Accessibility links

logo-print
„მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტის“ მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი იზიარებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონპროექტმა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება, ერთპიროვნულად - პრემიერის ხელმოწერის გარეშე - მიანიჭოს მოქალაქეობა, დაუსაბუთებლად არ უნდა დაამცროს. საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის როლის დაკნინება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის საჯაროდ გაკრიტიკების შედეგია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას „მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებების მიმართ. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე განმარტავს, საქართველოს მოქალაქედ ქცევის რამდენიმე გზა არსებობს - ეს არის მოქალაქეობის მინიჭება, მეორე - მიღება ნატურალიზაციის გზით და მესამეა აღდგენა. კონსტიტუციის მიხედვით, თუ მოქალაქეობის მინიჭების დროს პრეზიდენტს არ სჭირდება პრემიერის თანხმობა, მაშინ რატომ უნდა იყოს თანხმობა საჭირო მოქალაქეობის მიღების სხვა ფორმებთან დაკავშირებით? - ეს კითხვა აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს თამარ გვარამაძეს.

მთავრობის ინიციატივით, პარლამენტი განიხილავს „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებას, რომლის თაობაზეც საწინააღმდეგო აზრის შემცველი დასკვნა პრეზიდენტის ადმინისტარციამ 3 თებერვალს გაუგზავნა პარლამენტს:

„მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა და ამ დროს ნაწილში, სადაც საუბარია მოქალაქეობის მინიჭებაზე, მაშინ არ საჭიროებდეს პრემიერის თანხმობას და ნაწილში, სადაც საუბარია მინიჭების ერთ-ერთ ქვესახეობაზე, მიღებასა და აღდგენაზე, საჭიროებდეს თანხმობას, ასეთი დაყოფის და უფლებამოსილების ასეთი დანაწილების საჭიროებას ვერ ვხედავთ ჩვენ, უბრალოდ“.
ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტის პრეტენზიები იყო სრულიად სამართლიანი. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ამბობს, რომ მე მაქვს ჩემი უფლებამოსილებები...

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობის მინიჭების უფლება პრეზიდენტის პოლიტიკურ უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხია, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენამდე ამბობს, რომ ეს არ არის პრეზიდენტის ხელში მნიშველოვანი პოლიტიკური ბერკეტი, რომლის ექსკლუზიურად სარგებლობის შესაძლებლობით რაიმე ზიანის მიყენება შეიძლებოდეს, თუ არ გავიხსენებთ შემთხვევას, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა ეს თემა 2012 წლის არჩევნების წინ გამოიყენა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ვახუშტი მენამდე ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის როლის შემცირებასთან ერთად საგულისხმოა ისიც, რომ მისი მნიშვნელობა სხვაგვარად მოდიფიცირდა და მას შეიძლება, ერთი მხრივ, არბიტრის და, მეორე მხრივ, ნეგატიური მოთამაშის როლი ვუწოდოთ, ანუ მისი ფუნქციები უფრო რაღაცის შეფერხებაა, მაგალითად, ვეტოს დადება, და მეორე ფუქცია ეს არის თანამდებობებზე დანიშვნის ფუნქცია, ანუ პრეზიდენტს კი არ აქვს ძალაუფლება, ძალაუფლება აქვთ მის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებს. და დღეს პრეზიდენტს აქვს იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე, უბრალოდ, ნომინალურ პრეზიდენტს, რაც, ვახუშტი მენაბდის აზრით, ძალიან კარგია სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსის თვალსაზრისით:

„და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტის პრეტენზიები იყო სრულიად სამართლიანი. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ამბობს, რომ მე მაქვს ჩემი უფლებამოსილებები და კონსტიტუციურ სისტემაში არ დავთმობ ჩემს უფლებამოსილებებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ“.
სახეზე არის დეკლარირებული პოლიტიკა პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქისა ბოლომდე გააცამტვეროს, პოლიტიკურად დაასამაროს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი...

კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ საკომიტეტო დონეზე პირველი მოსმენითაა განხილული, შენიშვნების შესატანად მზად არისო, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს:

„პრეზიდენტის ინტერესია და მისი საპარლამენტო მდივანი სწორედ ამითაა დაკავებული, რომ ადრეულ სტადიაზე თითოეული კანონპროექტის განხილვის დროს ჩვენ ვიცოდეთ პრეზიდენტის შეხედულებებიც და ისევე, როგორც ვაანალიზებთ და ვითვალისწინებთ ბევრ სხვა მოსაზრებას, ასევე ვაანალიზებთ და ვითვალისწინებთ ამ მოსაზრებებსაც“.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შენიშვნების წერილი კანონპროექტთან დაკავშრებით მანამდე გაიგზავნა, სანამ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სატელევიზო ეთერიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გააკრიტიკებდა, საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ ეს თემა კიდევ ერთი დასტურია პრეზიდენტთან ღია დაპირისპირებისა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს პრეზიდენტის როლის კიდევ უფრო დამცრობას:

„სახეზე არის დეკლარირებული პოლიტიკა პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქისა ბოლომდე გააცამტვეროს, პოლიტიკურად დაასამაროს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტის ასე დამცრობა, ასე ფეხქვეშ გათელვა, მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის“.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე გიორგი კვერენჩხილაძე განმარტავს, მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტის ნაწილზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ქმედითი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და შენიშვნების ნაწილიც გაზიარებულია.
XS
SM
MD
LG