Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულნარა ქარიმოვას პრობლემები ღრმავდება


გულნარა ქარიმოვა
გულნარა ქარიმოვა
უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილის, გულნარას სახელი ფიგურირებს კორუფციულ საქმეში, რომელიც შვედეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიას უკავშირდება.

როგორც შვედეთის ეროვნული ანტიკორუფციული უწყების მთავარმა პროკურორმა გუნარ სტეტლერმა სამშაბათს რადიო თავისუფლების უზბეკურ სამსახურს უთხრა, ქარიმოვა ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში, რათა კომპანია „ტელიასონერა“ უზბეკეთის ბაზარზე შესულიყო: „ჩვენ საკმარისი მტკიცებულება მოგვეპოვება საიმისოდ, რომ გულნარა ქარიმოვა ქრთამის აღების საქმეში ეჭვმიტანილად განვიხილოთ“.

პროკურორების თანახმად, 2007 წელს „ტელიასონერამ“ 358 მილიონი დოლარის ეკვივალენტური თანხა გადაიხადა, რათა გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანია „ტაკილანტისგან“ ლიცენზია მოეპოვებინა. ამავე დროს, კომპანიისთვის ცნობილი იყო, რომ „ტაკილანტის“ უკან ქარიმოვა იდგა:

„ვფიქრობთ, საბოლოო ანგარიშით, შევძლებთ იმის ჩვენებას, რომ „ტელიასონერას“ ფული გულნარა ქარიმოვას მიერ კონტროლირებულ კომპანიებში გადაირიცხა. ეს ჩვენი ეჭვია და ვთვლით, რომ მას საკმარისი მტკიცებულება ამყარებს, თუმცა მტკიცებულებების მოპოვებას კვლავაც განვაგრძობთ. ბრალდების ოფიციალურად წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ საიმისოდ, რომ სასამართლოს ჩვენი ეჭვი ვაცნობოთ, საკმარისი მტკიცებულება მოგვეპოვება“.
შეუძლებელია ადამიანივით იცხოვრო მაშინ, როცა კამერები გიყურებს, ყველგან შეიარაღებული კაცები დგანან და დეპრესია გაქვს იმის გამო, რისი მოწმეც გახდი...
წერილიდან ამონარიდი

ეს ვერსიები პირველად 2012 წელს გამოითქვა, შვედეთის სატელევიზიო პროგრამაში. მას შემდეგ სამსახური დაკარგა „ტელიასონერას“ აღმასრულებელთა დიდმა უმრავლესობამ - აღმასრულებელმა დირექტორმა და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლებმა.

„ტელიასონერა“ აცხადებს, რომ თანამშრომლობს შვედეთის პროკურატურასთან.

ორი კვირის წინ შვეიცარიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ ფულის გათეთრების საქმის თაობაზე მათი გამოძიება 2013 წლის შემოდგომაზე გაფართოვდა და ქარიმოვა ეჭვმიტანილი გახდა.

41 წლის ქარიმოვას 2013 წლის ივლისამდე დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, თუმცა შემდეგ ის მოიხსნა გაეროში და ჟენევაში განთავსებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უზბეკეთის წარმომადგენლის თანამდებობებიდან.

გულნარა ქარიმოვას პრობლემები შინაც შეექმნა.

უზბეკეთში დახურეს მისი მედიაიმპერია, რომელიც რამდენიმე ტელეკომპანიას მოიცავდა. ამასთან, გადასახადების დამალვისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე დახურეს ტაშკენტში მდებარე მოდური სამოსის ათზე მეტი მაღაზია, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ქარიმოვას ან მის ბიზნესპარტნიორებს ეკუთვნოდა.

თებერვალში მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ტაშკენტში მდებარე ქარიმოვას ბინაში მისი რამდენიმე ახლობელი და პარტნიორი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს მონაწილეობა უკანონო ბიზნესაქტივობაში, ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და დიდი ოდენობით ფულის უკანონო ექსპორტში.
ხელით დაწერილი წერილის ასლი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, გულნარა ქარიმოვას ეკუთვნის
ხელით დაწერილი წერილის ასლი, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, გულნარა ქარიმოვას ეკუთვნის
ასეთ ფონზე, რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური და ბიბისი აცხადებენ, რომ მოიპოვეს ასლები ხელით დაწერილი წერილისა, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ქარიმოვას ეკუთვნის. წერილში ქარიმოვა ამბობს, რომ მას ტაშკენტში შინაპატიმრობაში ამყოფებენ, „მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ“, და რომ ის ნაცემია.

წერილს ხელს არავინ აწერს, მაგრამ არაერთი ფაქტორი მიანიშნებს, რომ ავტორი, მართლაც, ქარიმოვაა. ამ ფაქტორებს შორისაა წერილში ნახსენები დეტალები, ზოგადი სიტუაციის ცოდნა და მსგავსება ქარიმოვას ხელწერასთან.

წერილის ავტორი აღწერს შინაპატიმრობის პირობებში ყოველდღიურ ყოფას: „შეუძლებელია ადამიანივით იცხოვრო მაშინ, როცა კამერები გიყურებს, ყველგან შეიარაღებული კაცები დგანან და დეპრესია გაქვს იმის გამო, რისი მოწმეც გახდი“.

წერილის თანახმად, ქარიმოვა აკრიტიკებს თავის მამას, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს. ამბობს, მან თავის საკუთარ შვილებს უღალატა და შვილიშვილები გაანადგურაო. წერილის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს ისლამ ქარიმოვის შესაძლებლობას ქვეყანა მართოს, თუმცა იქვე დასძენს, „ბევრი ადამიანია მოწმე, რომ მამას მე ყოველთვის უპირობოდ ვცემდი პატივს და ის გულწრფელად მიყვარდაო“.
XS
SM
MD
LG