Accessibility links

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ. საუბარია ათამდე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებაზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე, ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონო დაუფლებასა და სხვა საქმეებზე. მოწმის სტატუსით დასაკითხად მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოში 27 მარტს 13.00 საათზე უნდა გამოცხადდეს. როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, შესაბამისი უწყება უკვე გადაეცა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. რა აინტერესებს პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტისგან და რა გამოხმაურება მოჰყვა მის დაბარებას პროკურატურაში?


საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, გამოძიებას მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა სურს საქმეზე, რომელიც ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული ოთხი პირის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით, თუმცა პროკურორმა კოკა კაციტაძემ იქვე განმარტა, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომლის ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა იგეგმება:

„ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მ. სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ. სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:

2008 წლის თებერვალში მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია ,,იმედში" შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;

2009-2012 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე;
2004 წლის ივნისში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზის" კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;

2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძისა და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;

2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს "აგრომეტის" (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე;

2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით, მისი ბიძის თ. ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს "ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე;

2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად -გადაცემის ფაქტზე;

2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით "ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე", -ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პროკურატურის მიერ დაბარებაში უჩვეულო ვერაფერი დაინახეს მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, რომელთა თქმით, პრეზიდენტი ვერ იქნებოდა დისტანცირებული იმ საქმეებისგან, რომლებშიც მისი მთავრობის წევრები ფიგურირებენ. ამასთან, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას, თქმით, მ. სააკაშვილს არა აქვს არანაირი საფუძველი თავი აარიდოს გამოძიებას:

„მომწიფდა სამართლებრივად სამხილებისა და მტკიცებულებების სახით ის პროცედურა, როდესაც უკვე აუცილებელია დაიკითხოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ბუნებრივია, პრეზიდენტობა არ არის ხელშეუხებლობის გარანტია. რაც შეეხება მოწმის სტატუსით დაკითხვას, საქართველოს კანონმდებლობით მოწმედ შეიძლება ნებისმიერი პირი დაიკითხოს, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტიც, მით უფრო, რომ არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი (პროკურატურამ ძალიან ბევრი საქმე ჩამოთვალა) და კითხვა, რომელსაც უნდა გასცეს პასუხი“.

სხვაგვარად ფიქრობენ ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თბილისის თანამდებობიდან გადაყენებული მერი გიგი უგულავა ურჩევს მიხეილ სააკაშვილს არ დაბრუნდეს სამშობლოში და არ ითანამშრომლოს პროკურატურასთან, რომლიც, მისივე თქმით, პოლიტიკური იარაღია ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ხელში:

„როცა ადამიანს ერთდროულად 30 საქმეზე იბარებენ, ეს უკვე აღარ არის გამოძიება. არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევალთ ამ სპირალში, ქვეყანა წავა სამოქალაქო დაპირისპირებისა და კონფრონტაციისაკენ. ამაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი: შიზოფრენიკი ივანიშვილი!“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა ასევე ხელს შეუშლის საქართველოს სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ზურაბ ჭიაბერაშვილის - სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრისა და ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის - კომენტარი:

„ის ქმედებები, რომლებსაც სჩადის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს მთავრობა, და დღევანდელი განცხადება პროკურატურის მკაფიოდ აჩვენებს, რომ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესი სულაც არ არის, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ის ძალიან კარგად გრძნობს, რომ ნამდვილად დემოკრატიულ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყანაში რუსი ოლიგარქის კაპრიზების ადგილი არ არის. ამიტომ აშკარად გამოიკვეთა მისი პირადი ინტერესი, რომ ეს ქვეყანა უნდა დარჩეს რუსულ ორბიტაზე და რუსულ სივრცეში“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება და, სავარაუდოდ, მისი შემდგომი სამართლებრივი დევნა ლოკალურ მოვლენად ვერ დარჩება. სიახლე გულგრილს ვერ დატოვებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც, ალბათ, ასევე იციან საქართველოს მთავრობაში, რომლის გათვლებთან დაკავშირებით ფილოსოფოსი გია ნოდია რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს:

„ერთი ის, რომ ახლა საქართველოს მაინცდამაინც მკაცრად არ გააკრიტიკებენ იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ დასავლეთს არ აწყობს საქართველოს კრიტიკა მაინცდამაინც, თუმცა შეგვიძლია უფრო ღრმა შეთქმულების თეორიებიც განვავითაროთ, რომ ივანიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას პუტინი მართავს და ისინიც სპეციალურად ისე იქცევიან, რომ თვითონ ევროპამ თქვას უარი საქართველოსთან ურთიერთობაზე, თუმცა, ვიმეორებ, ეს ჩემთვის ზედმეტად რთული თეორიაა“.

თუმცა გია ნოდას არ უკვირს თავად სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებისა და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შესაძლო დაწყების ფაქტი:

„კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ლეგიტიმურობის სხვა საფუძველი, თუ არა ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და ის ასე რჩება არანამდვილ მთავრობად, რომელიც უნდა განვსაჯოთ არა ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის თუ სხვა სახის პოლიტიკის მიხედვით, არამედ მიიჩნევს, რომ უნდა განვსაჯოთ იმით, თუ რამდენად წარმატებით ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს რჩება მის იდენტობად“.

საქართველოს პრეზიდენტის მოწმის სტატუსით დაკითხვას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

"მან ყველა კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები, თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის, უბრალოდ, ვალდებულია ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნდება სამშობლოში და არ მისცემს გამოძიებას ჩვენებას, მასზე, კანონის შესაბამისად, ძებნა გამოცხადდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG