Accessibility links

logo-print

პროკურატურამ დააკავა ზურაბ ჟვანიას დაცვის სამსახურის ცვლის უფროსი


ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის სამსახურის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია. პროკურატურის განცხადებით, ძაძამიამ სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა და გამოიჩინა დაუდევარი დამოუკიდებულება, რამაც გამოიწვია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება. „გამოძიებით დადგენილია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამტკიცებული იყო შესასრულებლად სავალდებულო გეგმა, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ 21 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ცნობით, მიუხედავად ვალდებულებისა მიხეილ ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ზურაბ ჟვანია დაცვის გარეშე მიატოვა 2005 წლის 3 თებერვალს ღამით, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა. პროკურატურის განცხადებითვე, „ძაძამიამ სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად, არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ.“
XS
SM
MD
LG