Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ცინცაძე - უფლებადამცველი


16 მარტი, კვირა
გუშინ ნიკას დაბადების დღე იყო, 11 წლის გახდა. გუშინწინ სიცხემ აუწია. დაბადების დღის წინ ავად გახდომა უკვე მეორეჯერ ხდება მის ცხოვრებაში, ძალიან განიცდის და ცდილობს დამალოს, რომ სიცხე აქვს. დღე ასე გვქონდა დაგეგმილი: შუადღეს კლასელებისათვის უნდა ემასპინძლა ”ზოდიაქოში”, საღამოს სახლში მეგობრები უნდა მოსულიყვნენ. შევთანხმდით, რომ თუ სიცხე დაუწევდა, ”კლასელების დაბადების დღეს” მაინც აღვნიშნავდით, ოღონდ საღამოს წვეულებისგან თავს შევიკავებდით და რამდენიმე დღით გადავდებდით. ასეც მოხდა. კვირა დილას თვალები გაახილა თუ არა, მითხრა: ”ნინო, თავს კარგად ვგრძნობ და თუ მეგობრებს დღეს არ დავპატიჟებთ, მერე დაბადების დღის შეგრძნება დამეკარგება”. ძალიან ცხადად არგუმენტირებული წინადადება იყო, მივხვდი, რომ საღამოსათვის 10 უფროსისა და 10 ბავშვის გამასპინძლებაზე უნდა დამეწყო ზრუნვა. სწრაფად ჩავიცვით, საყიდლების დიდი სია ჩამოვწერეთ, ოღონდ მანამდე აკლი უნდა წამოგვეყვანა ბებოსგან. ია, აფა და ბაბუ აკლის ორი ბებია და ბაბუაა, მათთან ყოველ შაბათ-კვირას ატარებს და იქ ყოფნას არაფერი ურჩევნია. ”ვაკის სახლიდან” ისე არ გამოვა, თუ იამ მანქანამდე არ ჩამოაცილა, ხელში ”ბარნი” არ დააჭერინა და კიდევ ერთხელ მაგრად თუ არ აკოცა. სახლში კიდევ ერთი ბებია ჰყავს, როგორც თვითონ ეძახის - რაზიკო. ეს ორი სიმღერას, სირბილს ან ჭიდაობას რომ წამოიწყებს ხოლმე, მე მხოლოდ ყურებით ვიღლები და ჩემი ოთახის კარების მოკეტვა მინდება.

აკლი მანქანაში ჩავსვით და მაღაზიების ჩამოვლა დავიწყეთ. მიყვარს ბავშვებთან ერთად ”გუდვილში” შესვლა - ურიკას ძალიან საქმიანად და მონდომებით დააქანებენ დახლებს შორის. მართალია, სალაროსთან რომ აღმოვჩნდები, ურიკაში აუცილებლად ვიპოვი აკლის ჩაგდებულ 2-3 გამოუსადეგარ ნივთს, რომელსაც იქვე ვტოვებ, მაგრამ ეს ერთად ყოფნის სიხარულს არ გვიჩრდილავს, პირიქით, თავგადასავალს უფრო სახალისოს ხდის. მანქანა „ცელოფნებით“ სავსეა - ნეტა თუ მოვესწრები იმ დროს, საქართველოში „ცელოფნის პარკების“ მოხმარებას რომ შეზღუდავენ და ახლად აყვავებულ ხის ტოტებზე შემოხვეულ ვარდისფერ და ცისფერ „პარკებს“ აღარ დავინახავ.

7 საათისთვის პატარების სუფრაც გაშლილია და დიდებისაც. პატარების სუფრას ”ნიკას რეცეპტით” ერთობლივად გამომცხვარი შოკოლადის ნამცხვარი ამშვენებს. ნიკას “დიდი კულინარიული ნიჭი” აქვს და საჭმლის კეთებისას ხშირად მეხმარება ხოლმე. როცა აკლი ამას ხედავს, უჯრას აღებს, სათავისო ბლაგვ დანას, პატარა ხის დაფას იღებს და გვიერთდება. ასეთ წუთებში თავს ძალიან მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ.

ნელ-ნელა ჩემი და ნიკას მეგობრები იწყებენ მოსვლას. ნიკას მეგობრები ჩემი მეგობრების შვილები არიან, ნიკასი არ ვიცი, ის ალბათ, თავისი ცხოვრების გზაზე მეგობრებს ბევრჯერ გამოიცვლის, მაგრამ, მე უკვე 42 წლის ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა: ძალიან გამიმართლა - ჩემზე მაგარი მეგობრები დედამიწის ზურგზე არავის არ ჰყავს. არ ვხუმრობ, ამაში ძალიან ხშირად, ძალიან ღრმად ვარ ხოლმე დარწმუნებული.
თავისუფლების დღიურები: ნინო ცინცაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:16:03 0:00
გადმოწერა

17 მარტი, ორშაბათი
ბექასთან ერთად გორში მივდივარ, გაეროს ასოციაციის გორის ახალგაზრდულ ჯგუფთან უნდა გავმართოთ შეხვედრა, ჩვენი საიტი www.tolerantoba.ge უნდა გავაცნოთ და ტოლერანტობის კულტურის საფუძვლებზე უნდა ვესაუბროთ. წინა თვეში ასეთი შეხვედრა ბათუმის და ქუთაისის ახალგაზრდულ ჯგუფებთან გვქონდა. ქუთაისელმა ახალგაზრდებმა ისე მოგვხიბლეს, რომ ხშირად ვუმეორებთ ჩვენ თავს, მათთან რაიმე პროექტით და ახალი იდეებით ისევ უნდა დავბრუნდეთ.

გაგვიმართლა, გორში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს, ბადრის მივყავართ. ბადრი ადრე ზოოვეტის ლექტორი იყო - მეფრინველეობას კითხულობდა და ამიტომ ქათამს არ ჭამს. ზოოვეტი და სასოფლო რომ შეაერთეს, ბადრი სამსახურიდან გამოუშვეს და ახლა მხოლოდ ჩვენთან მუშაობს. უცნაური მუსიკალური გემოვნება აქვს, უყვარს მძიმე როკი, Deep Purple და არც ”იტალიურების” და ”რუსულების” მოსმენაზე ამბობს ხოლმე უარს. ხო, კიდევ, პრინციპული ათეისტია. ბადრის მანქანაში სულ ერთი და იგივე მეორდება და ეს ძალიან მხიბლავს. ბექა ჩაჯდება თუ არა, თავის შედგენილ დისკს დაუწყებს ძებნას და რთავს, მერე ბადრის მოიკითხავს. ბადრი სულ ერთსა და იმავეს ეუბნება, ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტია შექმენი და შენთან მოვდივარო, რაზეც ბექა ერთსა და იმავეს პასუხობს - ”სოციალიზმს არც ერთ ქვეყანაში კარგი არაფერი მოუტანიაო”. მერე იწყებენ კამათს სოციალიზმზე, კაპიტალიზმზე, ღმერთზე, სამყაროს შექმნაზე. ბექას ცოტა ხანში ჩასთვლემს ხოლმე და მაშინ ბადრი მაგნიტოფონზე თავისი საყვარელი სიმღერების ძებნას იწყებს, რომ იპოვის და დამშვიდდება, ბექა ცალ თვალს ახელს, მარცხენა ხელით ისევ იმ სიმღერას აბრუნებს, რაც თვითონ უნდა და ძილს განაგრძობს, მერე ცოტა ხანში იღვიძებს და საჭმელზე იწყებს ლაპარაკს. მიყვარს, ამ დროს ჩემთვის უკან რომ ვზივარ და ფანჯარაში ვიყურები, თავს ორი კარგი ადამიანის გარემოცვაში მშვიდად ვგრძნობ.

გორის ახალგაზრდული ცენტრი შშმ პირების სარეაბილიტაციო სახლშია განთავსებული, ჯგუფში ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეც ჰყავთ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ არ მომწონს, რომ ამას ცენტრის კოორდინატორი ხაზს უსვამს. ამაზე მახსენდება, რა სახე ჰქონდა ჩვენს ირლანდიელ ბაბუას (ასე ვეძახით ჩვენი ბაღების ინკლუზიის პროექტის ექსპერტს შიმუს ჰეგარტის), როდესაც პირველი ჩამოსვლისას ერთ-ერთ ბაღში მივიყვანეთ და აღმზრდელმა ერთ პუტკუნა აუტიზმის მქონე ბიჭს ხელი დაავლო, წინ გამოაგდო და ამაყად გვითხრა, აი, ეს არის ინკლუზიური ბავშვიო.

ახალგაზრდებთან საუბარს tolerantoba.ge-ს გაცნობით ვიწყებ, ბოლოს კი ჩვენი ცენტრის მიერ გადაღებულ პატარა დოკუმენტურ ფილმებს ვაჩვენებ და ვეკითხები, რომლის ნახვა უნდათ. ამ ბოლო დროს აუდიტორია სულ ბოლოდროინდელ, ბენედიქტელ დედათა მონასტერზე გადაღებული ფილმის ნახვას ირჩევს, რადგან აქ მონაზვნად აღკვეცის სცენებიცაა გადაღებული. სანამ ეს ფილმი არ გვქონდა, პოპულარობით ”იეჰოვას მოწმეების” შესახებ გადაღებული ფილმი სარგებლობდა. რომ იცოდნენ, რამდენად ზღაპრულია მალაკნებზე გადაღებული ფილმი, ალბათ, მას აირჩევდნენ. მე კი ვიცი, მე ამ ზღაპარში ვმონაწილეობდი.

ჩემ შემდეგ ლაპარაკს ბექა იწყებს. ეშხში რომ შევა, ფეხზე წამოდგება ხოლმე. გამორიცხულია, მისმა ლაპარაკმა რამდენიმე ახალგაზრდის თავში მაინც წარუშლელი შთაბეჭდილება არ დატოვოს. რამდენჯერაც ვუსმენ, იმდენჯერ ვფიქრობ, რომ ერი მისი სახით დიდ მქადაგებელს კარგავს. :)

18 მარტი, სამშაბათი
დილის შვიდი საათია. შიშველი ფეხების ტყაპუნი მესმის. ეს აკლი მოდის თავისი ოთახიდან ჩემს საბანში შემოსაძრომად. ნახევრად მძინარე საბნის კალთას ვწევ, ისიც მაშინვე ძვრება. ძალიან თბილი და რბილია. „ფუშუნთა“ ლოყებს ვუკოცნი და ორივეს ისევ გვეძინება. 8 საათამდე ჯერ კიდევ დრო გვაქვს. 8 საათზე ნიკას გაღვიძების რთული და ხანგრძლივი პროცედურა იწყება, ჯერ უნდა დაამთქნაროს, მერე უნდა გაიზმოროს, მერე ისევ დაამთქნაროს და ა.შ. სანამ მაგიურ სამამდე დათვლას არ დავიწყებ, თუმცა დღეს პირზე ხელი ამაფარა და მითხრა: - ნინო, გაჩერდი, შენი სამამდე თვლის მეშინიაო. ანდროს გაღვიძება ხომ ცალკე თემაა. ამ ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ საუკეთესო მეთოდი წყლის დასხმაა და ამიერიდან, უკიდურეს შემთხვევებში, გამოვიყენებ.

დილას პორტიჯში უნდა მივიდე, რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი და წერილები დასაგზავნი. პირველ საათზე ეთნიკური უმცირესობების საბჭო ხვდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებს, არ მიყვარს ასეთი ოფიციალური შეხვედრები, მაგრამ ჩემი სამსახურებრივი მოვალეობაა. საღამოს უკეთესი რამ მელოდება - ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის საკათედრო ტაძარში რუსუდან გოცირიძის პატივსაცემად მიღება იმართება. რუსუდანმა ხომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული საერთაშორისო ჯილდო მიიღო, როგორც გამორჩეულად მამაცმა ქალმა.

ვესწრები წირვას, რომელსაც მეუფე რუსუდანი უძღვება და მახსენდება წლევანდელი, უფრო სწორად, შარშანდელი ნაძვის ხის აწყობის საღამო. 17 დეკემბერია, საღამოს მე და ჩემმა შვილებმა სარდაფიდან ნაძვის ხე ამოვიტანეთ და ერთად ვაწყობთ. ძალიან ლამაზი ნაძვის ხე და სათამაშოები გვაქვს. ნიკა და აკლი სათამაშოების დაკიდებაში აქტიურად მონაწილეობენ, ანდრო იქვე ზის და იუტუბიდან სხვადასხვა საშობაო სიმღერას გვირჩევს განწყობის შესანარჩუნებლად. თავს ყველანი კარგად ვგრძნობთ. უცებ ანდრო დათო კოვზირიძის გადაცემას პოულობს, სადაც სტუმრად რუსუდან გოცირიძეა. ნაძვის ხის აწყობას ვაგრძელებთ, თან მე და ანდრო რუსუდანს ვუსმენთ. სიხარულის განცდა მეუფლება, რომ ეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს ამდენად გულწრფელი ქრისტიანობაში, ამდენად ღია და მიმღები ყველას მიმართ და ასე ღრმად აზროვნებდეს, ჩემი ქვეყნის პირველი ეპისკოპოსი ქალია და რომ მასთან ერთად პერიოდულად რაღაც საქმეების კეთება მიწევს. ანდროც ძალიან მოხიბლული იყო. უკვე დიდია და ჭკვიანი. მე მას ვენდობი და მისი იმედი მაქვს.

წირვაზე ტარიელ მიქელაძეს ვხედავ. ძალიან გულიანი, ქართველი მუსლიმი კაცია. ნოემბერში აჭარაში ყურბან-ბაირამის გადასაღებად რომ ვიყავით ჩასული, ტარიელი გვმასპინძლობდა და სოფელ-სოფელ დაგვატარებდა სხვადასხვა ოჯახებისა და ჯამეების გადასაღებად. მაგრად წვიმდა და გვარიანად დავსველდით, შუადღეზე ცოტა დრო გვქონდა წასახემსებლად, მაგრამ, სანამ საჭმელად წაგვიყვანდა, ტარიელმა მოულოდნელად ბათუმში თავის მაღაზიაში შეგვიყვანა და ყველას თითო წყვილი შალის წინდა დაგვირიგა, ფეხზე გამოიცვალეთო. მას შემდეგ ვინმესთან ერთად ბათუმის ამ მაღაზიას თუ ჩავუვლი, აუცილებლად ვეუბნები, რომ აქ შალის წინდები ჩაგვაცვეს.

19 მარტი, ოთხშაბათი
დღეს ბევრი რამ მაქვს მოსასწრები, დილას ექიმთან ვარ რუტინულ ვიზიტზე ჩაწერილი, გადასახადების გადახდა არ უნდა დამავიწყდეს, მერე აკლის სკოლაში უნდა მივიდე და მისი ინდივიდუალური გეგმის გადაფასებაში მივიღო მონაწილეობა, 2 საათზე უნივერსიტეტშია შეხვედრა, უნდა დავგეგმოთ მომავალი კონფერენციის თემატიკა და ასპექტები. ოთხის ნახევარზე ახალ მშობლებს ვხვდები 3 თვის დაუნის სინდრომის მქონე პატარასთან ერთად. არ უნდა დამაგვიანდეს, კახეთის შორეული სოფლიდან არიან ჩამოსულები და შეიძლება მოგნებაში ჩემი დახმარება დასჭირდეთ. მერე სამსახურს უნდა მივხედო, 21 მარტისათვის დასაგზავნი წერილების ამბავიც არ უნდა დამავიწყდეს.

მგონი, ყველაფერს ვასწრებ, აკლის სკოლიდან გამოვედი და ახლა უნივერსიტეტში მისვლამდე 10 წუთი მაქვს, რომ სახლში ავირბინო და ქურთუკი გამოვიცვალო, დამცხა. ტელეფონი რეკავს, დღეს ოთხის ნახევარზე რომ უნდა შევხვედროდი, ისინი არიან, უკვე მოსულები ვართ და გარეთ გელოდებით, არა უშავს ოთხის ნახევრამდეც დაგელოდებითო. ასეთი რამ პირველად არ ხდება, სოფლად დროის შეგრძნება, ეტყობა, სრულიად განსხვავებულია. მანქანას ვატრიალებ, უნივერსიტეტში ვრეკავ, რომ დამაგვიანდება და მშობლებისკენ მივიჩქარი. ძალიან საყვარელი პატარაა, მამას ისე ჰყავს გულზე მიხუტებული, ვხვდები, რომ სიყვარული არ მოაკლდება. მშობლებს რამდენიმე რჩევას ვაძლევ, ჩვენს თარგმნილ და გამოცემულ წიგნებს ვატან, ვუხსნი, როგორ უნდა გამოიყენონ და ვთანხმდებით, რომ 1 თვეში ისევ ჩამოვლენ მიღწეული შედეგების საჩვენებლად და უნივერსიტეტში გავრბივარ.

20 მარტი, ხუთშაბათი
სამსახურში, ტოლერანტობის ცენტრში, ადრე მივდივარ, ძველი ვალები მაქვს გასასტუმრებელი, პატარა სტატიები დასაწერი, აიდა ეზიდისა და ნოვრუზ-ბაირამის მისალოცები - გასამზადებელი. მეილზე მიღებული უამრავი წერილიდან, რომელთა ნაწილის წაკითხვაც გუშინ ვერ მოვასწარი, ვხვდები, რომ 2 საათზე დიღომში უნდა ვიყო, ნეირორეაბილიტაციის ცენტრში, ადრეული განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში უნდა მივიღო მონაწილეობა.

საღამოს სახლში დაღლილი ვბრუნდები, ნიკა უნდა ვამეცადინო. სავარძელში ვიჭმუჭნები და ვთხოვ, მეცადინეობა დაიწყოს, რვეული და კალამი მოაქვს და ისიც იმავე სავარძელში იჭმუჭნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე თუ არ მაზის, ისე ვერ მეცადინეობს. კალე ბლუმკვისტის ერთ-ერთი თავის მოკლე შინაარსი აქვს დასაწერი, ცდილობს, რომ მთელი თემა მე მაკარნახებინოს, მე ვცდილობ, რომ თვითონ იაზროვნოს. ამას წინათ ”სალტროკას” კითხვა დავასრულეთ, მაგრა გავერთეთ ორივე, ვინ უფრო სწრაფად გარბოდა წიგნის მოსაძებნად საღამოობით, მე თუ ის, არც ვიცი. მერე რომ ვკითხე, რომელი პერსონაჟი მოეწონა, ბოცმანიო, მიპასუხა. არ მიკვირს. 4 წლამდე, რომ კითხავდი ვინ უნდა გამოხვიდეო, ლომიო, გპასუხობდა. ნიკასთვის კითხვის დრო ძილის წინაა, აკლისთვის - დილაობით. ანდროს პატარაობაშიც ასე იყო. ამას წინათ ვუთხარი, კითხვა პირდაპირ ”სადიდო” წიგნებით რომ დაიწყე, საბავშვო წიგნებს რა უნდა უყო-მეთქი, - რა უნდა ვუყო, ყველა გაქვს ჩემთვის წაკითხულიო, მიპასუხა.

21 მარტი, პარასკევი
პარასკევი კარგი დღეა. აკლი ჩოგბურთზე მიდის თავის დიანასთან; ნიკა თეატრალურ წრეზე - თამთასთან, მე კი საღამოს ჩემს მეგობრებთან მივდივარ.

მაგრამ ეს პარასკევი განსაკუთრებულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ 21 მარტს ჩემი ძვირფასი მეგობრის და ჩემთვის ”წერა-კითხვის მასწავლებლის”, ნინო დობორჯგინიძის დაბადების დღეა; მერე იმიტომ, რომ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეცაა. 9 წლის წინ, 28 თებერვალს ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მეორე დღეს რომ მკითხეს, ვთქვათ თუ არა ღიად შენს შვილს დაუნის სინდრომი რომ აქვსო, მხოლოდ ორი წამი დამჭირდა იმაზე დასაფიქრებლად, რომ ამის დამალვით იმ ერთი დღის პატარა არსების ღირსებას შეურაცხვყოფდი, ჩემს გვერდით რომ იწვა და გუდურასავით ეძინა. მას შემდეგ ჩემი შვილის და დაუნის სინდრომის მქონე სხვა ბავშვების ღირსების დაცვა ჩემი ცხოვრების ნაწილია. კაცმა რომ თქვას, ცოტა არ გამიკეთებია: საქართველოში დავაფუძნე ადრეული განვითარების პროგრამა, დღეს ამ პროგრამაში 65 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია ჩართული, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც. პროფესიონალთა არაჩვეულებრივი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც დიდი თავდადებით მუშაობს. არ ვიცი ვავლენ თუ არა, მაგრამ, მგონი ყველამ იცის, რომ მათ შრომას ძალიან ვაფასებ. ვთარგმნეთ და ქართულ ენაზე გამოვეცით სრულიად უნიკალური წიგნები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობაში ძალიან გვეხმარება. ძალიან ჭკვიან ადამიანებთან ერთად შევქმენით ბაგა-ბაღების პროგრამა და მართვის სტრატეგია. დღეს ჩვენი გუნდის მუშაობით თბილისის საბავშვო ბაღებში ინკლუზიური სწავლება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თითქმის ყოველკვირეულად ვხვდები და კონსულტაციებს ვუწევ ახალ მშობლებს. ვგრძნობ, რომ ამით მათ ძალიან ვეხმარები. ორი წლის წინ საქართველოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია ჩვენ დავამკვიდრეთ; წელს უკვე ამ დღეს ბევრი ეხმაურება, რაც კარგია. ამ წლის მანძილზე დაუნის სინდრომის სამედიცინო პროტოკოლი მოვამზადეთ. დღეს 4 საათზე ამ პროტოკოლის განსახილველად ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სოროსის ფონდში ვიკრიბებით. მანამდე კი ჩვენი ორგანიზაციის წევრები ”ჭრელი წინდების” მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

22 მარტი, შაბათი
ლაგოდეხში მივდივარ. წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოს სამარიტელთა კავშირთან ერთად, ადრეული განვითარების პროგრამა ლაგოდეხშიც დავაფუძნეთ. ახლა პროგრამაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 16 ბავშვია ჩართული. სამი კვირის წინ რომ ვიყავი ჩასული და იქაური პედაგოგები თავიანთ ბავშვებთან მუშაობაზე მელაპარაკებოდნენ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანა პატარ-პატარა საოცრებებითაა სავსე. დღეს ლაგოდეხში ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები ჩაგვყავს. ცენტრის თანამშრომლებს და მშობლებს, ბავშვების უშუალო მონაწილეობით, პრაქტიკული ვორქშოპი უნდა ჩავუტაროთ. მანქანაში ძალიან ახალგაზრდა ოკუპაციური თერაპევტი მიზის, ნინო, უნივერსიტეტი სულ ერთი წელია, რაც დაამთავრა. აკლისთანაც მუშაობს და ძალიან მეხმარება. ვიცი, რომ მეც მაქვს წვლილი შეტანილი მის პროფესიულ ზრდაში. მინდა, რომ ძალიან ბედნიერი და სავსე ცხოვრებით იცხოვროს.
XS
SM
MD
LG