Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი განიხილეს


გორის საკრებულოში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. განსაკუთრებით 4 დეპუტატი აქტიურობდა, რომლებიც ცდილობდნენ კოლეგები დაეთანხმებინათ, მხარი არ დაეჭირათ ადმინისტრაციული მოწყობის 1+5 ვარიანტისთვის. გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ადგილობრივმა საკრებულომ თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთი ან 5 თემის შექმნის საკითხს უყარა კენჭი. უმრავლესობამ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ფრაქცია „მამულიშვილის“ ხელმძღვანელი არჩილ საბიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში მალე ქაოსი დაიწყება. მისი აზრით, თვითმმართველობათა ადმინისტრაციებში კადრების შერჩევა მოხდება პარტიული ნიშნით, ძირითადად უმრავლესობის აქტივისტები დასაქმდებიან და დეცენტრალიზაციის ნაცვლად მივიღებთ ცენტრალიზებულ მმართველობას.

საკრებულოს წევრი იოსებ ხუროშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თვითმმართველობებს მეტი თავისუფლება მიეცეთ. გარდა ამისა, ახალ თვითმმართველ ერთეულებში ადგილობრივი კადრი შენარჩუნდება.

საკრებულოს მეორე წევრი კი, კობა ტლაშაძე, ამ ახალ მოდელში მეტ საფრთხეს ხედავს. მისი აზრით, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობა ვერ გაიგებს პრობლემების მოსაგვარებლად ვის უნდა მიმართოს.

საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ახალი მუნიციპალიტეტების შექმნა ხელს შეუწყობს თვითმმართველობის განხორციელებას უშუალოდ მოსახლეობის მონაწილეობით და დეცენტრალიზაციის პროცესს. დავით რაზმაძის აზრით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი ექნება, შესაძლებლობა მიეცემა მართვის პროცესში თავად მიიღოს მონაწილეობა.

დებატების დასრულების შემდეგ საკრებულომ აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარა. 25 წევრიდან 5 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს კომისიამ გადაწყვიტა, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიის წინაშე დაისვას საკითხი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული დასახლებებისგან ხუთი თვითმმართველი თემი შეიქმნას. ახლა თვითმმართველობის ექსპერტებს ის აინტერესებთ, ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა და პარლამენტი გაიზიარებს თუ არა. წინასწარი ინფორმაციით, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე მმართველ კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტია ქალაქის გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე ერთი მსხვილი მუნიციპალიტეტის შექმნას უჭერს მხარს. ამ ვარიანტს „ერთს პლუს ერთი“ ეწოდება.
XS
SM
MD
LG