Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მკვლელობის გამო ერაყში მედია გაიფიცა


ერაყში გამომავალმა ათობით გაზეთმა პროტესტის ნიშნად კვირას შეწყვიტა გამოცემა და რადიოს თავისუფლების ერაყის ბიუროს უფროსის მკვლელის დაისჯა მოითხოვა. თვითმხილველთა ჩვენებით, რადიო თავისუფლების ბაღდადის ბიუროს უფროსი მოჰამედ ბდაივი ოვაიდი ალ შამარი ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის, გასამხედროებულ ფორმირება პეშმერგას წევრმა მოკლა ბაღდადის ჯადრიას რაიონში, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა რადიო თავისუფლების ბაღდადის ბიუროც მდებარეობს. სწორედ ერაყელი ქურთების სახალხო ლაშქარი პეშმერგა ახორციელებს ეთნიკური ქურთი ერაყის პრეზიდენტის, ჯალალ ტალაბანის რეზიდენციის დაცვას. თავად ტალაბანიმ, რომელიც 2012 წლიდან მკურნალობას გერმანიაში გადის, მომხდარს „დანაშაული“ უწოდა. ერაყელი დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სინდიკატი კი ბდაივი ოვაიდი ალ შამარის მკვლელობას ჟურნალისტების დაშინების ფაქტად მიიჩნევს. ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიქი შეხვდა ოვაიდის ოჯახის წევრებს და დაჰპირდა მათ, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავე აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. ჰასან რაშიდის ჟურნალისტური ფსევდონიმით ცნობილი, ალ შამარი ჟურნალიზმის ასოცირებული პროფესორი იყო ბაღდადის ალ მუსტაანსირიის უნივერსიტეტში. იგი 1993 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე მედია საშუალების სარედაქციო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე. 46 წლის ბდაივი ოვაიდი ალ შამარის მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
XS
SM
MD
LG