Accessibility links

გამოგონების მითვისება ივანიშვილის კომპანიის სახელით


(ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს)


ბატონო ბიძინა,
მოგახსენებთ, რომ თქვენი სახელის, ავტორიტეტის და ფინანსების გამოყენებით მოხდა ჩემი სამეცნიერო გამოგონებისა და მასზე დაფუძნებული ბიზნესმიზნების მოტყუებით წართმევა.
ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ,
ვარ 78 წლის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სამრეწველო ბიოეკოტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ უფროსი.
ჯერ კიდევ 1975 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს აგროქიმიისა და მელიორაციის ნიადაგმცოდნეობის კვლევით ინსტიტუტში ტორფკომპოსტების მიკრობიოლოგიურ გარდაქმნაზე. შემდეგ კვლევები განვაგრძე მიწათმოქმედების ინსტიტუტში, მცენარის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობაზე მიკრობთა სტიმულირების როლისგანსაზღვრაზე, რაც გახდა ჩემი საკანდიდატო დისერტაციის თემა. შემდგომ ვმუშაობდი კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში, სადაც სახელმწიფო დონეზე წარმატებით შესრულდა ორშტეინებით დანაგვიანებული ნიადაგების დაშლა-კულტივირება. ამ სამუშაოთა პროცესში შევქმენი მიკრობთა კოლექცია, რომელიც დეპონირებულია მოსკოვის საკავშირო მიკრობთა გენეტიკის ინსტიტუტში. ამას გარდა, ჩემს მიერ გამოყოფილი საწარმოო ბაქტერიული შტამებისა და ადგილობრივი ნედლეულის(ტორფი, მდინარის ლამი, მურანახშირი) უნიკალური სინთეზით შევქმენი ბაქტერიულ-ორგანულ-მინერალური სასუქი ,,ბომს“-ი და მისი წარმოების ტექნოლოგია.
2002 წელს გავიცანი პიროვნება თამაზ ღლონტი, რომელმაც შემომთავაზა ჩემი სასუქის წარმოების დაფინანსება საავტორო უფლებებების თანაბარი განაწილების პირობით, რაც განხორციელდა კიდეც 2003 წელს - პატენტი P 3464(,,ბაქტერიულ-ორგანულ-მინერალური სასუქი ,,ბომსი“ და მისი დამზადების ხერხი“). მაგრამ თამაზ ღლონტმა, რომელმაც ჩემი გამოუცდელობითა და გულუბრყვილობით მიითვისა საავტორო უფლებების ნახევარი წილი, არ შეასრულა თავისი პირობა - წლების მანძილზე დაუფინანსებელი დარჩა სასუქი ,,ბომს“-ის წარმოება. ამ დროის მანძილზე ლაბორატორიულმა და საველე ცდებმა, რომელიც 2002-2007 წლებში ტარდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში დაადასტურეს სასუქის ვარგისიანობა, ეფექტურობა და ეკოლოგიური მნიშვნელობა. პროგრამა მხარდაჭერილია საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ(2004წ. 09 ივლისის #02-2/9 691 წერილი), ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006(ბრძანება #2-164) და 2008 წლის(ბრძანება #213) ბრძანებების საფუძველზე სასუქი ,,ბომსი“ შესულია ბიოპროდუქციის წარმოების ნებადართული ნივთიერებების ნუსხაში.
2012 წლის თებერვლიდან თამაზ ღლონტმა დაგვაკავშირა შპს. ,,ელიტა ბურჯის“ დირექტორთან ბატონ თ.გვაზავასთან. საერთო შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა შპს.,,ელიტა ბურჯის“ ბაზაზე ჩემი მიკრობიოლოგიური სასუქის მცირე მაშტაბით წარმოება, მომავალში წარმოების გაფართოების მიზნით. პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ დავთანხმდი სასუქი ,,ბომსის“ წარმოების საავტორო უფლებების ნაწილი გადამეცა ბატონ თენგიზ გვაზავასთვის(იურიდიული მომავალი მფლობელი მისი შვილი), აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქპატენტის“ ბიუროში დაიწყო საავტორო უფლებების გაფორმების იურიდიული პროცედურა(განაცხადი #12955/01), რომელიც ამჟამად შეჩერებულია თანხის გადაუხდელობის გამო(ბრძანება#516/01. 2013.28.03).
თქვენს ავტორიტეტს მინდობილმა, მთელი ჩემი მიკრობთა კოლექციიით მივედი ,,ელიტა ბურჯში“ სამუშაოდ და ჩემს ჯგუფთან ერთად დავაარსე საველე მიკრობიოლოგიური ლაბორატორია. შპს,,ელიტა ბურჯის“ ბაზაზე, ჩვენს მიერ შექმნილ მიკრობიოლოგიურ საველე ლაბორატორიაში დამზადდა დაახლოებით 10 ტონა ბაქტერიული სასუქი, ცდები დავაყენეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა აგროკულტურაზე. მივიღეთ დადებითი შედეგები, რაც დადასტურებულია შპს ,,მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევებით. ამასთან, ჩვენი ბაქტერიული სასუქი გახდა მოთხოვნადი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ(გერმანია, ყაზახეთი, უკრაინა, იტალია).
ბატონმა თენგიზ გვაზავამ მოგვილოცა ჩვენი პროექტის თქვენს მიერ ორი მილიონი დოლარით დაფინანსება, რასაც მოჰყვა თ.გვაზავასა და თ.ღლონტს შორის უთანხმოება და შემდგომ ფარული გარიგება. ამ გარიგების საფუძველზე თ.გვაზავამ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მოიწვია მიკრობიოლოგი, რომელიც მთლიანად დაეუფლა ჩემს ლაბორატორიულ სამუშაოებს: ჩემს მიერ სასუქისთვის გამოყოფილ ბაქტერიულ შტამებს და საგანგებოდ ამ ბაქტერიებისათვის შექმნილ საკვებ არეს. ყოველივე ამის შემდეგ მოხდა ჩემი და ჩემი ჯგუფის წევრების დათხოვნა. ჩვენს წერილობით მოთხოვნაზე, ,,ელიტა ბურჯსა“ და პირადად თენგიზ გვაზავას უარი ეთქვა სასუქ ,,ბომსის“ წარმოებაზე, თ.გვაზავასაგან მივიღეთ ოფიციალური წერილობითი თანხმობა. მიუხედავად ამისა, ,,ელიტა ბურჯში“ დარჩნენ თამაზ ღლონტი და მოწვეული მიკრობიოლოგი, რომლებმაც ,,ელიტა ბურჯის“ დაფინანსებით განაგრძეს სასუქ ,,ბომს“-ზე მუშაობა, ხოლო ჩემი მრავალწლიანი დოკუმენტაციითა და პატენტით მინიჭებული საავტორო უფლების გამოყენებით მიიღეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს სერთიფიკატი.
გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოთ რეაგირება.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სამრეწველო ბიოეკოტექნოლოგიების
სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ უფროსი
ლამარა სახვაძე

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG