Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა სიცრუე უწოდეს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს


საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა სიცრუე უწოდეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. 25 მარტს, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მის მიმართ ზურაბ ჟვანიას მეუღლეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ დაებრუნებინა „ძალიან დიდი თანხის“ ნაწილი. სააკაშვილის განცხადებითვე, ზურაბ ჟვანიასთვის თანხის გადაცემის ინფორმაცია მის მეუღლეს ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა მიაწოდა. ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს გამო თბილისში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და მათი ყველა საუბარი გამოძიებას ეხებოდა. „მე შემიძლია ეს შეხვედრები შევაჯამო მიშას სიტყვებით - მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. მისივე თქმით, ერთადერთი შემთხვევა, როცა თანხაზე იყო საუბარი, უკავშირდებოდა ოჯახის ერთ-ერთ ვერსიას ანგარებით მკვლელობის შესახებ. „რადგან დაცვის უფროსმა ღამით გახსნა ორივე სეიფი, შესაძლოა, იქიდან რაღაც თანხაც მოეპარა მით უმეტეს, რომ სეიფებიდან ჩემი პირადი ნივთებიც დაიკარგა“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მას ნინო ქადაგიძემ გარდაცვლილის მოწმედ მოყვანა უწოდა. პრესკონფერენციას ესწრებოდა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დედა რემა ჟვანია. მან პოლიტიკოსებს და მედიასაშუალებებს მოუწოდა, გამოძიების დასრულებამდე შეწყვიტონ აჟიოტაჟი, რომელიც ოჯახს დიდ ტრავმას აყენებს.
XS
SM
MD
LG