Accessibility links

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მათი მოსაზრებების გათვალისწინებას სთხოვს. ხელმომწერები ემხრობიან გორის თვითმმართველ ქალაქად გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიზე ხუთი ან მეტი მუნიციპალიტეტის შექმნის იდეას.

ამჟამად საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხს განიხილავს. ერთი ვარიანტის მიხედვით, გორის მაგალითზე, ცალკე იქნება გორი, როგორც თვითმმართველი ქალაქი, და დარჩენილი სოფლებისგან ერთი სათემო მუნიციპალიტეტი შეიქმნება, 100-ზე მეტი სოფლით. ამ ვარიანტს „ერთს პლუს ერთი“ ჰქვია. რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები, თვითმმართველობის ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მთავრობას ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობენ. ეს ვარიანტი, ისევ გორის მაგალითზე, ცალკე ქალაქის გარდა, ამჟამინდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ ხუთი ან მეტი მუნიციპალიტეტის შექმნას ითვალისწინებს. „გორის საინფორმაციო ცენტრში“ სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა და ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებით ოპტიმიზაციის ალტერნატიული ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. თვითმმართველობის ექსპერტმა კოტე კანდელაკმა „ერთს პლუს ხუთის“ უპირატესობებზე ისაუბრა.

ამჟამად გორის 18-მილიონიანი ბიუჯეტის 80 პროცენტზე მეტი ქალაქის საჭიროებებისთვის იხარჯება. ოპტიმიზაციის შემდეგ თითოეულ მუნიციპალიტეტს საკუთარი ბიუჯეტი ექნება. ასეთ მუნიციპალიტეტებს ეყოლება მოსახლეობის მიერ არჩეული გამგებელი და საკრებულო, ექნებათ საკუთარი გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც განაწილდება მასში შემავალი სოფლების საჭიროებებზე. თემების მოსახლეობას ექნება მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს გამგებლის და საკრებულოს საქმიანობა. შეხვედრაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების „გორის საინფორმაციო ცენტრისა“ და „უსაფრთხო მსოფლიოს“ ორგანიზებით გაიმართა, სოფლის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ალტერნატიული ვარიანტი ცალკე აღებულ თემებს მეტი განვითარების საშუალებას აძლევს. კარალეთში მცხოვრები ხათუნა ხათაშვილი და ძევერელი დავით კეჩხუაშვილი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის რეალური დეცენტრალიზაციის დასაწყისი სწრაფად უნდა განხორციელდეს.

აღნიშნულ საკითხზე ცალკე მსჯელობა გაიმართება გორის საკრებულოშიც. ადგილობრივი დეპუტატები სამთავრობო კომისიას საკუთარ გადაწყვეტილებას გააცნობენ. ალტერნატიულ ვარიანტს მხარს უჭერს გორის გამგებელი პაპუნა კობერიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მთავრობას ურჩევს, მეტი საკონსულტაციო შეხვედრა გამართოს მოსახლეობასთან და მათ მოუსმინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველობის რეფორმა წარუმატებელი იქნება.

ადმინისტრაციული ოპტიმიზაციის ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით, გორის რაიონის ტერიტორიაზე გეოგრაფიული პრინციპით იქმნება ვარიანის, მეჯვრისხევის, შავშვების, ხიდისთავისა და კარალეთის მუნიციპალიტეტები. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილზე აშენებულ ახალ ადმინისტრაციულ შენობებსა და მომსახურების ცენტრებში მიიღებს ყველა იმ მომსახურებას, რისთვისაც ადრე გორში უწევდა სიარული. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხების განხილვას საქართველოს პარლამენტი აპრილში დაიწყებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG