Accessibility links

logo-print
კაკაოს მაღალი შემცველობის შოკოლადი სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის. მაგრამ, როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ეს სასარგებლო ზემოქმედება დამოკიდებულია კუჭ-ნაწლავის ბაქტერიების მოქმედებაზე. მათ აჩვენეს, რომ მიკრობების ზემოქმედებით შოკოლადიდან გამოიყოფა ანტიოქსიდანტები და ანთებითი პროცესების შემაფერხებელი სხვა ნივთიერებები. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ ლაბორატორიული ანალიზების გზით, რომელთა დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმულირება ხდებოდა. გამოკვლევის შედეგები წარმოადგინეს ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების კონფერენციაზე.

ამ თემაზე მომუშავე ჯგუფის წევრის, ლუიზიანის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლის, მარია მურის თქმით, შოკოლადის ჭამისას საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხდება ბიფიდოფაქტერიებისა და ლაქტობაცილების მიერ მისი დაშლა. ცდის დროს შეისწავლეს, როგორ ხდება ადამიანის კუჭ-ნაწლავში კაკაოს ფხვნილის მონელება. კაკაოს ხის თესლი შეიცავს პოლიფენოლებს, - მათ შორის ეპიკატექინს, - და საკვებ ქსოვილებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ზემოქმედებით არ იშლება. ადამიანის კუჭ-ნაწლავში არსებული ფერმენტების ზემოქმედებით ლაბორატორიაში ექვსიდან თორმეტ საათამდე პერიოდში წარმოიქმნა ე.წ. მოკლე ჯაჭვური ცხიმის მჟავები და პოლიფენოლების გახლეჩისგან მიღებული პროდუქტები. მათი მოლეკულები იმდენად პატარა იყო, რომ ნაწლავის კედლების გზით შეეძლოთ სისხლში მოხვედრა. კაკაოს მონელების შედეგად წარმოქმნილ ნივთიერებებს შორის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კარაქის მჟავა და პროპიონის მჟავა, რომლებიც ანთებითი პროცესების შემაკავებლებად არის ცნობილი.

ამით აიხსნება, რატომ ამცირებს შოკოლადის მოხმარება არტერიოსკლეროზისა და სისხლის ჩაქცევის რისკის. ამასთან, ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონ ფინლის აზრით, კვებამ, რომელიც ბიფიდობაქტერიებისა და რძემჟავის ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს, შეიძლება ეს დამცავი ეფექტი კიდევ უფრო გააძლიეროს.
XS
SM
MD
LG