Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: დადგა დრო ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა


„დადგა დრო ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითიც გზას გაუხსნის ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თბილისში მიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის და ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებიც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივასა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ. „დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ თუ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს არ მისცემს წევრობის მკაფიო დაპირებას და პერსპექტივას, უკრაინის მსგავსი კრიზისი კვლავ თავს იჩენს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი კრიზისები უკონტროლო გახდეს და მთელი რეგიონი მოიცვას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის იყოს არა მხოლოდ ევროპის მეზობელი, არამედ ევროპული სამეზობლოს წევრი. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროპის სახელმწიფოთა ოჯახში დაბრუნებაა. „ევროპული იდეა, რომელსაც მხარს უჭერენ ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, უკვე საერთო ეროვნულ იდეად იქცა და ევროინტეგრაცია საქართველოსთვის შეუქცევადი პროცესია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ეტაპის ამოცანად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დროულად ხელმოწერა დაასახელა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ახლახან კვლავ დაუდასტურეს, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერება არაუგვიანეს ივნისისა. საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 27 მარტს გაიხსნა, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები და ბიზნესმენები მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG