Accessibility links

logo-print
(ფრაგმენტი დავით კლდიაშვილის უცნობი ნაწარმოებიდან)


არაფელი არ მინდა მე, ერთჯელ და ორჯელ არ მითქვამს - ჩემი საწყალი ხალხის კარგად ყოფნა მინდა და ჩემი მონაგარის კეთილდღეობა, თვარა სხვისი მე რა ვიცი, სხვისი სხვამ თქვას! ერთი კაპეიკი არ მინდა სხვისი, ჩემი სარჩო-სამყოფი კი მაქვს ღვთის მადლით და, ვენაცვალე მის სახელს, იმიზაც მრჩება ზოგჯელ, ერთი-ორი გზააბნეული და უპატრონო თევზეული შევიფარო ჩემ ჭერქვეშ და რაცხა სხვანაირი ცხოველის ჯიშიც გავახარო ჩემ საწყალ სამშობლოში!

რავა, შეუშლის ვინმეს ხელს ერთი-ორი ანტილოპას ყოფნა ზემო იმერეთში? ვისი რა საქმეა, ანტილოპას გავარონიებ ჩემ ეზო-კარში თუ ვინცხა ნამინისტრალს? აბა, მაგი იყო წესიერი და პატიოსანი საქმე, ვიგინდარა მაჭავარიანები რომ გვასხდნენ თავზე და სკოლა და ბალნიცა არ დატოვეს - ღია ცის ქვეშ რომ დაგვიყარეს ბოვშები... ვინ ოხერია ვინცხა ვანია მაჭავარიანი, გვერდით რომ მეისვა საქვეყნო კონსტიტუციაზე დანაფიცმა პრეზიდენტმა? ე ბიჯო, ძმობა არ აქვთო! რავა არა აქვსთ, მე შენ გეკითხები? ნაციონალების მაჭავარიანთან არა აქვსთ ძმობა? უი, გემეცინა! რავა ღმერთი არ გოუწყრება ამის მთქმელს! რავა, ძმას არ დოურეკავს ტელეფონზე? არ მიულოცავს დენრაჟჯენიას? არ მჯერა მე მაგის, დავბერდი კაცი! ბეჩა, ანტილოპამ იცის ძმობა და მაჭავარიანებს რავა არ გამოუვათ!

მაგრამ ვინ მისმენს!

რა მიქნა ეს ჩემმა პრეზიდენტმა! რა მიყო ეს, მე შენ გეკითხები! მეუბნებოდა ვოლსკი - ვენაცვალე, დემეჯერებინა, სად მქონდა თვალები - არაა მაგი საქვეყნო კაციო! ვეტო რავა მაკადრე, ადამიანო? რაის ვეტო, შე ოჯახაშენებულო, მეიცა პატარა ხანს, გემეიფხიკე ყურები! ვეტო და იმის დროა ახლა? ვუი, გული რავა არ გამისკდება!

შენ თუ კაი კაცი ხარ, რავა შეხველი იმ უხსენებელის ანაშენ სასახლეში? წესიერი და პატიოსანი პრეზიდენტი იმ ორ ოთახს იმყოფინებდა ცენტრალნი კომიტეტის ძველ შენობაში, ჩემი ქვეყნის მთავრობამ რომ გამოგიყვა, მაგრამ ითაკილე, ბატონო, არ მეინდომე! ვერ დეეტიეთ, გენაცვალე, შენ და შენი მაჭავარიანი იმ ორ ოთახში!

მარა, მე თუ ზვიგენებს ვატევ ოქროყანის გზაზე, თქვენ რავა ვერ დეეტიეთ?

ეს არ გამეგო ნეტა და მოგეკალით თუ გინდა! რა იკადრა ეს? გაგონილა, კაცო, დღისით მზისით, პრეზიდენტი შესულიყოს პრეზიდენტის სასახლეში?

რა უნდა პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტს? გამცეს პასუხი ვიგინდარა მაჭავარიანმა! ან ერთმა ძმამ ან მეორემ!

პრეზიდენტმა უნდა იყუჩოს, დეეტიოს, სადაც მიუთითეს, ხმა არ ამეიღოს, მთავრობას დოუჯეროს, ვეტო და უბედურობა არ მაჩეჩოს და მელაპარაკოს მარტო ფრეიდზე, სხვა არ ვიცი მე! არ იზამს მასე და მისი აჯობებს კიდო! გადეირია ვოლსკი - გახედვაც აღარ მინდა ავლაბრისკენო! აგერ, თქვენი ჭირიმე, ჩვენი სანაქებო ჟურნალისტი, ბატონი ია, გაოგნდა ეს ქალიც: დეივიწყა მსოფლიო ამბები, ლამისაა მესამე მსოფლიო ომის დონის იგი, ურიცხვი პრობლემა კერძოდ ჩვენს რესპუბლიკაში და იმისთანა მნიშვნელოვან რაცხაზე ატეხა განგაში, როგორიც პრეზიდენტის საპრეზიდენტო რეზიდენციაში შესვლაა! კიდო კაი, გვყავს ამისთანა ხალხი, ვინც ამგენს ხვდება, თვარა ვის გაახსენდებოდა ამ უკრაინის კრიზისობიის დროს პრეზიდენტის ჩუმჩუმელა გადაბარგება და იმ მაჭავარიანის გვერდზე მოსმა?!

ვაი, ვაი, მე არ ვიყო, ვინც ვარ, თუ არ წამოგაძახოთ ყველას ყველაფერი! მოვა მაგის დროც! ყველას მოგათითებთ, როცა საჭირო იქნება!

ვის ეჭიმებით თქვენ? დეივიწყეთ, თქვე ღვთის გლახებო, ვინ ვარ და საიდან ამოგიყვანეთ?

ვაი, საწყალო საქართველო, ვაი... რამდენი უმადურია ამ ცოდვილ დუნიაზე!
XS
SM
MD
LG