Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა ბარაკ ობამამ და მიატოვა თუ არა ნატომ საქართველო


საქართველოში ვნებათაღელვა და, შეიძლება ითქვას, ერთგვარი პანიკაც გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ საქართველო და უკრაინა "არ არიან ნატოს წევრობის გზაზე". მართალია, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ბარაკ ობამას სიტყვებმა უკმაყოფილო დატოვა, მაგრამ ისინი მაინც ვერ ხედავენ შეშფოთებისა და პანიკის საფუძველს. თბილისი კმაყოფილიც კია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ილუზიები დაამსხვრია და ნატოსთან გაწევრიანებასთან მიმართებით რეალობის შესაბამისი განცხადება გააკეთა.

ნატომ მიგვატოვა, ნატომ უარი გვითხრა, ნატო გვატყუებს - საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ასეთი შინაარსის შეფასებების ტალღა სოციალურ ქსელებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებებს მოჰყვა. 26 მარტს ბრიუსელში ამერიკა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, გაზრდის თუ შეამცირებს უკრაინის კრიზისი ნატოს გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების კუთხით, ბარაკ ობამამ ასე უპასუხა:

„არც უკრაინა და არც საქართველო არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამ ეტაპზე არ არსებობს ნატოს გაფართოების გეგმა. რუსეთი მიანიშნებდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა უკრაინის პოტენციური წევრობა ნატოში. მეორე მხრივ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინას ოფიციალურად არ გამოუხატავს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფება, არის მისი რთული ურთიერთობა რუსეთთან და, ცხადია, არ მგონია, რომ ეს უახლოეს მომავალში შეიცვლება".

ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე და ამიტომ ჩვენი ამოცანა...
ირაკლი ღარიბაშვილი
მაშინ, როცა საზოგადოების ერთმა ნაწილმა პრეზიდენტ ობამას სიტყვებში შემაშფოთებელი აქცენტები ამოიკითხა და ნატოსკენ სავალი გზა კიდევ უფრო დაუგრძელდა, შექმნილმა სიტუაციამ დააკმაყოფილა საქართველოს ხელისუფლება. მაგალითად, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 27 მარსტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ფუჭი ილუზიები დაამსხვრია:

”ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე და ამიტომ ჩვენი ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ ისევე, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს”.

”ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს ნატოში მიიღებენ” - ეს უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფაინჯიკიძის სიტყვებია. ის თვლის, რომ უელსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებით ”ასახული იქნება პროგრესი”, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოვლინდა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველო განაგრძობს მტკიცე და თანმიმდევრულ სვლას ალიანსისკენ რწმენით, რომ ”ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი“.
უნდა მივხვდეთ, რამდენი რამეა ჩვენთვის შიგნიდან გასაკეთებელი, რამხელა საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სახლი მოვიყვანოთ წესრიგში, რომ მერე საგარეო პოლიტიკაშიც უფრო მეტი წარმატება გვქონდეს...
ლევან ცუცქირიძე

რაც შეეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), როგორც სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ვროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პერტიაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ბარაკ ობამას განცხადება ”არავითარ შემთხვევაში არ ეხება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თუ არმინიჭების საკითხს”. სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 28-ვე წევრი და ნატოს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ”შესაბამისად და ჯეროვნად უნდა იქნეს ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში”.

საქართველოს ხელისუფლების მიერ პოზიტიურ ჭრილში გაკეთებული კომენტარები სავსებით გასაგებია პოლიტოლოგ ლევან ცუცქირიძისთვის, რადგანაც შექმნილ სიტუაციაში საზოგადოების პოზიტიური განწყობების შენარჩუნებას ის ხელისუფლების მოვალეობადაც კი მიიჩნევს. ეს იმიტომ, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიეს და უარი თქვეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, პოლიტოლოგის თქმით, ჩვენ, უბრალოდ, დავკარგავთ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლევან ცუცქირიძე ჩვენთან საუბრისას, სხვა არაერთი ანალიტიკოსის მსგავსად, საქართველოსთვის საკმაოდ არასასურველად მიიჩნევს ბარაკ ობამას განცხადებას, ის მაინც თვლის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ სიტყვებით რუსეთისგან მეტი აგრესიის გამოწვევას მოერიდა. ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საქართველო ამ ფაქტმა უნდა გამოაფხიზლოს და გაააქტიუროს:

”უნდა მივხვდეთ, რამდენი რამეა ჩვენთვის შიგნიდან გასაკეთებელი, რამხელა საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სახლი მოვიყვანოთ წესრიგში, რომ მერე საგარეო პოლიტიკაშიც უფრო მეტი წარმატება გვქონდეს... MAP-ის მიღება არ ნიშნავს ნატოში მაშინათვე გაწევრიანებას და ამიტომ ეს არ იქნება იმის საწინააღმდეგო ტექნიკურად, რაც თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. ასე რომ, ამის შესაძლებლობა არსებობს - უბრალოდ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ”.

მართალია, ბარაკ ობამას წერტილი არ დაუსვამს და არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ ანალიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ, რომ ამერიკის პრეზიდენტს თავის კომენტარში არ უხსენებია გაწევრიანებასთან დაკავშირებული დაპირება, რაც ალიანსის წევრებმა 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე დადეს და რის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ერთ დღეს აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე აუცილებლად მიიჩნევს აქტიურ მუშაობას დიპლომატიური არხებით, რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო არენაზე გაკეთდეს განცხადებები, რაც საქართველოს ნატოსკენ სვლის შეუქცევადობას გაუსვამს ხაზს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG