Accessibility links

პუტინმა ყირიმის ანექსირება გააფორმა, კიევმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი


არსენი იაცენიუკი, ჰერმან ვან რუმპე

არსენი იაცენიუკი, ჰერმან ვან რუმპე

მოსკოვმა დაასრულა უკრაინის ყირიმის რეგიონის რუსეთის ნაწილად ქცევის პროცესი. პარალელურად, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მნიშვნელოვანი სიმბოლური ჟესტის სახით, ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ყირიმის რუსეთის ფედერაციის ნაწილად ქცევას ითვალისწინებს. ცოტა ხნით ადრე პარლამენტის ზედა პალატამ ანექსირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. სამშაბათს ხელშეკრულებას ერთხმად დაუჭირა მხარი პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ.
დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მოლოდინით, მალე გაფორმდება შეთანხმების დარჩენილი ნაწილებიც - ისინი, რომლებიც ეკონომიკას უკავშირდება. პოლიტიკურ ნაწილებთან ერთად, ისინი ერთიან ინსტრუმენტს ქმნი...

უკრაინა აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ყირიმის „განთავისუფლებისთვის“.

დასავლეთის ქვეყნები ანექსირებას გმობენ - მას მიიჩნევენ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად. აშშ-მა და ევროკავშირმა ამ ნაბიჯის გამო სადამსჯელო სანქციები დააწესეს.

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის გაფორმება მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ორი მხარის ურთიერთობაო:

„დღეს ხელს ვაწერთ [ასოცირების] შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს. ეს აჩვენებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას იმ კურსის მიმართ, რომელსაც უკრაინის ხალხი ასეთი სიმამაცით მისდევს. დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მოლოდინით, მალე გაფორმდება შეთანხმების დარჩენილი ნაწილებიც - ისინი, რომლებიც ეკონომიკას უკავშირდება. პოლიტიკურ ნაწილებთან ერთად, ისინი ერთიან ინსტრუმენტს ქმნის“.

ჰერმან ვან რუმპემ და ევროკავშირის სხვა ლიდერებმა ხელშეკრულება გააფორმეს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, არსენი იაცენიუკთან, ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტის კულუარებში. ხელმოწერილია შეთანხმების შვიდი თავიდან სამი.

იაცენიუკი შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„შეთანხმება მოიცავს ყველაზე არსობრივ და მნიშვნელოვან საკითხებს - კერძოდ, თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. შეთანხმებით შეიქმნება გადაწყვეტილებების მიმღები ერთობლივი ორგანო, რომელიც ჩემს ქვეყანაში რეალური რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს შეთანხმება ეხმაურება იმ მილიონობით უკრაინელის მისწრაფებას, რომელთაც სურთ ევროკავშირის ნაწილი იყვნენ“.

გასული წლის ნოემბერში სწორედ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე აწ უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უარმა მისცა ბიძგი ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს.

ხუთშაბათს, ევროკავშირის სამიტის პირველ დღეს, კავშირის ლიდერები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთმა აღარ უნდა გადადგას უკრაინაში დესტაბილიზაციის მომტანი ნაბიჯები.

ვლადიმირ პუტინი კანონზე ხელმოწერის დროს

ვლადიმირ პუტინი კანონზე ხელმოწერის დროს

ხუთშაბათსვე სადამსჯელო სანქციები გააფართოეს აშშ-მა და ევროკავშირმა. აშშ-მა სანქციები დაუწესა პუტინის მოკავშირეებს და ბანკ „როსიას“, რომელსაც რუსეთის ლიდერებთან ახლო კავშირები აქვს.

ამ ზომების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ამერიკელების სია, ვისაც სანქციებს დაუწესებს.
პარასკევს პუტინმა განაცხადა, არ არის იმის საჭიროება, რომ რუსეთმა აშშ-ის სანქციებს კიდევ სხვა ნაბიჯებით უპასუხოსო.

რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა სარკაზმსაც მოიცავდა - მან თქვა, სანქციები, როგორც მესმის, საშუალო ზომის ბანკს შეეხება. იქ პირადი ანგარიში არ მაქვს, მაგრამ ორშაბათს აუცილებლად გავხსნიო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ირაციონალურად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი უსარგებლო წინაღობებს შექმნის. რუსეთის ფედერაციის საბჭომ სანქციები დაგმო განცხადებით და მათ „პოლიტიკური შანტაჟი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG