპინძლა.

„კიევში იყო ველოტრეკი, რომელიც 4 წლის წინ დაანგრიეს, ტულაში კიდევ არსებობს, მოსკოვში აღარ არის... მოკლედ, გამოდის, რომ თბილისის ტრეკი იყო მეორე... პირველი, უძველესი ველოტრეკი არის ინგლისში, მეორე გამოდის, რომ იყო საქართველოში და მესამე - საფრანგეთში. ასე რომ, ამ ტრეკს უდავოდ ჰქონდა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას თამაზ გერსამიამ, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ ველოტრეკის ტექნიკური მონაცემები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა ამის გამო ნაგებობის გაწირვა არ ღირდა, მით უმეტეს, რომ არსებობდა ინგლისის დადებითი გამოცდილება:

„ინგლისში ეს უძველესი ველოტრეკი გადასცეს უნივერსიტეტს, რომლისთვისაც ამ ტრეკის პარამეტრები დამაკმაყოფილებელია... აქაც შეიძლებოდა რამის გაკეთება. ჩვენი სურვილი იყო, რომ ქალაქისა და ქვეყნის კულტურისთვის შეგვენარჩუნებინა რაღაც ფორმით. შეიძლებოდა გადაგვეცა უნივერსიტეტისთვის, შეიძლებოდა მუზეუმის გაკეთება, სასტუმროს გახსნა ან სხვა სახის ტურისტული მიზიდულობის ობიექტის გაკეთება“.

მაგრამ საქართველოში სულ სხვა გზით წავიდნენ. 2006 წელს თბილისის მერიამ უზნაძის 89-ში მდებარე ველოტრეკის ტერიტორია (შენობა - 1170 კვ.მ; მიწა - 5685 კვ.მ) კომპანია „ვისოლის“ შვილობილ კომპანიას, „ველაჯიოს“ მიჰყიდა, 2013 წლის 28 ივნისს კი დემონტაჟის უფლებაც გასცა, თუმცა დღეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო ხელს ეკონომიკის სამინისტროსკენ იშვერს:

„უზნაძის N 89, თავის შენობა-ნაგებობებიანად, და მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. ქალაქში არის როგორც მერიის, ასევე სამინისტროს ქონება“.

თავად კომპანია „ვილაჯიოში“ არ უარყოფენ, რომ ტერიტორია, რომელზეც ველოტრეკი მდებარეობდა, თბილისის მერიისგან შეიძინეს. ამჟამად
ველოტრეკისგან დარჩენილი კედელი და თაღი
ველოტრეკისგან დარჩენილი კედელი და თაღი
ველოტრეკისგან მხოლოდ კედელი და თაღია დარჩენილი, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას კომპანიის წარმომადგენელმა ლევან ძამაშვილმა უთხრა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აშენდება გამოთავისუფლებულ ადგილზე:

„ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვიჭირს, რადგანაც პროექტი არის დამუშავების სტადიაში და საბოლოო კონცეფცია არ განგვისაზღვრავს. წლების წინ კი შევიძინეთ, მაგრამ დიდი პროექტები ასე სწრაფად არ მუშავდება. ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელშიც ყველაფერი იქნება: რა უნდა გაკეთდეს და როგორი სახე უნდა მიეცეს. საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდებით, გაგცემთ პასუხს“.

თუმცა კომპანიამ იჩქარა და კონცეფციის ჩამოყალიბებამდე პირწმინდად დაანგრია სპორტული კომპლექსი, სადაც, როგორც უზნაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები იხსენებენ, სიცოცხლე ბოლო დრომდე დუღდა. მაია შაროევას სახლს ველოტრეკისგან აგურის ღობე ყოფს:

„ძალიან მტკივა გული, რომ აღარ არის. დილაობით გამოვდიოდით ხოლმე... ისეთი კარგი მოგონებები მაქვს ამ ველოტრეკთან დაკავშირებით, რომ მეტირება... ბაბუაჩემის სახლში ვცხოვრობ. მეოთხე თაობა ვართ, ყველაფერმა ჩვენ თვალწინ გაიარა: ტურნირები, შეჯიბრები... გვახსოვს ომარ ფხაკაძე... ყველას ვიცნობდით, რამდენი ერთი ჩამოვთვალო“.

თუმცა ტრეკთან განსაკუთრებით თბილი მოგონებები აკავშირებთ უბანში მცხოვრებ ბიჭებს:

„სულ ბოლოსაც ჰქონდა საფარი, მაგრამ რეაბილიტაციას საჭიროებდა და ამანაც იმოქმედა. შარი მოსდეს, ამორტიზებულია და ჩვენ მოგვყიდეთ, ჩვენ გავაკეთებთო და, სინამდვილეში, განადგურდა იქაურობა. აქვე იყო ველოსიპედების სახელოსნო და ვინმეს თუკი რამე გაუფუჭდებოდა, ყველას იქ მიგვქონდა და გვიკეთებდნენ“.
როდესაც მამაჩემი ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა, მაშინ მარტო ეს ტრეკი იყო, ანუ, ფაქტობრივად, ამ ტრეკზეა გაზრდილი. მერე, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ჰკითხეს, რა გინდა, რომ გავაკეთოთო, უთხრა, თუ არის საშუალება, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტის ტრეკი აგვიშენეთო. 1974 წელს, აშენდა ტრეკი საბურთალოზე, რომელიც ასევე გაიყიდა და ასევე დანგრეულია...
ომარ ფხაკაძე

„ამ უბანში მცხოვრები ყველა ბიჭი აქ დადიოდა... შეიძლებოდა გაკეთება, აღდგენა“.

„ისტორიული ძეგლი იყო და არ უნდა დაენგრიათ არაფრისდიდებით. თან ძალიან სწრაფად დაანგრიეს, მოსწრებაზე იყვნენ, რომ მერე არ მოდავებოდნენ. დაანგრიეს და არის ეგრე, არაფერი აუშენებიათ. მართალია, ვერ მოვესწარი დიდი სპორტსმენების გამოსვლებს, მაგრამ ვიცი, რომ აქედან ვიღაცამ ოლიმპიადა მოიგო... ხარებამ მოიგო, ხარებამ...“


„ხარებაში“ ბიჭებმა ფილმ „ხარება და გოგიაში“ ხარება ჯიბუტის როლის შემსრულებელი, მსოფლიოს ჩეპიონი და რეკორდსმენი, უფროსი ომარ ფხაკაძე იგულისხმეს. და მართლაც, როგორც დიდი სპორტსმენის ვაჟი, ასევე ცნობილი ველომრბოლელი და საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელი, უმცროსი ომარ ფხაკაძე ამბობს, უზნაძის ველოტრეკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მამამისის სპორტულ კარიერაში:

„როდესაც მამაჩემი ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა, მაშინ მარტო ეს ტრეკი იყო, ანუ, ფაქტობრივად, ამ ტრეკზეა გაზრდილი. მერე, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მჟავანაძის დროს, და ჰკითხეს, რა გინდა, რომ გავაკეთოთო, უთხრა, თუ არის საშუალება, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტის ტრეკი აგვიშენეთო. ამის შემდეგ, 1974 წელს, აშენდა ტრეკი საბურთალოზე, რომელიც ასევე გაიყიდა და ასევე დანგრეულია“.

ომარ ფხაკაძის თქმით, კომპანია „ვისოლმა“ სანაცვლოდ დიდ დიღომში ახალი კომპლექსი ააშენა, თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, ეს არ ყოფილა სრულფასოვანი ჩანაცვლება.

„ძველი ტრეკის დიდი პლუსი იყო ის, რომ ქალაქის ცენტრში, მეტროსთან ახლოს მდებარეობდა, ანუ მთელი ქალაქის ბავშვებისთვის იყო ძალიან მოსახერხებელი მისადგომად. ახლა დიდ დიღომში ბავშვები რომ მოვიდნენ, იქითა მხარე, - ვარკეთილი, ვაზისუბანი, ორთაჭალა, ავლაბარი და ა.შ... - ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგანაც ვარჯიში 16:00 საათზე იწყება, ხოლო სკოლაში მეცადინეობას 14:00-15:00 საათზე ამთავრებენ, ანუ ფიზიკურად, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერ მოასწრებენ. ერთი სიტყვით, მიუდგომელია და ამ ამბავში ძალიან დავიხიეთ უკან. მეორე მიზეზი ის არის, რომ სტანდარტული არ არის და მესამე კიდევ ის, რომ ისეთი ადგილია, რომ ათი დღიდან რვა დღე ისეთი ძლიერი ქარი ქრის, რომ ვარჯიშის ჩატარება ჭირს“, – უთხრა ომარ ფხაკაძემ რადიო თავისუფლებას.

ასეც რომ არ იყოს, არ შეიძლებოდა თბილისის კულტურული ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტის ასე ხელაღებით მოსპობა, რასაც, ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მავნე ტრადიციის სახე მისცა:

თეო ხატიაშვილი
თეო ხატიაშვილი
„ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ინვესტორი გაუტოლეს ღმერთს, რომ თითქოს მას აქვს ყველაფრის უფლება. მთავარია, მან ფული ჩადოს და რას გააკეთებს, ეს არანაირად არ კონტროლდება. როგორც ჩანს, მსგავსი მიდგომა აღმოაჩნდა მოქმედ ხელისუფლებასაც. შედეგად, მუდმივად ვშლით ჩვენს ისტორიას... საბოლოო ჯამში, მივიღებთ ერთ უსახურ მონსტრს, რომლის ჩანასახები უკვე ბევრია თბილისში“.

სულ სხვა იქნებოდა, თუ, ქალაქის განვითარებიდან გამომდინარე, გენერალური გეგმის დამუშავებისას გადაწყდებოდა ქალაქის საზღვრების გაფართოება გარკვეული მიმართულებით, იმ ფონზე, როცა ქალაქის ცენტრი გაჯერებულია და აუცილებელია ახალი ადმინისტრაციული ცენტრებისა თუ კულტურული კერების გაჩენა, თუმცა, როგორც ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, თბილისში დღეს მიმდინარე პროცესები ამ კუთხით გააზრებული არ არის.

„ამიტომ ველოტრეკის დიღომში გადატანა იქნება თუ იპოდრომის ლისის ტბაზე გადატანა, ეს ტენდენცია არაა გააზრებული პოლიტიკის შედეგი. აქ მხოლოდ და მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ ძალიან პრესტიჟულ ადგილებში (და ამ შემთხვევაში საუბარია ადგილზე, სადაც უძრავი ქონებისა და მიწის ფასი არის ძალიან მაღალი) მიწის ფასისთვის ხდება ჩანაცვლება და ინვესტორების, დეველოპერების ინტერესების გათვალისწინება. სხვა ახსნა იმისა, თუ რატომ შეიძლება ასეთი სარეკრეაციო ზონა თუ სპორტული ცენტრი გაიტანო, არ არსებობს“, - უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG