Accessibility links

logo-print

მკითხველის მოსაზიდი სათაურის ადგილი


ავტორი: კესო ჭურღულია

ჩვენ ორი უკიდეურესობის საზოგადოება ვართ. საზოგადოება, რომლისთვისაც უცხოა ნეიტრალური დამოკიდებულება. ერთი შეხედვით, ნეიტრალურობა ცუდი ტონია, ინდიფერენტულობის სურნელი ასდის. მაგრამ არსებულ მდგომარეობას თუ განვიხილავთ იმ კუთხით, რაზეც ქვემოთ მექნება საუბარი, მგონია, რომ ერთ-ერთი (და არა საუკეთესო) გამოსავალი ((თუნდაც) საკუთარი ნერვების გადასარჩენად) საშუალო მდგომარეობის მოძებნაა, ვიდრე საზოგადოების იმ ორი დაპირისპირებული ნაწილიდან რომელიმეს მხარეს ყოფნა.
რას ვგულისხმობ? ფანატიკოს მორწმუნეებსა და “ყველაზე ათეისტებეე”-ს (ჩამონათვალში მსგავსი წარმატებით შეიძლება მოვიხსენიოთ „ყველაზე ფემინისტები“ და „ყველაზე კდემამოსილი მანდილოსნები“, „ყველაზე ჰომოფობი მუჟიკები“ და ... მოკლედ, რა გამოლევს და ამ ეტაპზე, თავიდანვე ხსენებულ კატეგორიაზე შევჩერდეთ) შორის გამართულ ვერბალურ (ძირითადად, ვირტუალურ სივცეში) და, ზოგჯერ, ფიზიკურ (“ტაბურეტკიანი” მღვდლების გარდა არაფერი მახსენდება, თუმცა ეგ სხვა თემაა) დაპირისპირებას.
Facebook-ი რომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ეგ „არ ახალია, ძველია“.
მაგრამ, როცა საკუთარ გვერდზე უსასრულო რაოდენობის მარაზმს (მოდაშია ახლა ეგ სიტყვა) ხედავ, მინიმუმ - საკუთარი აზრის გამოთქმის, მაქსიმუმ - მიღებული საკვების უკუმიმართულებით ამობრუნების (გლეხურადა რომ ვსთქვათ, გულის არევის) სურვილი გიჩნდება. დიდი ალბათობით, ნაგულისხმევი გვერდების „განლაიქებას“ მირჩევთ (და მოვქცეულვარ კიდეც ასე, როგორც რელიგიური, ასევე მათ წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე გვერდის შემთხვევაში), მაგრამ ამით მხოლოდ ჩემს ნერვებს ეშველება, საქმეს - არ.
თუ ვოლტერს დავუჯერებთ (ამბობენ, ჭკვიანი კაცი იყოო და, ალბათ, დაეჯერება კიდეც), „შენი ხელის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება სხვისი ცხვირი.“ ამ შემთხვევაში კლავიატურასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ დღეს მორწმუნეობის გამოხატვის საკმაოდ მახინჯ ფორმებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს იმ ხალხს ნამდვილად არ ამართლებს, ვინც „ანი“-დან ვიდრე „ჰოე“-მდე უწმაწურ სიტყვებს არ იშურებს პომიდორზე „სასწაულებრივად“ გამოსახული ჯვრის ფოტოს ქვეშ კომენტარების წერისას (იბერიელებს კი გვჩვევია სექსუალური სურვილების ვერბალურად გამოხატვა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ეს იმ ვაიმორწმუნეებსაც ეხებათ, რომლებიც ცალი მჯიღის გულზე ცემითა და მეორით არანაკლებ ბილწი სიტყვების აკრეფით რწმენის შეურაცხმყოფელთ ემუქრებიან). არ ვცდილობ რომელიმე მხარის დამცველად წარმოვაჩინო თავი, მაგრამ თუ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს, პირველ რიგში, განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ და ეს განსხვავებული აზრი არ უნდა იქცეს, ერთი მხრივ, „ცეცხლითა და მახვილით“ შემშინებელი მორწმუნისა და, მეორე მხრივ, გინების მთელი არსენალით შეიარაღებული „ათეისტის“ (ბრჭყალებში იმიტომ, რომ, მეეჭვება, ბევრს ამ სიტყვის არსი ჰქონდეს გააზრებული) სამიზნედ.
ისიც ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი არ იცნობს ქრისტიანობის საფუძვლებს (ამ საკითხში არც მე ვარ ექსპერტი), თუმცა, არა მგონია, ეს ხელს უშლიდეს ადამიანს იმაში, რომ სწამდეს ის, რაც/ვინც უნდა. აი, როგორ უნდა სწამდეს, ეგ სხვა საკითხია და სწორედ ამას მივყავართ გამოხატვის იმ ფორმამდე, რომელსაც „გააზიარე თუ იესოს სახლში შემოუშვებდი“ ( და მრავალი სხვა „ზეკრეატიული“ სახელი) ჰქვია.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მოვლენის შეფასებისას პოლუსებზე ყოფნა ჩვენი არც თუ სახარბიელო თვისებაა: ან შავი უნდა ვთქვათ, ან თეთრი (და, ვაი, იმის ბრალი, ვინც შეგვეწინააღმდეგება). არადა, სხვა ფერებიც არსებობს და მათაც თუ დავიტანთ პალიტრაზე, კარგს ვიზამთ (ავბრძენმეტყველდი).
მოკლედ: არც სხვისი რწმენის დაცინვით (და ამით შენი „თანამედროვე აზროვნების“ ხაზგასმით) და მით უმეტეს, უზნეობის/გარყვნილების/გათახსირების/ქართველობის წართმევის/... წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმვით პრობლემა არ მოგვარდება. თუ გვინდა, რომ ჩვენს აზრს პატივი სცენ, ჩვენც იგივე უნდა ჩავიდინოთ სხვების მიმართ-მარტივი შექცევითი პროცესია.
კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ქართველებმა ერთმანეთი არ უნდა დავხოცოთ, ისედაც ცოტანი ვართ.
რაიმე უტოპიურს ვქადაგებ?
დაე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG