Accessibility links

logo-print

საქართველოს ევროპული ოდისეა


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

საქართველოს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, ძნელბედობისა თუ ძლევამოსილების ჟამს, ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უმთავრესი პოლიტიკური არჩევანი - ევროპა.
ქართულ-ევროპულ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს ევროპული ოდისეა საბერძნეთიდან იწყება, სადაც პირველად გამოიკვეთა ამ უკანასკნელის წარმოდგენა კოლხეთზე, როგორც სახელმწიფოებრივად მძლავრ გაერთიანებაზე. არგონავტებმა ძნელი და დამქანცველი გზის შემდეგ მაიანც მოახერხეს კოლხეთში ჩამოსვლა და ოქროს მოპოვების საიდუმლო ტექნოლოგიის გაგება. მას შემდეგ მრავალმა წელმა, ათწლეულმა და ათასწლეულმა განვლო. გეოპოლიტიკური მდგომარეობა მრავალჯერ შეიცვალა. დღეს, წარსულისგან განსხვავებით, ქართველები ვეძებთ ევროპაში ოქროს საწმისს - პოლიტიკური და ეკონომიკური წამრატების საიდუმლოს სახით. დღეს, წარსულისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს ოქროს საწმისამდე გასავლელი გზა.
ქრონოლოგიური სიზუსტით ვიმოგზაუროთ წარსულში, რომელშიც ნათლად ჩანს ჩვენი მისწრაფებები და კავშირები ევროპასთან, დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
ძვ.წ IV საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა. ძვ.წ I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ და ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში. მარადიული პოლიტიკური არჩევანის წინაშე საქართველო ყოველთვის იდგა. ამის დასტურია გუბაზ მეფის სიკვდილის შემდეგ 554 წელს გამართული წარჩინებულთა კრება, რომელზეც ნათლად გამოიკვეთა პროდასავლურისა და პროაღმოსავლური კურსის დაპირისპირება. რა თქმა უნდა, საღმა აზრმა გაიმარჯვა.
ქართველი ერი თავისი თვითშეგნებით ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იყო და ამ კულტურულ გარემოში თავს მყუდროდ გრძნობდა.
შეუძლებელია, პარალელს ვავლებდეთ ევროპასთან და არ ვახსენოთ ყუთლუ-არსლანის პროგრამა, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები განიხილავენ, როგორც ფეოდალური სახელმწიფო წყობილების იურიდიული საფუძვლების გარდაქმნის მცდელობას. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ,რაც მოგვიანებით მონტესკიემ მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოაყალიბა ( იგულისხმება ხელისუფლების დანაწილება მეფესა და პარლამენტს შორის), საქართველოში მეთორმეტე საუკუნეში ჩანასახის სახით უკვე არსებობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპაც თავისი ოჯახის წევრად განიხილავდა. გავიხსენოთ ჯვაროსნული ომები, რომლებშიც დავით აღმაშენებელი მონაწილეობდა. ეს მოვლენა გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ევროპისაკენ სწრაფვა მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით არ იყო განპირობებული.
ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ, ერთ-ერთ თავის პუბლიცისტურ წერილში თქვა: ,,ჩვენ არჩევანით ვქმნით არა მარტო მომავალს, არამედ ვირჩევთ წარსულსაც’’. ჩვენი წარსული ყოველთვის საზრდოობდა ევროპასთან სიახლოვით. ჩვენ ყოველთვის მოვიაზრებოდით ევროპის განუყოფელ ნაწილად.
ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მოდერნიზაცია, რომელიც დემოკრატიისთვის აუცილებელ გარემო პირობებს შექმნის, ზემოთ თქმულის განხორციელების გზა მხოლოდ ევროპაშია.
გერმანიის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა,კლაუს კონკელმა ერთ-ერთ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროპა არ იქმნება ხელშეკრულებებისაგან, იგი მოქალაქეთა გულებში ყალიბდება. ევროპულ ფასეულობებს საკუთარ თავში უნდა ვეძებდეთ, ესაა ერთადერთი და სწორი გზა ევროპისაკენ მიმავალი.
მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობის მცდელობა, სწრაფად აინაზღაუროს დაკარგული, მეოცე საუკუნეში ევროპული და ამერიკული ფასეულობების მარტივი გადამღერებაა, და დღეს ჩვენს ქვეყანაში მათი პროპაგანდა არსობრივად ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების შენების პრინციპებს.
ევროპა და ევროპული ფასეულობები ხომ, პირველ რიგში, ნიშნავს თვითრეფლექსიას, ანუ საკუთარ თავზე, საკუთარ ისტორიაზე, წარსულსა და მომავალზე დაფიქრებას, რაც თავისუფლების გარანტიას გვაძლევს. პიროვნების თავისუფლების საუკეთესო მოდელი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ევროპამ შემოგვთავაზა.
სამწუხაროდ, შექმნილმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ, ათწლეულების განმავლობაში მოგვწყვიტა მშობლიურ კერას.
მახსენდება გერმანელი სოციოლოგის, ჰელმუტ პლენსერის ,,დაგვიანებული ერის’’ ცნება. რომლის მიხედვითაც მართლაც დავაგვიანეთ, თუმცა, გზა საქართველოდან ევროპამდე მაინც არსებობს. ყველაფერი სახელმწიფოს გონივრული პოლიტიკის, თითოეული მოქალაქის კეთილი ნებისა და სურვილის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.
და მაინც, თუ ოდესმე, ვინმე მკითხავს, ვარ თუ არა ევროპელი, 1999 წლის 27 იანვარს,ზურაბ ჟვანიას მიერ გაჟღერებული საოცარი სიტყვებით ვუპასუხებ : მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG