Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო ყირიმში და მის გარშემო განვითარებული მოვლენები.

რუსეთმა შესაძლოა ყირიმი მიითვისა, მაგრამ უკრაინა და უკრაინელების უმრავლესობა მისგან სამუდამოდ გაუცხოვდნენო, - წერდა ორშაბათს, 17 მარტს, ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ინდიფენდენტი“. „ყირიმის დაკავებამ უკრაინაში გააძლიერა ყველაზე ანტირუსული ძალების პოზიციები და შეარყია იმ ბევრი უკრაინელის რწმენა, რომლებიც რუსებს დამცველებად, მოკავშირეებად და ძმებადაც კი აღიქვამდნენ. ეს იმიჯი დაიმსხვრა. ძმები სხეულის ნაწილს არ გაჭრიან - ასე მხოლოდ მტაცებელი მეზობლები იქცევიან. ნაიარევი უკრაინა რუსეთის ჭკუაზე მოქცევას არ დაიწყებს. უფრო სავარაუდო ისაა, რომ ის სამუდამოდ დატოვებს რუსეთის ორბიტას. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის მომავლის და იდენტობის თაობაზე უთანხმოება რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაჭრა“.

სამშაბათს, 18 მარტს, სლოვაკეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „სმე“ წერდა, ევროპის პოლიტიკოსებს გამბედაობა არ ყოფნითო: „ევროპარლამენტის წევრი მწვანეების თანახმად, 2007-2011 წლებში ევროპელებმა რუსეთს 900 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი მიჰყიდეს. და ეს მონაცემი არ ითვალისწინებს საფრანგეთის ორ ხომალდს, ‘მისტრალს’, რომელთა საერთო ფასი 1,4 მილიარდია. როცა მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს შემოღება განიხილეს, შეთანხმება ვერ შედგა, საფრანგეთის მხრიდან ზეწოლის გამო. ყირიმთან მიმართებით რუსეთის მოქმედება საგარეო საქმეთა მინისტრ ფაბიუსს ცივ ომს მოაგონებს, თუმცა გასულ კვირაში მან უარი განაცხადა ‘მისტრალის’ შესახებ გარიგების გაჩერებაზე. ... ერთადერთი ზომა, რომელსაც პუტინის რეჟიმის დასუსტება შეუძლია, მკაცრი ეკონომიკური სანქციებია, მაგრამ ეს ევროკავშირსაც შეუქმნის პრობლემებს - უფრო ნაკლებს, ვიდრე რუსეთს, მაგრამ საკმარისს საიმისოდ, რომ საარჩევნო ყუთებთან მისული მოქალაქეების გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. სწორედ ესაა ის გარემოება, რომელიც ევროპის პოლიტიკოსებს არ აძლევს საჭირო გამბედაობის გამოჩენის საშუალებას“.

სამშაბათს, 18 მარტს, ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ლიბერალურ „გარდიანში“ წერილი გამოაქვეყნა ისტორიკოსმა ტიმოთი გარტონ ეშმა, რომელიც თვლის, რომ კიევი ახლა მაქსიმალურად უნდა ეცადოს აღმოსავლეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისკენ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას. სამშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა სატელევიზიო გამოსვლაში რუსულ ენაზე გამოაცხადა, რომ აპირებს ამ რეგიონებს ფართომასშტაბიანი ავტონომია მიანიჭოს და სწორედ ასეთი ნაბიჯებია ახლა საჭირო ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლადო, წერდა ისტორიკოსი. „ახლა ის და მისი კოლეგები ამ ადგილებში უნდა ჩავიდნენ და ეს კიდევ და კიდევ რუსულ ენაზე უნდა გაიმეორონ. მათ მხარი უნდა დაუჭირონ რუსულს, როგორც ამ რეგიონების მეორე ენას. მათ არ უნდა უგულებელყონ დისკუსია ფედერალიზაციის თაობაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ამას მოსკოვიც უჭერს მხარს. მათ აქტიურად უნდა ისურვონ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრორუსულად განწყობილი კანდიდატიც იყრიდეს კენჭს. და მათ რაც შეუძლიათ, ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს და ის მედიაში მრავალმხრივად გაშუქდეს რუსულ და უკრაინულ ენებზე, ყირიმში ჩატარებული კენჭისყრისგან განსხვავებით“.

ხუთშაბათს, 20 მარტს, გერმანიის ლიბერალურმა გამოცემა „ცაიტმა“ დაწერა, რუსეთისთვის სავაჭრო ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა ამ ქვეყანაზე ჩინეთის გავლენის დრამატული ზრდა მოიტანოსო, და სხვაგვარი სანქციების მოწოდებით გამოვიდა: „ემბარგოს შემთხვევაში, ჩინელები შეძლებდნენ რუსების ტექნოლოგიურ დახმარებას ნავთობის და გაზის მოპოვება-გამოყენების პროცესებში. გარდა ამისა, მხარდაჭერას მოიპოვებდნენ ის მოსკოველი პოლიტიკოსები, რომლებიც დიდი ხანია ოცნებობენ ჩინეთთან შემაერთებელ გაზსადენებზე, მილსადენებსა და ახალ სავაჭრო გზებზე. მათი მესიჯი შემდეგია: ჩვენ ევროპა არ გვჭირდება. ეს, ამავდროულად, ნიშნავს: ჩვენ არ გვინდა ევროპული ღირებულებები და არ გვინდა თანამშრომლობა. მოსკოვზე ევროპის გავლენა, რომლის შენარჩუნებასაც გერმანიის ეკონომიკა ყოველთვის ცდილობდა, ცივი ომის პერიოდშიც კი სულ უფრო და უფრო შემცირდება. ... პუტინი თუ გააგრძელებს დასავლეთის პროვოცირებას აღმოსავლეთ უკრაინაში, ემბარგო მაინც არ იქნება აუცილებელი. მსოფლიოს შეუძლია რუსეთს ჩამოართვას ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი, განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ ის დროებით „დიდი რვიანიდან“ გარიცხონ“.
XS
SM
MD
LG