Accessibility links

logo-print

გაეროს რეზოლუცია და რეაქციები


გაეროს რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები

გაეროს რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“. რეზოლუციაში უკანონოდ ცხადდება ყირიმის რეფერენდუმი რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესრულება სავალდებულო არ არის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისაგან განსხვავებით, თუმცა ის მაინც ითვლება მნიშვნელოვნად, როგორც მსოფლიოში გავრცელებული პოზიციის გამოხატულება. 100-მა ქვეყანამ (მათ შორის, აშშ-მა, ევროკავშირის წევრებმა და საქართველომ) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ნიშნად. წინააღმდეგი იყო 11 - კერძოდ, რუსეთთან ერთად, სომხეთი, ბელორუსია, ბოლივია, კუბა, ჩრდილოეთი კორეა, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე. თავი შეიკავა 58-მა ქვეყანამ (მათ შორის, ჩინეთმა).

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, რეზოლუცია „კონტრპროდუქტიულია“ და მხოლოდ გაართულებს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. რუსეთის საგარეო უწყება დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს უკრაინის საქმეებში ჩარევაში და დაასკვნის, რომ რეზოლუციით დასავლეთი ცდილობს რუსეთს დააბრალოს უკრაინაში კრიზისული ვითარების შექმნა.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იზრდება და ძალიან ფართო და უფრო კონკრეტული ხდება. ბოლო რამდენიმე თვეა, ვგრძნობთ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. ეს მხარდაჭერა მოდიოდა სახელმწიფო მოღვაწეებისაგან და ახლა იქცევა კონკრეტულ ზომებად...

როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებულია რეზოლუციაზე უკრაინის რეაქცია: საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი დეშჩიციას შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე კენჭისყრის შედეგი აჩვენებს, რომ რუსეთი იზოლირებულია, რომ ქვეყნების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იზრდება და ძალიან ფართო და უფრო კონკრეტული ხდება. ბოლო რამდენიმე თვეა, ვგრძნობთ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. ეს მხარდაჭერა მოდიოდა სახელმწიფო მოღვაწეებისაგან და ახლა იქცევა კონკრეტულ ზომებად, როგორიც არის სანქციები ან რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელიც დღეს გვქონდა გაეროს გენერალურ ასამბლეაში“, - უთხრა დეშჩიციამ ხუთშაბათს რადიო „ამერიკის ხმას“ ნიუ-იორკში.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის უილიამ ჰეიგის შეფასებით, რეზოლუცია არის ძლიერი გზავნილი მოსკოვის მისამართით, რომ უბრალოდ ფეხით ვერ გათელავს საერთაშორისო სამართალს.
ევროკავშირი მკაცრად გმობს ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ და არ ცნობს მას...

ხუთშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა გაეროში აშშ-ის ელჩმა სამანტა პაუერმაც: „რეზოლუცია, რომელიც ჩვენ წინაშეა, ეხება ერთადერთ საკითხს - ეს არის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება უკრაინის სუვერენობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რეზოლუციის მეშვეობით, მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ფუნდამენტური პრინციპისადმი, რომ საზღვრები არ არის მხოლოდ პირობითობა“.

გაეროში ევროკავშირის ელჩმა თომას მაირ ჰარტინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის „უკანონო ანექსიას“.

„ევროპის კავშირი არ ცნობს ყირიმის უკანონო რეფერენდუმს, რომელიც აშკარად არღვევს უკრაინის კონსტიტუციას. ევროკავშირი მკაცრად გმობს ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას რუსეთის ფედერაციის მიერ და არ ცნობს მას. ევროპის კავშირს მტკიცედ სჯერა, რომ ადგილი არ არის ძალისა და იძულებისათვის ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ 21-ე საუკუნეში საზღვრების შესაცვლელად“, - განაცხადა გაეროში ევროკავშირის ელჩმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უკრაინის შესახებ რეზოლუციის მიღების დღეს ამ საკითხზე მორიგი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ: მისი თქმით, რუსეთს „მზარდი იზოლაცია“ მოელის უკრაინის კრიზისის გამო.
XS
SM
MD
LG