Accessibility links

logo-print
პარასკევს ერგნეთში ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის ერთის ნაცვლად ორი კარავი გაიშალა. პირველ კარავში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა, მეორე კარავი კი ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ანნ ვესენის თქმით, აქ ქართველ და ოს ჟურნალისტებს ინფორმაციის გადასაცემად შესაბამისი პირობები შეექმნებათ, თუმცა მედიაკარავში დღეს ცხინვალელი კოლეგები არ გამოჩენილან, ძლიერმა ქარმა კი ეს კარავი მალე დაშალა. რაც შეეხება შეხვედრის მონაწილეების ახალ კარავს, მან ქარს გაუძლო.

ეს შეხვედრა 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა და მხარეების წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს განიხილავდნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ატოცსა და ღოღეთში მავთულხლართების მონტაჟის სამუშაოები და მარტში რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის ორჯერ დარღვევის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის თანათავმჯდომარეებს ამ ფაქტების ამსახველი ფოტომასალა წარუდგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს სოფელ ღოღეთის იმ მცხოვრებთა საკუთრების დამადასტურებელი საბუთები წარუდგინა, რომლებმაც მავთულხლართების გავლების შედეგად დამუშავებული და დათესილი მიწის ნაკვეთები დაკარგეს. ოსური მხარე მზადაა ეს საქმეები განიხილოს და ღოღეთელებს მოსავლის აღების საშუალება მისცეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აღნიშნავს, რომ მავთულხლართების და ბანერების მიღმა ქართველ ფერმერებს გაზაფხულზე მიწის დამუშავების საშუალებას არ მისცემენ და თუ ამის მცდელობა იქნება, ეს სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევად ჩაითვლება. რაც შეეხება რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ ფოტოებზე არ არის დაფიქსირებული იმ სოფლების ადგილმდებარეობა, სადაც ეს ვერტმფრენები დაფრინავდნენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 27 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG