Accessibility links

პროტესტი ლიტერატურის სახელით - რატომ ვერ გაიგეს „მელია-ტულეფია“?


ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძე

მწერალსა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ მრჩეველს, ზურაბ ქარუმიძეს, პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი სვანური ტრადიციების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად ქარუმიძის ცნობილ რომანს, „მელია-ტულეფიას“, ასახელებს. პარლამენტარი მწერალს გაზეთ „ასავალ დასავლის“ ფურცლებიდან აკრიტიკებს. ეს ამბავი საქართველოს მედიაში განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობა ქარუმიძის ბრიტანეთში ელჩად დანიშვნის შესახებ იმ დროს, როდესაც ამ ინფორმაციას თავად ზურაბ ქარუმიძეც ადასტურებდა.

პარლამენტის უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ამჯერად ლიტერატურული ნაწარმოების, რომან „მელია ტულეფიასა“ და მისი ავტორის, მწერალ ზურაბ ქარუმიძის შესახებ უხერხული გამონათქვამების გამო მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. სოსო ჯაჭვლიანმა მწერალ ზურაბ ქარუმიძის 2011 წელს გამოცემული რომანი „მელია-ტულეფია“ სვანეთის შეურაცხყოფად შეაფასა. გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში ჯაჭვლიანი რომანის და თავად ავტორის მისამართით ამბობს:

„ქარუმიძეს ყოველ სიტყვაზე ფალოსი აკერია პირზე. ეტყობა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს შეიძლება რამეზე ვეკამათო? დიახ, პირდაპირ ასე დაწერეთ, ქარუმიძე არის ფალოსი და ჩემი ეს შეფასება გადამოწმებას არ ექვემდებარება“.

შემდეგ სოსო ჯაჭვლიანს ჟურნალისტი ეკითხება აზრს ზურაბ ქარუმიძის ბრიტანეთში ელჩად დანიშვნის თაობაზე, რაზეც „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ასე პასუხობს: „საქართველოს თუ უნდა ფალოსი ჰყავდეს ელჩად, ეს საქართველოს არჩევანია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფალოსი საქართველოსაც მთელ მსოფლიოში წარმოაჩენს როგორც ფალოსს“.
მოგეხსენებათ, ნაყოფიერების რიტუალი დაკავშირებულია ფალიკურ სიმბოლოებთან და ამ რიტუალში ეს ყველაფერი სიმბოლურად თამაშდება. სწორედ ეს რიტუალი ხსნის რომანს, რომელიც ესიზმრება ჩემს პრესონაჟს...
თავად ზურაბ ქარუმიძემ გამომცემლობა „სიესტის“ ხელმძღვანელთან, ქეთი კიღურაძესთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუში განმარტა, რომ მისი რომანის “მელია-ტულეფიას“ - როგორც მხატვრული, მეტაფორული ტექსტის - აღქმის თვალსაზრისით, მართლაც, გაუგებრობა შეიქნა. მათთვის კი, ვისაც რომანი არ წაუკითხავს, ზურაბ ქარუმიძე მასზე მუშაობის ისტორიას მოგვითხრობს. რომანი მთავარი გმირის, შაქროს სიზმრით იწყება, რომელშიც ნაყოფიერების რიტუალი მელია-ტულეფიაა აღწერილი. ამ არქაული რიტუალის შესახებ თავად ზურაბ ქარუმიძემ პირველად ივანე ჯავახიშვილის ცნობილ ნაშრომში, „ქართველთა წარმართობაში“ ამოიკითხა. მაშინაც კი ეს რიტუალი უკვე აღარ არსებობდა, თუმცა შემდგომში მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს იყო ძველი ხეთური რიტუალი, რომელიც სვანეთში შემორჩა:

„მოგეხსენებათ, ნაყოფიერების რიტუალი დაკავშირებულია ფალიკურ სიმბოლოებთან და ამ რიტუალში ეს ყველაფერი სიმბოლურად თამაშდება. სწორედ ეს რიტუალი ხსნის რომანს, რომელიც ესიზმრება ჩემს პრესონაჟს, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს სვანეთი, განსაკუთრებული ენთუზიაზმი აქვს სვანეთის მიმართ, რაღაც-რაღაცები წაუკითხავს კიდეც, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის ეს წიგნიც და ასეთი ფანტასმაგორიული, სიურრეალისტური სცენებით იხსნება ეს რომანი, რომელიც, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, საჭიროებს ასეთ რაღაცებს, რომ მე ვაჩვენო პერსონაჟის ხასიათი და მისი სამყარო“.

რაც შეეხება ზურაბ ქარუმიძის ბრიტანეთში ელჩად დანიშვნის საკითხს, ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ზემოთ ნახსენები ინტერვიუს შემდეგ მედიასთან საუბრისას უარყვეს. რადიო თავისუფლებამ თავად ზურაბ ქარუმიძესთან გადაამოწმა, განიხილებოდა თუ არა, მართლაც, მისი კანდიდატურა ამ პოსტზე და მან გვითხრა, რომ ელჩობა მას ამ სამიოდე კვირის წინ შესთავაზეს და შესაბამისი პროცედურებიც დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ზურაბ ქარუმიძე გახლავთ მთავრობის კანცელარიის პოლიტიკური ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მრჩეველი.
“ასავალ-დასავალმა”არაერთი ქართველი მწერლის ლიტერატურული ტექსტი დაამახინჯა და გააყალბა, რითაც, პირველ ყოვლისა, მიზანმიმართულად მოატყუა მკითხველი და უხეშად შელახა საავტორო უფლებები...
„საქართველოსთვის იქნება საამაყო, ასეთი კაცი წარმოადგენდეს ქვეყანას, - ბრიტანეთში ზურაბ ქარუმიძის ელჩად შესაძლო დანიშვნის საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, თუმცა ასევე შენიშნა, რომ "ჯაჭვლიანის რეაქციაზე კომენტარის გაკეთება მისი საქმე არ არის".
მომხდარს უხმაუროდ არ ჩაუვლია მწერალთა წრეებში - „ასავალ-დასავლის“ პუბლიკაციას და დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის გამონათქვამებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პენცენტრი. განცხადების ხელმომწერი მწერლები საზოგადოებას გამოცემა “ასავალ-დასავლის” მიმართ ერთობლივი ქმედითი პროტესტისაკენ მოუწოდებენ:

„მრავალი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად აღვივებს შუღლს, თესავს სიძულვილს და ზიზღს, ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ათასგვარი სიყალბითა და ცილისწამებით ლახავს მის პატივს და ღირსებას. “ასავალ-დასავალმა”არაერთი ქართველი მწერლის ლიტერატურული ტექსტი დაამახინჯა და გააყალბა, რითაც, პირველ ყოვლისა, მიზანმიმართულად მოატყუა მკითხველი და უხეშად შელახა საავტორო უფლებები. არ დარჩენილა ადამიანური, საზოგადოებრივი განვითარებისათვის სასიცოცხლო ღირებულება, რომელიც “ასავალ-დასავალს” არ შეურაცხუყვია“.

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ გამოცემას აძლევს საშუალებას იყოს დაუსჯელი და უკონტროლო... „ყოველივე ამას კი ემატება “ასავალ-დასავლის” მიერ ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის შემდგომ - ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ს.ჯაჭვლიანის, ხოლო შემდგომში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გ.ხელაიას რეაქცია ქარუმიძის დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად წარდგინების თაობაზე. არ გვსურს დავიჯეროთ "ასავალ-დასავლის" კამპანიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას შორის კავშირის არსებობა, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მიგვითითებენ. მეტიც, ხსენებული ფაქტები იწვევენ ჩვენში განგაშს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს ისეთმა ანტიჰუმანურმა გამოცემამ, როგორიც “ასავალ-დასავალია”.
არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც ვიღაცისთვის მიუღებელ საქციელს სჩადიან და ისინი შეიძლება იყვნენ ქართველებიც, სომხებიც, ბურკინა-ფასოელებიც ან, სულაც, ქვეყნის შიგნით რომელიმე კუთხის წარმომადგენელი...
პოეტი პაატა შამუგია რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ მკითხველს შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით დასანანია, როცა ლიტერატურას და მის ავტორს შეურაცხოფას პარლამენტარი აყენებს:

„როდესაც პარლამენტის წევრი ფალოსს უწოდებს მწერალს და ყველას მოუწოდებს, რომ მათაც ფალოსებს დაუძახებს, თუ ხმას მისცემს ამ მწერლის კანდიდატურას ელჩის თანამდებობაზე, არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი შანტაჟი და საბოტაჟი. ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ეს და ლიტერატურა განიხილონ მხოლოდ პროფესიონალებმა და არა ვიღაც პარლამენტარებმა და ყვითელი პრესის წარმომადგენლებმა. ადამიანს, მწერალს მოსთხოვო მხატვრული ტექსტის ნამდვილობა, ამის დამამტკიცებელი საბუთები, ასეთი რამ საერთოდ არ გამიგია“.

პაატა შამუგია ამბობს,რომ ის ძალიან წუხს, როცა დღეს, 21-ე საუკუნეში, საზოგადოებისთვის უწევს იმის ახსნა, რომ ლიტერატურაში არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ იდეალურები:

„არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც ვიღაცისთვის მიუღებელ საქციელს სჩადიან და ისინი შეიძლება იყვნენ ქართველებიც, სომხებიც, ბურკინა-ფასოელებიც ან, სულაც, ქვეყნის შიგნით რომელიმე კუთხის წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ამის გამო ვენდეტა გამოაცხადო და მუშტებზე დაიწყო ყურება? ხანდახან მგონია, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს ამ ქვეყანაში თავიდან და ვასწავლოთ ამ ადამიანებს წერა და კითხვა და ტექსტიდან შინაარსის გამოტანა“.

25 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოულოდნელად პოეტი გიორგი ხასაია გამოჩნდა და „მელია-ტულეფიადან“ ნაწყვეტი წაიკითხა.

ასე გამოხატა ხასაიამ საკუთარი პროტესტი, პარლამენტარებს კი უთხრა, რომ ისინი, სოსო ჯაჭვლიანის შიშით, ძალიან კარგი ქართველი მწერლის - ზურაბ ქარუმიძის - მარგინალიზაციას ახდენენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG