Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟვანიას საქმის გამო პირველი დაკავებულები


ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში, უკვე ორი პირია დაკავებული. ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა პროკურატურაში მრავალსაათიანი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მოკლე ხანში დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აქვს წაყენებული. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობებ, რომ კანონის ეს მუხლები ამნისტირებულია და ხანდაზმულიც, საწინააღმდეგოს ირწმუნება პროკურატურა. ოპოზიცია საქმის გასაჯაროებას ითხოვს, ხელისუფლებას კი გამოძიების დასრულებისა და აქამდე არსებული ოფიციალური ვერსიის გაბათილების მოლოდინი აქვს.

პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა 20 მარტს გვიან ღამით მოწვეულ პრესკონფერენციაზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგის, ლევან ჩაჩუას, დაკავების მიზეზები განმარტა:

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაც ნიშნის გარიგებაა ძაძამიასთან. ეს არის ჩემი საფუძვლიანი ეჭვი. ლევან ჩიჩუას დაკავება ძალიან უცნაურად მოხდა...
მიხეილ მაჭავარიანი
კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები, მაშინ როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით.
ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.


21 მარტის დილას, გამოძიების ფარგლებში, იმავე პროკურორმა, ნათია მეზვრიშვილმა, კიდევ ერთი პირის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსის, მიხეილ ძაძამიას, დაკავების საფუძვლები განმარტა:

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული და დამტკიცებულ იქნა შესასრულებლად სავალდებულო "საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და მისი ოჯახის წევრების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის გეგმა", რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ზ. ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მ. ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი. ამავდროულად, მიხეილ ძაძამიამ, დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად, არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ.
ზემოაღნიშნულით მ. ძაძამიამ ჩაიდინა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება.
მიხეილ ძაძამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით“.

კანონში არის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ ხანდაზმულობის ვადა, თუ ის ეხება სამოხელეო დანაშაულს და მითითებულია 332 მუხლი - 342 პრიმა მუხლი, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არის 15 წელი და 342-ე მუხლი სრულად ამნისტირებული კი არ არის, არამედ შემცირებულია ¼-ით...
მაია ხუციშვილი

პროკურატურის ქმედებას მალევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, პროკურატურამ ხანდაზმულობის ვადაგადაცილებული და ამნისტირებული მუხლით დააკავა ადამიანები, რაც, მისი მტკიცებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჟვანიას საქმეს სასპეკულაციოდ იყენებს. ამასთან, როგორც დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა დასძინა, ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას დაკავება მათზე ზეწოლის მოხდენის გზით სასურველი ჩვენების მიღებას ემსახურება:

„არ გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაც ნიშნის გარიგებაა ძაძამიასთან. ეს არის ჩემი საფუძვლიანი ეჭვი. ლევან ჩიჩუას დაკავება ძალიან უცნაურად მოხდა: იყო დაკითხვაზე ადამიანი, გამოუშვეს, გააკეთა კომენტარი და ისევ შეაბრუნეს. გამოჩნდა დღეს ძაძამია, რომელიც, მე ვფიქრობ, დასჭირდათ მათ, რომ მათ აბსურდულ ვერსიაზე ისაუბროს“.

ოპონენტების საპასუხოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პროკურატურის ქმედებას ასეთი ახსნა მოუძებნა:

„ის რომ ამნისტირებულია და ზოგიერთი მუხლი ხანდაზმულიც, მიანიშნებს იმაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებს ვინმეს დასჯის სურვილი კი არ ამოძრავებთ, - სურვილიც რომ ჰქონდეთ, ვერ დასჯიან, - აქვთ სიმართლის დადგენის სურვილი და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვინდა ქართულმა საზოგადოებამ გავიგოთ, ზურაბ ჟვანია მოკლეს თუ დაიღუპა. ეჭვი არის და იქნება იმ ხალხზე, ვინც იყო ხელისუფლებაში“.

პროკურატურის განმარტებით, ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატის მაია ხუციშვილის სიტყვებით, კანონის ამნისტირებულ ნაწილში არ ხვდება სამოხელეო დანაშაულის ცნება. კანონი განმარტავს ხანდაზმულობის საკითხსაც:

„კანონში არის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ ხანდაზმულობის ვადა, თუ ის ეხება სამოხელეო დანაშაულს და მითითებულია 332 მუხლი - 342 პრიმა მუხლი, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არის 15 წელი და 342-ე მუხლი სრულად ამნისტირებული კი არ არის, არამედ შემცირებულია ¼-ით“.

ჟვანიას საქმის გამოძიების ფარგლებში ორი პირის დაკავებას წინ უსწრებდა 19 მარტს ინტერნეტში გავრცელებული ფოტოკოლაჟი, სადაც ასახული იყო ყოფილ პერმიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და, ოფიციალური ვერსიით, მასთან ერთად გარდაცვლილი ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილი მოადგილის რაულ უსუპოვის ექსპერტიზის ამსახველი კადრები. ფოტოების ავთენტურობას ეჭვქვეშ არ აყენებენ პროკურატურა და გარდაცვლილი პრემიერის ოჯახის წევრები. ექსპერტ-კრიმინალისტების მტკიცებით, შესაძლოა ფოტომასალა გარკვეული ინფორმაციის მატარებელი იყოს, თუმცა გამოძიების პროცესში მეტ სიცხადეს შეიტანს გვამების ექსჰუმაცია, რისთვისაც პროკურატურა მზად იქნება ერთ-ერთ უცხოურ საექსპერტო ორგანიზაციასთან მიმდინარე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. გარდაცვლილი პრემიერის ძმის, დეპუტატ გოგლა ჟვანიას განცხადებით, ოჯახი გამოძებისთვის საჭირო ყველა მოქმედებას ეთანხმება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, ორი პირის დაკავება არანაირად არ პასუხობს კითხვას, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ლია მუხაშავრიას მიაჩნია, რომ ახლა პროკურატურა არ უნდა სჯერდებოდეს მხოლოდ იმის გამორკვევას, თუ ვინ დაუშვა შეცდომა ჟვანიას საქმის გამოძიებაში.

ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია
„და თუ დასკვნის სიყალბის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა აქვთ, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ძალადობრივი სიკვდილით მოკლეს ჟვანია, მაშინ სხვა კითხვებსაც გაეცემოდა პასუხი, რომელიც დამნაშავის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას მოგვცემდა და არა იმას, რომ ექსპერტმა და დაცვის თანამშრომელმა არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა“.

იმ შემთხვევაში კი, თუ არ არსებობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგის, ლევან ჩაჩუას დასკვნის გამაბათილებელი დასკვნა, რატომ გახდა მისი დაკავება აუცილებელი? ჩაჩუას დასკვნის მიხედვით, 2005 წლის 3 თებერვალს გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მხოლოდ ერთი ნაჭდევი აღენიშნებოდა ტუჩის მარცხენა ნაწილში, სხვა დაზიანებებზე ლაპარაკი დასკვნაში არ არის.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG