Accessibility links

logo-print

"ამნესტი ინტერნეშნლმა" გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შესახებ


ხუთშაბათს „ამნესტი ინტერნეშნლმა“ გამოაქვეყნა 2013 წლის ანგარიში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შესახებ. 20 წლის წინ მსოფლიოს 37 ქვეყანაში მიმართავდნენ სასჯელის ამ ზომას, გასულ წელს კი ასეთი ქვეყნების რაოდენობა 22 იყო. გასულ წელს ერაყსა და ირანში ყველაზე მეტი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიკვდილით დასჯილი ადამიანების რაოდენობა 2013 წელს 100-ით გაიზარდა. მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევათა უდიდესი წილი რამდენიმე ქვეყანაზე მოდის. ირანში გასულ წელს სულ ცოტა 369 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ერაყში - 169. მათ სიკვდილით დამსჯელი ქვეყნების რიგში მეორე და მესამე ადგილები მიეკუთვნა, პირველზე ჩინეთია. თუმცა, ჩინეთში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა გასაიდუმლოებულია. „ამნესტი ინტერნეშნლის“ ვარაუდით, ყოველ წელს ჩინეთში ათასობით ადამიანს სჯიან სიკვდილით. ორგანიზაციისთვის ცნობილია, რომ ჩინეთში სულ ცოტა 778 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც 2012 წლის მსგავს, მიახლოებულ მონაცემს 96-ით აღემატება. სხვა ქვეყნების მონაცემები ასეთია: მეოთხე ადგილზეა საუდის არაბეთი, სადაც, გასულ წელს 79 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით; მეხუთეზეა აშშ, სადაც 2013 წელს 39 სიკვდილის დასჯის შემთხვევა აღინუსხა, მეექვსეზეა სომალი - 34 შემთხვევით. 2013 წელს სიკვდილით დასჯა მსოფლიოს 22 ქვეყანაში გამოიყენეს, რაც ერთით მეტია 2012 წელთან შედარებით. სასჯელის ეს ფორმა აღდგა ინდონეზიაში, კუვეიტში, ნიგერიასა და ვიეტნამში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში, სადაც 2012 წელს მიმართავდნენ სიკვდილით დასჯას, გასულ წელს განაჩენის სისრულეში მოყვანის არც ერთი შემთხვევა არ აღნუსხულა. მაგალითად, ასეთებს შორის არიან გამბია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და პაკისტანი. გასულ წელს სიკვდილით დასჯის გამოყენებას თავი აარიდა ბელორუსიამაც. 2009 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ ევროპასა და შია აზიაში სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ მოუყვანიათ.
XS
SM
MD
LG