Accessibility links

logo-print
ავტორი: ლაშა ჩხაიძე

არსებობს ერთი ქართული ანდაზა, უსაქმურ კაცსა და მახათთან პირდაპირ კავშირში. აღარ დავასრულებ, რადგან ცოტა უხამსია და თან, დარწმუნებული ვარ, ყველას მოუსმენია. მე არასდროს არ მომწონდა ეს ანდაზა, რადგან ბევრჯერ მჭერია ხელში მახათი. მეტსაც გეტყვით, ახლაც მახათი მიჭირავს ხელში. ხარაზი ვარ მე. დღეს კვირაა, მაგრამ არ ვისვენებ, ხელში წუღა მიჭირავს და ვსაქმიანობ. ჰო, მართლა, ხარაზი კი ვარ მაგრამ მეწაღეს მიწოდებენ.
სამუშაო ადგილას ყოველთვის ტელევიზორს ვრთავ, სხვა გასართობი არა მაქვს აქ, თუ რომელიმე ენაწყლიან მუშტარს სათვალავში არ ჩავაგდებთ, რომლებიც იშვიათად მესტუმრებიან ხოლმე. ახლაც ჩართულია ჩემი ძველი ტელევიზორი და საინფორმაციო გამოშვება იწყება. მე მიყვარს სიახლეების გაგება, უნდა იცოდე კაცმა, რა ხდება დუნიაზე, ჰოდა ინტერესით ვიწყებ თვალყურის დევნებასა და მოსმენას. წუღას მერეც დავამთავრებ.
"დატბორება ჩვენ სოფლის ბოლოს კეთდება, გვირაბი ჩვენ სოფელში გადის. არის მეწყერსაშიშრული სოფელი, ფაქტები გვაქვს ადგილზე დღეს ვითარდება. მათ არ არიან ამ საქმეში ჩარეული, მაგრამ ვრცელდება. და მათ რომ ჩაერევიან ალბათ უარესობისკენ იქნება." - აქციის მონაწილე ხულოში, ნოდარ იაკობიძე.
"კიდევ ერთხელ მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა მათ, არა მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარე, არამედ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, ნუ სხვა მთავრობის წევრებიც და იყო, ესე ვთქვათ, მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ შედეგს ხედავთ." - ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი.
"წვიმის ხარჯზე, ფაქტიურად, ტალღები ჩახშა." - ლაშა სირიბაძე, აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი.
"ძაან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ თასის მოგება, მითუმეტეს რუმინეთი ჩვენთან ჩამოდის და გახსოვთ, შარშან, ჩვენ მათთან გასვლაზე ნიჩია ვითამაშეთ... ფრე ვითამაშეთ, უკაცრავად." -კეთილად იღიმის დავით კაჭარავა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე.
მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ უყვარს ლობიო. მერე ყვება, აფხაზეთის ომში როგორ გააკეთა ადგილობრივი მოსახლის ქათმისგან ჩიხირთმა.
"მანქანა ყავდა, ძველი ადინაცატი." - აგრძელებს მომდევნო ისტორიის მოყოლას ქართველი პოლიტიკოსი და მობოდიშება არც კი ახსენდება, კაჭარავასაგან განსხვავებით. მერე უფრო შორსაც მიდის და ტუალეტზე ყვება კურიოზს კულინარიულ გადაცემაში.
"ერთხელ ნიაზის ერთი მისამღერი:
სიყვარული თუ გაქრება,
მზე იტირებს და ჩაქრება...
მაქვს ნამღერი ოთხი საათი." - ნინო ქათამაძე, მომღერალი, ნიაზ დიასამიძის კონცერტის შემდეგ.
"თითოეული სათათბიროს წევრებზე გაიცა შვიდას ორმოცდაათი ლარი." - კითხულობს მიხეილ ქავთარაძე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
"ეს ხალხი არიან პარტ. აქტივი." - წაკითხვის გარეშე აგრძელებს იგივე მიხეილი.
"დაახლოებით რვა ათასი ადამიანი, სათათბიროს წევრების მუშაობის შედეგად, დღეს რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც მარტოხელა, გაჭირვებული... " - მიყვირის საბურთალოს გამგებელი გია ხუროშვილი. რატომ მიყვირი შე კაი დედ-მამის შვილო, რა დაგიშავე?
"ფიზიკურად მოხდა დაპირისპირება. და ის რაღაც ცდილობდა რომ ისქნა ჩემთვის აპირებდა უკანა სიდენიიდან გამოღებას იარაღის თუ დუბინკის თუ ესე შემდეგ. ის იძახოდა გაგანადგურებ თუ მოგკლავ მარა ამას წინაპირობა ქონდა რო გუშინ ღამის საათებში დამიკავშირდა ვინმე გიორგი გიორგაძის სახელით, პიროვნება, რომელიც მემუქრებოდა ფიზიკურ განადგურებით." - მერაბ ღოღობერიძე, "თავისუფალი საქართველოს" ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
"როცა ფეისბუკზე წაიკითხა გუშინისწინ, მაგრა უცემია... დედას ვინც შეგაგინებს, პასუხი მას უნდა გასცეთ, ეს არის ჩემი მოსაზრება და მე მას ბოლომდე დავიცვამ." - მურმან დუმბაძე, პარლამენტარი.
"მე და ჩემი ძმა ვერ გავუსწორდებოდით მაგას ფიზიკურად, იმიტო რო მე არ მცალია ფიზიკურად გასასწორებლად." - განაგრძო ბატონმა მურმანმა.
"განცდა გვაქვს, რომ აღნიშნული პრაქტიკა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურება და არა რეალურად მოქალაქეთა ინტერესებს." - ნინო ლომჯარია, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
დიახ, დიახ, მეც მაქვს განცდა, რომ სატელევიზიო პერსონაჟების უმრავლესობა გაუნათლებელია, ბევრი მათგანი გამართული ქართულით ვერ საუბრობს, ზოგიერთი კეთილია, ზოგი საყვარელი. ყველას შეუძლია ახალ ამბავში (ე.წ. ნიუსი) მოხვედრა და არავინ აკონტროლებს, რას და როგორი ენით მეტყველებს რესპოდენტი. მე ჩვეულებრივი ხარაზი ვარ, მაგრამ მგონია, რომ ყველას არ უნდა ქონდეს ტელევიზიით ხმის ამოღების შესაძლებლობა, ისედაც შერყვნილი ქართული ენა მეტად რომ არ შეირყვნას. ჩვეულებრივი ხარაზი ვარ მეთქი და მხოლოდ წუღებს ვკერავ, თორემ დიდი სიამოვნებით ამოვუკერავდი პირს ბევრ პირღია ადამიანს, რომლებსაც სხვაგვარად ვერ გააჩერებ, ვფიქრობ მე და ტელევიზორს ვრთავ. საქმე მაქვს დასასრულებელი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG