Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა დაწვრილებით აშუქებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების მიერ 26 მარტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის პასუხად გამართულ პრესკონფერენციას. „ალია“ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეს კიდევ ერთ პუბლიკაციას უძღვნის - ეს არის ინტერვიუ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან. ის ამბობს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციიით, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების გარდა, უნდა არსებობდეს სხვა ფოტოებიც - „იქ უნდა ყოფილიყო ჟვანიას ტალახიანი პიჯაკიც. იყო ამის ფოტო და ისიც უნდა ყოფილიყო ფოტოებში. თუმცა უსუპოვის დათხვრილი ტანსაცმელი ჩანდა, ხოლო ჟვანიასი არ ჩანდა... ეს ტანსაცმელი დაკარგულია იმიტომ, რომ მტვრიან ტანსაცმელზე დამატებითი კვალის აღმოჩენის შესაძლებლობა არსებობდა და ამიტომ გაქრა“.

პროკურატურის მიერ გააქტუალურებული საქმეების შესახებ „ახალ თაობას“ „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე ეუბნება: „ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ბინძური თემებია შემოგდებული მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციებისათვის და ეს ყველაფერი არ დასრულდება სააკაშვილის მიერ პროკურატურაში ჩვენების მიცემით. ეს კიდევ უფრო სხვა, მძიმე საქმეს ემსახურება და ამას ყველა ნახავს. ყველაზე მინიმუმ, ამას „ოცნება“ გამოიყენებს თავისი ოცნებების ასასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...“.

რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ზურაბიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს: „დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება, მაგრამ აქ პრობლემა არის, როდის და როგორ“. ზურაბიშვილთან ინტერვიუს გარდა, გაზეთ „პრემიერში“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ლაგაზიძე აცხადებს: „მომავალი სწორედ იმით შეგვაფასებს, რამდენად შევძლებთ სახელმწიფოს ინტერესების პირად გამორჩენასა და „პატრონის“ შეკვეთაზე მაღლა დაყენებას“.

„ქვეყნის დამბლა“ - ასეთია გაზეთ „პრემიერის“ მთავარი სტატიის სათაური. ავტორი წერს: „გამოდით დილით ადრე ლონდონის, ბერლინის, ვენის ან, თუნდაც, თბილისივით პატარა ბრიუსელის ქუჩებში. ჰაერშივე იგრძნობა როგორ მატულობს სისხამ დილიდან ენერგეტიკა, თანდათან ფართოვდება მშვიდი, მოწესრიგებული, მაგრამ მიზანმიმართული, პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანების ნიაღვარი... ეს ენერგეტიკა მუდამ, თვით კრიზისის ფსკერზეც კი, იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოება არ გატყდა და აუცილებლად ამოვა ორმოდან. ამ დროს რა ხდება თბილისში? მუდმივი ზლაზვნა. ჩამქრალი თვალები. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „პიკის საათის“ არარსებობა. უფრო ზუსტად, მუდმივი „პიკის საათია“ და მანქანით ვერ გაივლი, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ნორმალური ქვეყნის ნორმალური დედაქალაქი“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ერთ-ერთი ავტორი თვლის, რომ „რუსეთი პროექტი არ არის, რუსეთი ბედისწერაა!!!“. სტატიის დასასრულს ის წერს: „უკრაინის მოვლენებმა ისიც დაგვანახვა, თუუ რეალურად რა ფასი აქვს ამერიკა-ევროპა-ნატოს მუქარებს - სამხედრო კომპონენტზე ხომ საუბარიც არ არის და სერიოზული სანქციების შემოღებასაც არ ჩქარობენ. კარასინ-აბაშიძის შევხედრებზე უარს, იქნებ, ის სჯობია, რომ რუსეთისავე „იარაღით“ ვეცადოთ აფხაზეთის პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტას, ანუ იქნებ, რუსეთთან იმაზე გვემუშავა, რომ გალში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, ჩავატაროთ ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი?“, - ეს „საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორის სიტყვებია.

„რეზონანსი“ წერს, რომ „საქართველომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მტკნარი წყლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ერთ-ერთი პირველი, სადაც დიდი რაოდენობით წყლის გატანა მოხდება, ირანი იქნება. ეს საკითხი სამთავრობათაშორისი უწყებების დონეზე უკვე გადაწყვეტილია. დრევანდელი მონაცემებით, ქვეყანას 18 მილიარდი კუბური მეტრი მტკნარი წყლის მარაგი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5%-ია ათვისებული.
„რეზონანსშივე“ წაიკითხავთ კიდევ ერთ ეკონომიკურ თემაზე: „სულ ტყუილი გამოდგა მთავრობის პროგნოზი, რომ ინფლაციის ზრდა ექსპორტის დიდ სტიმულირებას მოახდენდა. პირიქით, ექსპორტის ნაცვლად, იმპორტი წახალისდა და შთამბეჭდავადაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გაუარესდა“, - წერს „რეზონანსი“.
XS
SM
MD
LG