Accessibility links

თავისუფლების დღიურები 2013

  • ნინო როდონაია

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

24 მარტს თბილისში, მწერლის სახლში, გაიმართა რადიო თავისუფლების დღიურების მერვე წიგნისა და მათი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.

თავისუფლების დღიურებს 8 წლის განმავლობაში უკვე 400-ზე მეტი ავტორი ჰყავს. 2013 წლის დღიურების პრეზენტაციისას რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ გაიხსენა 2005 წელი, როცა დღიურების იდეა 28-ვე სამსახურის გაერთიანებულ თათბირზე გააცნო რადიოს ხელმძღვანელებს. „ერთ-ერთი დიდი ქვეყნის რედაქციის ხელმძღვანელი მოვიდა თათბირის შემდეგ და მითხრა, არ გირჩევ ამ პროექტის დაწყებას, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და საინტერესო ხალხი 2-3 წელიწადში დამთავრდებაო. აგერ უკვე 8 წელი გავიდა, მეცხრე წელია მიმდინარეობს და ჯერ ბოლო არ უჩანს. დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უამრავი საინტერესო დღიური გველის“.

2013 წლის დღიურების ავტორთა არცთუ მცირე ნაწილმა დღიური პირველად სწორედ რადიო თავისუფლებისთვის დაწერა - მათ შორის, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ. როგორც თავად ამბობს, შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდა: „ჯერ ერთი, ძალიან კარგი ფორმატია. ყოველთვის ვცდილობ მოვუსმინო და წავიკითხო კიდეც. უცებ რომ აღმოჩნდა, რომ მეც მომისმენდნენ და წამიკითხავდნენ, მოულოდნელი იყო და პასუხისმგებლობით მოვეკიდე. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა“. ვახუშტი მენაბდე 2013 წლის 30 დეკემბრის ჩანაწერებს ამ სიტყვებით ასრულებს: „დღის ბოლოს მთავარი პროკურორი გადადგა“. 10 თვით ადრე კი არჩილ კბილაშვილმა თავისუფლების დღიური სწორედ საქართველოს მთავარი პროკურორის სტატუსით დაწერა და საპროგრამო თემაზე მუშაობას შეადარა.
ყველაზე მეტად მომწონს, რომ არის ქრონოლოგია. როდესაც ადამიანი დღეს აღწერს, სქოლიოში აღწერილია, თუ რა მოვლენები ხდება იმ დღეს. ასეთი გამოცემა საქართველოში არ არსებობს და უნიკალურია...
სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, აღმსარებლობის, ეროვნების და შეხედულების 52 ავტორის წიგნად გამოცემული დღიურების გარდა, მწერლის სახლში დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. უკვე რამდენიმე წელია დოკუმენტალისტი ანდრო ჭიაურელი ფილმებს თავისუფლების დღიურების საფუძველზე იღებს. პრემიერის შემდეგ ერთ-ერთმა ავტორმა, პედაგოგმა ინგა თეთრაძემ, აღნიშნა, რომ ფილმმა 2013 წლის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გაახსენა: „აი, ასე, მთლიანობაში, არის ძალიან საინტერესო მოსასმენი. თითქოს შენ თვალწინ გადის ისტორიის მთელი ერთი წელი“.

რადიო თავისუფლების დღიურებს და მათ საფუძველზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს ერთგვარ მემატიანედ მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია. მან დღიურები 2013 წლის იანვარში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებიდან ერთ კვირაში დაწერა: „ამ ცხელ გულზე მოხდა დღიურების დაწერა და პოლიტიზებული გამოვიდა, მაგრამ, გარკვეულწილად, მემატიანის ფუნქციასაც შეასრულებს. ინდივიდუალური კუთხით არის წარმოდგენილი თითოეული ადამიანის ცხოვრების ერთი მონაკვეთი და ეს საქართველოს ისტორიის ნაწილიცაა“. ვახტანგ მაისაიას თქმით, დღიურების დაწერა ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან „უამრავი ფიქრის კონტროლი და ლაკონიურად გადმოცემა რთული საქმე ყოფილა“.
პრეზენტაცია

პრეზენტაცია

„ერთადერთი, რამაც დღიურის წერის დაწყებამდე დამაფრთხო, ის იყო, თუ რამდენად საინტერესო და დატვირთული იქნებოდა უახლოესი ერთი კვირა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იურისტმა ნაზი ჯანეზაშვილმა და დასძინა, რომ ამ მხრივ გაუმართლა: „ყველაზე მეტად მომწონს, რომ არის ქრონოლოგია. როდესაც ადამიანი დღეს აღწერს, სქოლიოში აღწერილია, თუ რა მოვლენები ხდება იმ დღეს. ასეთი გამოცემა საქართველოში არ არსებობს და უნიკალურია“.

რადიო თავისუფლების დღიურები შარშან აპრილში დაწერა მერი დავითაშვილმა. ცნობილი კომპოზიტორი წელს თებერვალში გარდაიცვალა. დღიურების პრეზენტაციას მერი დავითაშვილის შვილიშვილი ნინო დოლიძე დაესწრო. „მერი სულ იძახდა, მე რა მწერალი ვარ, ვერ დავწერ და არ გამომივაო. არადა, ჰქონდა ძალიან ნატიფი და ბუნებრივი ქართული. სიცოცხლის ბოლომდე სულ კითხულობდა, იყო საქართველოს ისტორიის არაჩვეულებრივი მცოდნე, ფეხით ჰქონდა მოვლილი მთელი საქართველო. მოვლენებს ყოველთვის საღად აფასებდა. ძალიან აქტიური ქალი იყო და ძალიან თანამედროვე, მიუხედავად იმისა, რომ 90 წლის იყო. ეს ყველაფერი დღიურებში ძალიან ხალასადაა გადმოცემული. თითქოს ვესაუბრები და მიყვება, როგორც მიყვებოდა ყოველთვის. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მისი რამდენიმე დღის სიცოცხლე მაჩუქეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპოზიტორ მერი დავითაშვილის შვილიშვილმა ნინო დოლიძემ.
XS
SM
MD
LG