Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის შეთანხმებას


ვლადიმირ პუტინი ხელმოწერის დროს
ვლადიმირ პუტინი ხელმოწერის დროს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო კანონის პროექტი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა. აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ნაბიჯს „ანექსია“ უწოდეს და რუსეთის ხელისუფლების ათობით წარმომადგენლისა და, მათ შორის, კომპანიების წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო სანქციები შემოიღეს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებს მიწის არც ერთი გოჯის მიტაცებას და ყველა ღონეს იხმარს ყირიმის გასათავისუფლებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესში არ არის რუსეთთან კონფრონტაცია, მაგრამ მოსკოვს არავინ მისცემს უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

„არავის ინტერესში არ შედის, რომ კიდევ უფრო დიდ საფრხეში ჩავარდეს უკრაინა, რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების შეყვანისა და მეტი პროვოკაციული ქმედებების გამო. მეორეც, არავის ინტერესში არაა, სიტუაციის განმუხტვის ნაცლად მისი ესკალაცია მოხდეს. მესამე, არავის ინტერესში არაა ახალი პრობლემები და შემდგომი მსხვერპლი სირიის, ირანისა და ავღანეთის მსგავსად, სადაც ჩვენ მოვახერხეთ თანამშრომლობა. და ჩვენ გვინდა თანამშრომლობა ამ საკითხებზე, არ ვესწრაფვით კონფრონტაციას, არ მოვითხოვთ ამას, მაგრამ ვერავის მივცეთ უფლებას სულ მთლად ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას რომელიმე ქვეყანას, რომ უნილატერალური ქმედებებით დაანგრიოს საერთაშორისო სტრუქტურები და აღადგინოს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი წესრიგი“, - განაცხადა ჯონ კერიმ, რომელმაც 20 მარტს ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ "ამერიკის ხმას".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმედოვნებს საბოლოოდ შეძლებენ "პრაქტიკული, დაბალანსებული და შინაარსიანი შეთანხმების" მიღწევას.
XS
SM
MD
LG