Accessibility links

logo-print

სააკაშვილის მოწმედ დაბარებისა და ჟვანიას საქმის გააქტიურების კვირა


გასულ კვირაში პრეზიდენტი მარგველაშვილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ეთერში გააკრიტიკა და თქვა, რომ მასთან არაფორმალური ურთიერთობები აღარ აქვს.

გასულ კვირაში პრეზიდენტი მარგველაშვილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ეთერში გააკრიტიკა და თქვა, რომ მასთან არაფორმალური ურთიერთობები აღარ აქვს.

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, პრეზიდენტით უკმაყოფილება; ზურაბ ჟვანიას საქმის ხელახალი გააქტიურება; ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის თარიღის გადმოწევა და ხმაური სატელევიზიო რეიტინგების გარშემო - ამ თემებისკენ იყო მიპყრობილი გასულ კვირაში საქართველოს მედიის ყურადღება, კვირის ბოლოს კი პროკურატურამ მთელ რიგ საქმეებზე მოწმედ დასაკითხად ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაიბარა.

კვირის ბოლოს საქართველოს პროკურატურამ მთელ რიგ საქმეებზე დასაკითხად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მოწმედ გამოცხადება მოითხოვა. ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ გააკეთა. იმ საქმეებს შორის, რომლებზეც სააკაშვილი უნდა დაიკითხოს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეცაა.

ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას, საქმე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ფოტოკოლაჟი, რომელზეც ასახულია 2005 წელს გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის მოადგილის, რაულ უსუპოვის, ცხედრები.

პროკურატურაში დასაკითხად შესვლამდე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, აბსურდული უწოდა ვარაუდს, თითქოს ზურაბ ჟვანიას საქმეზე წინა ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მურთაზ ზოდელავამ ისიც ახსნა, თუ რატომ ინახებოდა, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს, გარდაცვლილი ყოფილი პრემიერისა და ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის მოადგილის, რაულ უსუპოვის, ექპერტიზის ამსახველი ფოტოები მისი კაბინეტის სეიფში:

„ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩეოდა, ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში, მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში. სწორედ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას არ გაეჟონა, ის ინახებოდა განსაკუთრებულ რეჟიმში და დრომ და სიტუაციამ აჩვენა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. დანარჩენ დეტალებში მე ვერ შევალ, განსაკუთრებით ვერ შევალ იმ დეტალებში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საქმის ნაწილს, ვინაიდან მე, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, ყოფილი პროკურორი, ვალდებული ვარ დავიცვა კონფიდენციალურობა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ ლოგიკას, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, პროკურატურა ავითარებს, თითქოს ჩვენ გვქონდა გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაანგრევდა გამოძიების არსებულ ვერსიას. ეს არის აბსურდი. ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მე მას სეიფში დავტოვებდი? გამეცით ლოგიკური პასუხი, თუ არსებობდა გამოძიების ვერსიის დამანგრეველი მტკიცებულებები, მე ჩავდებდი ამას სისხლის სამართლის საქმეში და დავუტოვებდი ამას სეიფში აჩიკო კბილაშვილს?“

19 მარტს ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ფოტოკოლაჟის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ფოტოები ყოფილი მთავარი პროკურორის კაბინეტში ინახებოდა.

ამბის გააქტიურებიდან მეორე დღეს ორი პირი დააკავეს - ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე, ლევან ჩაჩუა. ორივეს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აქვს წაყენებული. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონის ეს მუხლები ამნისტირებულია და ხანდაზმულიც, საწინააღმდეგოს ირწმუნება პროკურატურა. ოპოზიცია საქმის გასაჯაროებას ითხოვს, ხელისუფლებას კი გამოძიების დასრულებისა და აქამდე არსებული ოფიციალური ვერსიის გაბათილების მოლოდინი აქვს. პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა 20 მარტს გვიან ღამით მოწვეულ პრესკონფერენციაზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგის, ლევან ჩაჩუას, დაკავების მიზეზები განმარტა:

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები, მაშინ როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით.
ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

პროკურატურის ქმედებას მალევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, პროკურატურამ ხანდაზმულობის ვადაგადაცილებული და ამნისტირებული მუხლით დააკავა ადამიანები, რაც, მისი მტკიცებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჟვანიას საქმეს სასპეკულაციოდ იყენებს. ამასთან, როგორც დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა დასძინა, ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას დაკავება მათზე ზეწოლის მოხდენის გზით სასურველი ჩვენების მიღებას ემსახურება:

„არ გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაც ნიშნის გარიგებაა ძაძამიასთან. ეს არის ჩემი საფუძვლიანი ეჭვი. ლევან ჩაჩუას დაკავება ძალიან უცნაურად მოხდა: იყო დაკითხვაზე ადამიანი, გამოუშვეს, გააკეთა კომენტარი და ისევ შეაბრუნეს. გამოჩნდა დღეს ძაძამია, რომელიც, მე ვფიქრობ, დასჭირდათ მათ, რომ მათ აბსურდულ ვერსიაზე ისაუბროს“.

გასულ კვირაში აშკარა გახდა, რომ ევროკავშირი აჩქარდა საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელმოწერის შეთანხმების თარიღთან დაკავშირებით და 20 მარტს ბრიუსელის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწეროს ხელი. ახალი ამბავი ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს ტვიტერის გვერდზე გავრცელდა. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება 21 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველო მზადაა როგორც შეთანხმების ხელმოწერისათვის, ისე იმ საფრთხისათვის, რომელიც შესაძლოა საქართველოს რუსეთისგან მოელოდეს.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, საფრთხეების არსებობას ყველაზე ნათლად ყირიმის მაგალითი ადასტურებს, ყირიმისა, სადაც, მისივე სიტყვებით, რუსეთმა ზომიერების გრძნობა სრულიად დაკარგა. ეს გახდა კიდეც ბიძგი ევროკავშირის დაჩქარებისათვის. თორნიკე შარაშენიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა რუსეთისათვის სერიოზული პოლიტიკური სიგნალი იქნება:

„და თუ ამას მოჰყვება ის, რომ ძალაში შევა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობაც, ეს უნდა იყოს საქართველოსთვის კომპენსაცია, რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში. ცხადია, თუ რუსეთი ახალ ემბარგოს დაგვიწესებს და ამ დროს ჩვენ ახლოს ვიქნებით ევროპასთან, მაშინ, წესით, ევროკავშირისგან სერიოზული კომპენსაცია უნდა მივიღოთ. ხოლო თუ იქნება რუსეთის მხრიდან ჩვენ მიმართ გამოყენებული ეკონომიკური ბერკეტები, ევროკავშირი გამოიყენებს იმავე ბერკეტს ჩვენ დასახმარებლად... ეს არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ევროკავშირი პროცესების დაჩქარებითაა დაინტერესებული, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ჩვენ ასევე განსაზღვრული გვაქვს სავარაუდო საფრთხეები და დაწყებული გვაქვს პრევენციული ღონისძიებებიც. ცხადია, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, მაგრამ მაინც ვფიქობთ, რომ ამ ეტაპზე შედარებით წყნარად წარიმართება მოვლენები“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების რეიტინგების მზომავი კომპანია "თი ვი ემ არ საქართველო" დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი გახდა კვლევაში მონაწილე იმ ოჯახების მისამართების გაუმჟღავნებლობა, სადაც რეიტინგების მთვლელ კომპანიას სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. ფიფლმეტრები (People Meters), აქვს დამონტაჟებული. კომპანია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე ამახვილებს ყურადღებას, რამდენიმე მსხვილი ტელევიზიის ხელმძღვანელს კი ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებას კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდებით ტელევიზიების რეიტინგებით მანიპულირება და, შესაბამისად, მათი სარეკლამო შემოსავლების კონტროლი სურს.

სატელევიზიო რეიტინგებით მანიპულირება, კომპანიების სარეკლამო შემოსავლების კონტროლი - ეს არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიზანი და მოტივაცია, ამბობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

„ყველა ის ტელევიზია, რომელიც მხოლოდ თავის შემოსავლებზეა ორიენტირებული და ამით ცხოვრობს და არა დამფუძნებელთა ფულად დახმარებაზე, უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას და ასეთია „რუსთავი 2“ და, მეორე შემთხვევაში, თუ ამას ჩუმად გაიტანენ, ააყირავებენ სიტუაციას რეიტინგებში და აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ, ხელოვნურად მანიპულირებულ სურათს. ეს არის მანიპულაცია ციფრებით, რაც ძალიან საშიში ტენდენციაა“. "თი ვი ემ არ საქართველო" შვეიცარიული სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების კომპანიის - "ნილსენის" - ერთადერთი ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 330-ზე მეტი ე.წ. ფიფლმეტრის საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. ეს მოწყობილობები ოჯახებშია დაინსტალირებული. კომპანიის კლიენტები საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი დიანა ჩაჩუა ამბობს, სწორედ ამ კომპანიის მიერ დადგენილ სატელევიზიო რეიტინგებს იღებენ მხედველობაში სარეკლამო კომპანიები. დიანა ჩაჩუას თქმით, „თი ვი ემ არ საქართველოს“ მიერ წარმოებული კვლევის მეთოდოლოგია ძალზედ სარწმუნოა:

„შარშან IREX-მა (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ჩაატარა ამ ორგანიზაციის მეთოდოლოგიის კვლევა და აუდიტი, რომელმაც რეალურად არანაირი ხარვეზი არ გამოავლინა და სატელევიზიო კვლევების საერთაშორისო ნორმატივებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია ერთადერთია, რომელიც მსგავს კვლევას აწარმოებს. საინტერესოა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტელევიზიებისთვის. ეს კომპანია ფიფლმეტრების საშუალებით, რომლებიც განთავსებული აქვს 330-მდე ოჯახში, იღებს აუდიტორიის ქცევის შესახებ მონაცემებს, რომელსაც შემდეგ თავის კლიენტებს - ტელეკომპანიებს და სარეკლამო კომპანიებს - უზიარებს. სარეკლამო კომპანიები შემდეგ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, იღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად განათავსონ და რა დროით საკუთარი რეკლამა“.

როგორც „თი ვი ემ არ საქართველოს“ პარტნიორი სოციოლოგიური კვლევის კომპანია "აი პი ემის" წარმომადგენელი გოჩა ცქიტიშვილი ამბობს, შემოწმების დაწყებას წინ უსწრებდა მისი კონფიდენციალური შეხვედრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელთან. შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ კომპანიაში ჩატარებულ ინვენტარიზაციას ერთი მიზანი აქვს – ხელში ჩაიგდოს კონფიდენციალური სიები, მიიჩნევს გოჩა ცქიტიშვილი:

„სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. ცოტა ხანში ყველაფერს მოგიყვებით. პრივატულ საუბარში გვთხოვეს, რომ რაიმენაირად გადამეცა მათთვის სიები. მე ავუხსენი, რომ ეს სიები ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო და არაფერში გამოადგებოდათ, ვინაიდან ოჯახებზე ზეწოლა სამ დღეში ცნობილი გახდება შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის. მე ყველაფერს მოვყვები იმისდა მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები, რომლებიც სამი საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ კომპანიის დირექტორზე და აიძულებდნენ ეთქვა, როგორ მოაწერინა ხელი ოთხმა ადამიანმა ოქმზე. ერთადერთი მიზეზი ამ აქტისა არის კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება“.

გასულ კვირაში პრეზიდენტი მარგველაშვილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ეთერში გააკრიტიკა და თქვა, რომ მასთან არაფორმალური ურთიერთობები აღარ აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და მისგან ჩემი კრიტიკა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, მედიის მეშვეობით არ ვაპირებ საჯარო გავხადო ის თემები, რომელთაც ყოფილ პრემიერთან განვიხილავდით", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, თავი აარიდა საჯარო განმარტებებს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ კრიტიკა მისთვის უსიამოვნო მოსასმენია იმ ადამიანისგან, ვის აზრსაც აფასებს:

„ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ჩემთვის, მართლაც, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვაფასებ ბიძინას, ძალიან მაღალი შეფასება მაქვს მისი. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ის, რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ამასთან ერთად, ბიძინამ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ იყო გარკვეული თემები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით, ვერ მოხდა ბოლომდე შეთანხმება რაღაც საკითხებზე, იყო ინტენსიური მსჯელობები ამ საკითხების ირგვლივ, თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ის, რაზეც ვსაუბრობდით, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას მე არ ვაპირებ ერთი მიზეზით, რომ ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთერთობები ჩემსა და მედიის მეშვეობით ბიძინასთან“.

ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს ის, რომ გიორგი მარგველაშვილი აპირებდა ვეტო დაედო მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადების შესახებ კანონისთვის. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კანონი წაკითხული, გიორგი მარგველაშვილმა ვერ უპასუხა:

„პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ, როდესაც ის გახდა პრეზიდენტი და პრეზიდენტობამდე. 60 წლის ვხდები და მე მსგავსი მაგალითიც კი არ მახსოვს, პრინციპში, მაგრამ არაფერი საოცრებაც არ ხდება. დღეს აღარ ვაგრძელებეთ ჩვენს არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც მე ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ურთერთობები საჭირო აღარ არის და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი რამე მოვლენები ხდება მის ირგვლივ და ამაშიც მე ვერაფერს აუცილებლობას და საჭიროებას ვერ ვხედავ. უკეთესია ჩემთვის, პირადად. დავისვენე, მეტი დრო გამიჩნდა“.

გასულ კვირაში ისევ აქტუალური იყო საყდრისის საბადოს გარშემო განვითარებული მოვლენები. საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის გადარჩენის მიზნით, საზოგადოების ერთი ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, სასწრაფოდ უზრუნველყოს არქეოლოგიურ ძეგლზე დაშვება, რათა ჟურნალისტებისა და მეცნიერების თანხლებით ნათელი მოეფინოს უძველესი მაღაროს მდგომარეობას. გარდა ამისა, ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით, დაუყოვნებლივ შესრულდეს კულტურის მინისტრის დაპირება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის თაობაზე.

საყდრისის მაღარო, თითქმის სამი თვეა, მიუწვდომელია მეცნიერებისა და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირებისათვის. არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სპეციალისტებმა ვერ მოახერხეს არქეოლოგიურ ობიექტზე მოხვედრა.

„მაღაროში ვიყავი 8 იანვარს. ჯერჯერობით უკანასკნელი არქეოლოგი ვარ, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა იქ შექმნილი სიტუაცია. მას შემდეგ იქაურობა სპეციალისტებს არ უნახავთ. ასევე არა მგონია, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს რომელიმე სპეციალისტი შესულიყო იქ“, - უთხრა გოდერძი ნარიმანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ამ ფონზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვნად დაზიანდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიზუალური მასალა, ასევე ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის ქცევა:

„RMG Gold-მა სამჯერ არ შეუშვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მონიტორინგის ოფიციალური ჯგუფი, რომელსაც კანონის ძალით ევალება კულტურული მემკვიდრეობის ვითარების შეფასება, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა კადრები, რომლებიც საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც კიდევ უფრო დიდი ზიანი იკვეთება ამ არქეოლოგიურ ობიექტზე. ამდენად, სასწრაფოდ არის საჭირო იქ ჩასვლა და ობიექტის დათვალიერება არქეოლოგებთან და ჟურნალისტებთან ერთად“.

ამასობაში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საყდრისის ირგვლივ ცოცხალი გალავანი გააკეთონ. აქციის სლოგანად კი მათ "გამოფხიზლდი, დაიცავი საყდრისი!" აირჩიეს.
XS
SM
MD
LG